კატეგორიები

მძიმე სასკოლო ჩანთის ტარება ჯანმრთელობის პრობლემებს იწვევს

მძიმე სასკოლო ჩანთის ტარება ჯანმრთელობის პრობლემებს იწვევს
ევროპის მასშტაბით აქტიურად მიმდინარეობს მზადება ახალი სასწავლო წლისთვის. ზოგიერთ სახელმწიფოში პირველი ზარი უკვე დაირეკა, ზოგიერთ ქვეყანაში კი სკოლის კარი უახლოეს დღეებში გაიღება.

წელიწადის ამ დროს, ტრადიციულად, დღის წესრიგში დგება მოსწავლეთა ფიზიკური ჯანმრთელობის საკითხი, რაც ხშირად დამოკიდებულია მათ სასკოლო ჩანთებზე.

ექსპერტების თქმით, ამ თემას მშობლებმა განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციონ, რადგან ჩანთის შერჩევისას აქცენტი არ უნდა გაკეთდეს მხოლოდ მის სტილზე, არამედ გათვალისწინებული უნდა იყოს, რამდენად დიდ დატვირთვას ახდენს აქსესუარი ბავშვისა თუ მოზარდის ხერხემალზე.

სპეციალისტები განსაკუთრებული ყურადღების მიქცევას ურჩევენ იმ მოსწავლეების მშობლებს, რომლებიც სკოლის გარდა, სხვა გარეშე აქტივობებით არიან დაკავებული და უწევთ დიდი დროით ქვეითად გადაადგილება არამხოლოდ სასწავლო წიგნებით, არამედ ციფრული გაჯეტებით, სპორტული ინვენტარით, მუსიკალური ინსტრუმენტებით ან სხვა კლასგარეშე ნივთებით.

საგულისხმოა ისიც, რომ ექსპერტები ერთ გარემოებაზე საუბრობენ - წინა წლებთან შედარებით, ახლა საშუალო სტატისტიკური მოსწავლის ჩანთა უფრო მსუბუქი გახდა, რისი მიზეზიც არის სასწავლო პროცესში ციფრული კომპონენტის ჩართვა - ანუ, ზოგიერთ შემთხვევაში წიგნი პლანშეტით ან ნოუთბუქით შეიცვალა.

ამის მიუხედავად, მათივე თქმით, მოზარდის ჩანთაში ახლა დიდ ადგილს იკავებენ გაჯეტებისთვის აუცილებელი აქსესუარები, წყლის ბოთლი, სადილის კონტეინერი ან სპორტული ტანსაცმელი. ცალკე აღებული ეს ნივთები, შესაძლოა, არ ჩანდეს მძიმე, მაგრამ მათი ერთობლიობა მოსწავლის ხერხემალს უკვე ტვირთად აწვება.

პედიატრიის ამერიკული აკადემიის თანახმად, იმის დასადგენად, რამდენად მძიმეა ბავშვისთვის ჩანთის ტარება საჭიროა დაკვირვება, რამდენად გადახრილია მისი სხეული წინ, წონასწორობის შესანარჩუნებლად, ასევე, უჭირს თუ არა მას ფეხით გადაადგილება.

ექსპერტები ამბობენ, რომ ჩანთა დატვირთული იყოს ბავშვის ფიზიკური მონაცემების პროპორციულად, ამიტომ აქ ინდივიდუალური მიდგომაა საჭირო, ხოლო მშობელმა, ჩანთის შერჩევისას, ყურადღება უნდა მიაქციოს მის დამჭერებს და ელემენტარული დატვირთვის დროსაც, რამდენად მჭიდროდ არის აქსესუარი ზურგთან.

სპეციალისტების თქმით, მშობლის პასუხისმგებლობაცაა, აკონტროლოს, რამდენად საჭირო და გადაუდებლად აუცილებელ ნივთებს ათავსებს ბავშვი ჩანთაში და ხომ არ მიაქვს სკოლაში ისეთი რამ, რაც იმ დღისთვის არ სჭირდება.

დაკავშირებული ამბები
მძიმე სასკოლო ჩანთის ტარება ჯანმრთელობის პრობლემებს იწვევს ქრონიკული ფინანსური სტრესი ტვინის დაბერებას აჩქარებს და დემენციის რისკებს ზრდის - კვლევა