კატეგორიები

საფრანგეთი და ბრიტანეთი უკრაინას საჰაერო თავდაცვის პროექტის, Freya-ს გაწერილ გრაფიკს მიაწვდიან

საფრანგეთი და ბრიტანეთი უკრაინას საჰაერო თავდაცვის პროექტის, Freya-ს გაწერილ გრაფიკს მიაწვდიან
საფრანგეთი და ბრიტანეთი უკრაინას სამხედრო დახმარების მიღების გრაფიკს უახლეს დღეებში გაუზიარებენ. უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით ევროპის მასშტაბით ინტეგრირებული საჰაერო და სარაკეტო თავდაცვის პროექტის, Freya-ს გაწერილ გრაფიკს პარტნიორები 7-10 დღეში მიაწვდიან.

კიევში ოფიციალური ვიზიტისას, ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ენდი ბერნჰემმა განაცხადა, რომ გაერთიანებული სამეფო უკრაინას შორი მანძილის რაკეტების შემუშავებაში, ბრიტანული გასაიდუმლოებული ინფორმაციის გაზიარებით დაეხმარება.

„გუშინ ორი ქვეყნისგან დადებითი პასუხი მივიღეთ. მე ნამდვილად მჯერა, რომ ამ ყველაფერს ჩვენი ქვეყნების ბიუროკრატია არ შეაფერხებს. ჩვენ დადებითი სიახლეები გვაქვს. ამ ყველაფერს მართლაც დადებით სიახლედ და მტკიცე გადაწყვეტილებად მივიჩნევ. წინ უნდა წავიწიოთ და განვსაზღვროთ, როდის მოხდება ეს ყველაფერი. ახლა, დადებითი პოლიტიკური გადაწყვეტილების შემდეგ, ტექნიკური გუნდები შეხვდებიან და გრაფიკს წარმოგვიდგენენ. გუშინ მიღებული გადაწყეტილებით Freya-ს გრაფიკი 7-10 დღეში გვექნება. გაწერილი იქნება თუ როდის შევხვდებით, სად ვაწყდებით დაბრკოლებებს, რომელ კომპანიასთან, რომელ ქვეყანასთან არსებობს შეფერხებები. ამას ყველა ძალიან სერიოზულად ეკიდება”, - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტმა განცხადება, კიევში ესტონეთის პრეზიდენტთან, ალარ კარისთან გამართული შეხვედრის შემდეგ ერთბობლივ პრესკონფერენციაზე გააკეთა. მისი განცხადებით რუსული აგრესია მხოლოდ ერთ ქვეყანას არ მოიცავს და რეგიონის ქვეყნები ამ აგრესიის წინააღმდეგ უნდა გაერთიადნენ.

„უკრაინასა და ესტონეთს საერთო ხედვა აქვთ, რომ რუსეთის ფედერაციის აგრესია ჩვენი რეგიონის რომელიმე სახელმწიფოს წინააღმდეგ ყოველთვის ნიშნავს პოტენციურ აგრესიას მისი ნებისმიერი მეზობელი ქვეყნის წინააღმდეგ. აგრესია მხოლოდ ერთი ქვეყანით არასოდეს მთავრდება. ამიტომ, ყველა ჩვენგანს უნდა შეეძლოს საკუთარი თავის დაცვა და ეს ერთობლივი ძალებით უნდა შევძლოთ. ჩვენ ალიანსები უნდა განვავითაროთ. ახლა სწორედ ამას ვაკეთებთ”, - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

ესტონეთის პრეზიდენტმა კი უკრაინას მხარდაჭერა კიდევ ერთხელ გამოუცხადა და განაცხადა, რომ ტალინი მზადაა უკრაინას ბალისტიკური რაკეტების საწინააღმდეგო რაკეტების მოპოვებაში დაეხმაროს.

„ესტონეთი ყველაფერს აკეთებს იმის უზრუნველსაყოფად, რომ უკრაინამ რაც შეიძლება მალე მიიღოს დამატებითი რაკეტსაწინააღმდეგო რაკეტები. მეორე, ამჟამად ჩვენ არ გვაქვს შესაძლებლობა, თავად ვაწარმოოთ ისინი და პირდაპირ უკრაინას მივაწოდოთ, მაგრამ ჩვენს ხელთ არსებულ ყველა დიპლომატიურ საშუალებას ვიყენებთ, რათა უზრუნველვყოთ, რომ ბალისტიკური რაკეტები აღარ დაესხას თავს მშვიდობიან მოსახლეობასა და ინფრასტრუქტურას. ესტონეთი უკრაინასთან თავდაცვის ინდუსტრიაში თანამშრომლობის გაძლიერებას ცდილობს. ჩვენს თავდაცვის ინდუსტრიებს ერთმანეთისთვის ბევრი რამის შეთავაზება შეუძლიათ და ჩვენ, ესტონეთს, ბევრი რამის სწავლა შეგვიძლია უკრაინისგან. ჩვენი მთავარი ყურადღება მიმართულია შეიარაღების სისტემებისა და თავდაცვითი შესაძლებლობების ერთობლივ წარმოებაზე. ჩვენი შეთანხმება დრონების შესახებ ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი ნაბიჯია“, - განაცხადა ესტონეთის პრეზიდენტმა.

უკრაინის საჰაერო თავდაცვის სისტემების გაძლიერების საკითხზე უკრაინის პრეზიდენტმა მოლაპარაკებები გამართა ევროპელ ლიდერებთან, რომლებიც უკრაინის დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით კიევში იმყოფებოდნენ. დიდი ბრიტანეთის ახლად არჩეულ პრემიერ-მინისტრთან, ენდი ბერნჰემთან გამართული ორმხრივი შეხვედრის შემდეგ, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ბრიტანეთი მზადაა დაეხმაროს უკრაინულ პროექტს, რომელიც ამერიკული წარმოების „პეტრიოტის“ ტიპის საჰაერო თავდაცვის სისტემების დაბალფასიანი ალტერნატივის წარმოებას ითვალისწინებს. ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, რომელიც თანამდებობის დაკავების შემდეგ პირველი ოფიციალური ვიზიტით სწორედ კიევში იმყოფებოდა, განაცხადა, რომ ის ბრიტანულ ინდუსტრიას მოუწოდებს უკრაინას საჰაერო თავდაცვის სისტემების წარმოებაში დაეხმაროს, რათა ეს სისტემები უკრაინას სასწრაფოდ სჭირდება. ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა კიევში გამართულ „მსურველთა კოალიციის“ შეხვედრას უხელმძთვანელა, სადაც პარტნიორ ქვეყნებს მოუწოდა, ვაშინგტონს რუსეთის წინააღმდეგ უფრო მკაცრი სანქციების დაწესება მოსთხოვონ და მოსკოვზე ზეწოლა გაზარდონ, რომ რუსეთი იძულებული გახდეს სამშვიდობო მოლაპარაკებებში მიიღოს მონაწილეობა.

დაკავშირებული ამბები
საფრანგეთი და ბრიტანეთი უკრაინას საჰაერო თავდაცვის პროექტის, Freya-ს გაწერილ გრაფიკს მიაწვდიან ლონდონი კიევს Storm Shadow რაკეტების წარმოებისთვის საიდუმლო ინფორმაციას გადასცემს