ირანმა იორდანიაში მდებარე ამერიკულ სამხედრო ბაზებზე ბალისტიკური რაკეტები გაუშვა. ირანის სახელმწიფო ტელევიზიის მიერ გავრცელებულ კადრებში, შეერთებული შტატების ბაზების მიმართულებით რაკეტების გაშვებაა ასახული. თეირანის განცხადებით, ეს ამერიკული თავდასხმების საპასუხო ოპერაცია იყო.
ამავე დროს, შეერთებულმა შტატებმა ბოლო ერთი თვის განმავლობაში პირველად მიიტანა იერიში ირანის წინააღმდეგ. ამერიკულმა ძალებმა ჰორმუზის სრუტესთან ირანული სარაკეტო დანადგარები დაბომბეს.
აშშ-ის ცენტრალური სარდლობის წარმომადგენლის, ტიმ ჰოკინსის განცხადებით, ირანის რევოლუციური გვარდიის ძალები სრუტეში რაკეტებისა და საზღვაო ნაღმების განთავსებისთვის ემზადებოდნენ. გასულ კვირას ამერიკელმა სამხედროებმა ჰორმუზის სრუტის საერთაშორისო სანაოსნო მარშრუტების ნაღმებისგან გაწმენდა დაასრულეს.
სამხედრო ესკალაცია მხოლოდ რამდენიმე დღეში განახლდა მას შემდეგ, რაც დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ ირანთან ომის დასრულებას ეკონომიკური ზეწოლის გაძლიერებით და არა ახალი სამხედრო ოპერაციებით შეეცდებოდა.
