უკრაინა ადასტურებს, რომ რუსული სადესანტო ხომალდი, „ნოვოჩერკასკი“ განადგურებულია – ამის შესახებ უკრაინის საჰაერო ძალების სარდალმა, მიკოლა ოლეშჩუკმა ტელეგრამის არხზე დაწერა და გამოაქვეყნა ვიდეომასალა, სადაც ძლიერი აფეთქებების ხმა ისმის.
„რუსეთის შავი ზღვის ფლოტის ფლაგმანის, კრეისერ მოსკვას შემდეგ, ამჯერად სადესანტო გემი ნოვოჩერკასკი“ – წერს ოლეშჩუკი სოციალურ ქსელში.
უკრაინული მედია 26 დეკემბრის გვიან ღამიდან ავრცელებდა ინფორმაციას, რუსეთის მიერ ანექსირებულ ყირიმში, ფეოდოსიის რაიონში, ძლიერი აფეთქებების შესახებ. მოგვიანებით კი პორტში ხანძრის გაჩენის შესახებ გავრცელდა ცნობები.
რუსულ მედიას ჯერ არ გაუვრცელებია ინფორმაცია, სადესანტო ხომალდის აფეთქების შესახებ. კრემლის მიერ კონტროლირებადი მედია მხოლოდ ფეოდოსიაში შეტევისა და პორტში ხანძრის ლოკალიზების შესახებ წერს. ამ თემას ოფიციალური მოსკოვი ჯერ არ გამოხმაურებია.