კატეგორიები

მოსკოვი უკრაინის ენერგოინფრასტრუქტურაზე მასშტაბური დარტყმებით იმუქრება

მოსკოვი უკრაინის ენერგოინფრასტრუქტურაზე მასშტაბური დარტყმებით იმუქრება
მოსკოვი უკრაინის ენერგოინფრასტრუქტურაზე მასშტაბური დარტყმებით იმუქრება. რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ ეს უკრაინის მიერ რუსეთის ტერიტორიაზე თავდასხმებზე პასუხია. პარალელურად, კიევის მახლობლად საბრძოლო მასალების საწყობზე რუსეთის დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 38-მდე გაიზარდა.

„რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა უკრაინის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე მასშტაბური დარტყმებისთვის მზადება დაიწყეს. ამას მოსკოვი კიევის რეჟიმის მიერ რუსეთის სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე, საწვავისა და ენერგეტიკის ობიექტებზე  უწყვეტ თავდასხმებზე საპასუხო ზომად მიიჩნევს“, - წერს რუსეთის თავდაცვის სამინისტრო Telegram-ზე.

მოსკოვის მუქარა შიშს, რომ შესაძლოა გასული ზამთარი განმეორდეს, აძლიერებს. მაშინ მოსკოვის მიერ უკრაინის ელექტროსადგურებზე დარტყმებმა ქვეყნის ენერგოსისტემა მნიშვნელოვნად დააზიანა და მილიონობით ადამიანი ყინვაში გათბობისა და ელექტროენერგიის გარეშე დატოვა.

ბოლო თვეებში შორ მანძილზე იერიშები ორივე მხარემ გააძლიერა და სამიზნეებად საწყობები, ნავთობგადამამუშავებელი ქარხნები, პორტები და გემები აქცია. გაიზარდა მსხვერპლი მშვიდობიან მოსახლეობაში.

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ კვირას განაცხადა, რომ კიევის მახლობლად, ბუჩის რაიონის სოფელ მილაში, შაბათს საბრძოლო მასალების საწყობზე  დრონებით დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 38-მდე გაიზარდა. დაშავდა 20 ადამიანი, ოთხი კი კვლავ დაკარგულად ითვლება.

დარტყმის შედეგად გამოწვეული აფეთქებების გამო ცეცხლი მიმდებარე ტერიტორიაზეც გავრცელდა. ოფიციალური პირების განცხადებით, დაზიანდა დაახლოებით 50 შენობა და საჭირო გახდა 380-ზე ადამიანის ევაკუაცია.

ამავდროულად, რუსები აცხადებენ, რომ კვირას კიევში ცემენტისა და აზბესტის ქარხანას დაარტყეს და ამტკიცებენ, რომ ქარხნის საწყობებს ასაფეთქებელი ნივთიერებების შესანახად იყენებდნენ.

უკრაინის საჰაერო ძალების თანახმად, ერთ ღამეში რუსეთმა ორი „ისკანდერ-მ-ის“ ტიპის ბალისტიკური რაკეტა და სხვადასხვა ტიპის 130 დრონი გაუშვა.

თავის მხრივ, უკრაინამ რუსეთის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში მდებარე ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას დაარტყა.

ლენინგრადის ოლქში მდებარე კირიშის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა რუსეთში სიდიდით მეორე საწარმოა. მას წელიწადში დაახლოებით 20 მილიონი ტონა ნედლი ნავთობის გადამუშავება შეუძლია.

დაკავშირებული ამბები
მოსკოვი უკრაინის ენერგოინფრასტრუქტურაზე მასშტაბური დარტყმებით იმუქრება საფრანგეთი და ბრიტანეთი უკრაინას საჰაერო თავდაცვის პროექტის, Freya-ს გაწერილ გრაფიკს მიაწვდიან