გასულ მარტში, ჩინეთის კვლევების მერკატორის ინსტიტუტში სიტყვით გამოსვლის დროს ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა, რომ ევრობლოკს სურს საკუთარი ეკონომიკის ჩინეთზე დამოკიდებულების შემცირება.
ევროკომისიის პრეზიდენტის გამოსვლის შემდეგ, ევროკავშირმა დაამტკიცა რისკების შემცირების სტრატეგია. თუმცა საინტერესოა, მაინც როგორ უნდა განხორციელდეს იგი, მაშინ როცა ევროპა ძლიერ არის დამოკიდებული ჩინეთის იმპორტზე? ან რას ნიშნავს, ეკონომიკური რისკების შემცირების სტრატეგია ევროპისა და მისი ინდუსტრიისთვის? არის თუ არა ეს სწორი მიდგომა უფრო სტაბილური და გამძლე ეკონომიკური გარემოს შესაქმნელად?
ამ კითხვებზე პასუხების საპოვნელად საფრანგეთში ექსპერტებსა და ტექნოლოგიურ კომპანიებს შევხვდი.
პარიზში საერთაშორისო ურთიერთობათა ფრანგული ინსტიტუტის (IFRI) აზიური კვლევების ცენტრის მკვლევარი ჯონ სიმანი მიმდინარე არამდგრად გეოპოლიტიკურ ვითარებაზე მიგვითითებს:
„იმის გათვალისწინებით, რომ ფართო სტრუქტურულ რეფორმებს ვატარებთ, განსაკუთრებით ნულოვანი გამონაბოლქვისა მქონე და ციფრული საზოგადოებისკენ მიმავალ გზაზე, ირკვევა, რომ სულ უფრო მეტად ვხდებით დამოკიდებული ისეთ ქვეყნებზე, რომლებიც სულ უფრო მეტად უნდათ ამ დამოკიდებულების მართვის იარაღად ქცევა, იმ ფონზე, როცა გლობალურ დონეზე ვითარება უფრო კონფლიქტურია. ამიტომ როდესაც ჩვენ ენერგეტიკულად გარდამავალ ეტაპზე ვართ და ელექტრომობილებისკენ, მზისა და განახლებადი ენერგიებისკენ მივდივართ, ირკვევა, რომ ჩვენი მოწოდების მრავალი ჯაჭვი ფაქტობრივად მხოლოდ ერთ წყაროს ეყრდნობა, განსაკუთრებით ჩინეთს.“
ევროკავშირი მეტისმეტად არის დამოკიდებული სხვა ქვეყნებზე კრიტიკული მნიშვნელობის მქონე ნედლეულის კუთხით, რომელსაც იყენებენ მაგალითად ტელეფონების, ელექტრომობილების ან ნახევრადგამატრების წარმოებისთვის. მაგალითად ჩინეთიდან მოდის იშვიათმიწა ელემენტების 100 პროცენტი, თურქეთიდან შემოდის ბორის 98 პროცენტი, სამხრეთ აფრიკიდან კი – პლატინის 71 პროცენტი.
„ახლა საკითხავი ის არის, როგორ უნდა შერბილდეს ამ დამოკიდებულებასთან დაკავშირებული რისკები. როგორ უნდა მოელაპარაკო ჩინეთს ისე, რომ ჩინეთმა არ სცადოს თავის ბიზნესის მართვის რესურსების ევროპის ინტერესების საწინააღმდეგოდ გამოყენება?“, – ამბობს ჯონ სიმანი.
რას წარმოადგენს ევროპის ეკონომიკური უსაფრთხოების გაძლიერების სტრატეგია? თვალი გადავავლოთ მოკლე სტატისტიკას.
ევროპის გეგმა, შეამციროს ეკონომიკის დამოკიდებულება ჩინეთზე, რუსეთსა და სხვა ქვეყნებზე ოთხ ძირითად პუნქტს მოიცავს:
პირველ რიგში ინდუსტრია უნდა გახდეს უფრო კონკურენტუნარიანი და მედეგი.
ეს ნიშნავს ციფრული, მწვანე და ჯანდაცვის ტექნოლოგიების წახალისებას, ასევე სხვა ლითონების მიწოდების დივერსიფიკაციას.
მეორე საყრდენია არსებული სავაჭრო რეგულაციების გაუმჯობესება.
ევროპას სურს, რომ თავიდან აირიდოს ბაზრებზე უსამართლო კონკურენცია და შეამციროს ისეთი ტექნოლოგიების უსაფრთხოების რისკები, როგორიცაა 5G (5 ჯი).
მესამე საყრდენია კრიტიკული სექტორების დაცვა, როგორიცაა კვანტური კომპიუტერები, რობოტები თუ ხელოვნური ინტელექტი.
ევროკავშირში სურთ დარწმუნდნენ, რომ მათი ექსპერტული ცოდნა არ იქნება გამოყენებული მეტოქეების სამხედრო ან დაზვერვის პოტენციალის გასაფართოებლად.
მეოთხე საყრდენია თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებების შეძლებისდაგვარად გამოყენება ისეთ ქვეყნებთან, როგორებიცაა ავსტრალია, მექსიკა და ჩილე. ამის მიზანია მოწოდების ჯაჭვებისა და ვაჭრობის დივერსიფიცირება.
რამდენად შეესაბამება ეს ამბიციები ინდუსტრიული სექტორის ამბიციებს?
ემილი ჟოლივეტი ლიონში მოქმედი კომპანიის Yole Group-ის ნახევარგამტარების, მეხსიერებისა და კომპიუტერული განყოფილების დირექტორია. ეს საკონსულტაციო კომპანია ნახევარგამტარების ინდუსტრიასთან მუშაობს გლობალურ დონეზე – რომელიც გლობალური ეკონომის ერთ-ერთი ყველაზე სუსტი წერტილია.
„ჩვენს კლიენტებს შორის ბევრი ცდილობს კონტროლის ისევ ხელში აღებას, განსაკუთრებით დაფასოების კუთხით, რომელიც ძალიან არის დამოკიდებული ჩინეთსა და ტაივანზე და ცდილობენ ეს მიმართულება მაგალითად სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში გადმოიტანონ,“ – განმარტავს ემილი ჟოლივეტი. „უნდა ითქვას, რომ ნახევარგამტარების ინდუსტრიას, რომელიც 600 მილიარდ დოლარად არის შეფასებული, ზედმიწევნით აკონტროლებს ხელისუფლება, რომელიც ყველაფერს აკეთებს რაც შეუძლია, რათა შეინარჩუნოს ტექნოლოგიურ რბოლაში თავისი ადგილიც და შემოსავლებიც.“
ამიტომ ევროკავშირმა აამოქმედა „ევროპის ჩიპების აქტი“, რომელიც მიზნად ისახავს 2030 წლისთვის გლობალურ ბაზარზე წარმოების პოტენციალის 20 პროცენტით გაზრდას.
„ჩვენ არ შეგვიძლია დავარღვიოთ მოწოდების ჯაჭვები, რომლებიც ძალიან კომპლექსურია და რომლებშიც კომპონენტების ხარჯი ძალიან მნიშვნელოვანია. ევროკავშირის მიერ 43 მილიარდი ევროს ინვესტირება ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯია. ეს არ იქნება საკმარისი სრული ავტონომიის მისაღწევად ნახევარგამტარებში, მაგრამ ეს არის პირველი ნაბიჯი ამ ინდუსტრიის სრულად და ხელახლა ასათვისებლად“, – ამბობს ემილი.
საფრანგეთი თავისი განახლებული ინდუსტრიალიზაციის სტრატეგიით, ხელახლა ადგენს მიწოდების ჯაჭვებს, განსაკუთრებით ნახევარგამტარებისა და ბატარეების მიმართულებით.
გრენობლის ინდუსტრიულ ტერიტორიაზე მდებარეობს საფრანგეთის ალტერნატიული ენერგიებისა და ბირთვული ენერგიის კომისიის CEA-ის ერთ-ერთი ცენტრი. ეს კვლევითი ცენტრი ინოვაციურ პროექტებს ახორციელებს ინდუსტრიის ღირებულებათა ჯაჭვში.
მსოფლიო ბანკის პროგნოზით, მწვანე ტექნოლოგიებზე გადასვლასთან დაკავშირებით მოსალოდნელია რომ 2050 წლისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვან ნედლეულზე მოთხოვნა 500 პროცენტით გაიზარდოს. ეს ნედლეული არის მომავლის ისეთი ინდუსტრიების ბირთვი, როგორიცაა ელექტრომობილები – განმარტავს ექსპერტი სიმონ პეროდი.
სიმონ პეროდი, CEA-ის დირექტორის მოადგილე:
„თუ საფრანგეთსა და ევროპაში ბატარეების ინდუსტრიულ ღირებულებათა ჯაჭვს არ გავაკონტროლებთ, მაშინ საფრანგეთი და ევროპა ვეღარ გააკონტროლებენ მომავალში თავის ენერგო-სისტემას. ამჟამად ღირებულებათა ჯაჭვის სხვადასხვა სეგმენტებში წარმოების პოტენციალის ნახევარზე მეტს ჩინეთი ფლობს. ამ დარგში ძლიერი კონკურენციაა, ამიტომ მთელი ინდუსტრიული სისტემის მხარდაჭერისთვის მნიშვნელოვანია ინვესტიციებისა და კვლევების გაგრძელება და განვითარება. მაგალითად, ელექტრომობილების ავტონომიის გაფართოება იმის ხარჯზე, რომ ბატარეებში უფრო ნაკლებად გამოიყენონ კრიტიკული ნედლეული, განავითარონ ბატარეების გადამუშავების პროცესი, რათა მეტი ნივთიერება ამოიღონ. და ეს ყველაფერი უფრო დაბალ ფასად.“
ბატარეების წარმოება უფრო ნაკლები კრიტიკული ნედლეულის გამოყენებით არის პარიზში დაფუძნებული დამწყები კომპანია Olenergie-ის მიზანი. ამ სტარტაპში ისეთ ლითიუმ-რკინა-ფოსფატის ბატარეებს ავითარებენ, რომლებიც არ შეიცავს კობალტსა თუ მარგანეცს და რომლებიც განახლებადი ელექტროენერგიის მასობრივი დაგროვებისთვის გამოიყენება.
ჟულიენ ლე გენეცი, Olenergies-ის ხელმძღვანელი და დამფუძნებელია:
„ჩვენ ვარჩევთ ისეთ ნედლეულს, რომლის შოვნაც თითქმის ყველგან შეიძლება პლანეტაზე და რომელიც ადვილად გადამუშავდება. ეს საშუალებას მოგვცემს ისეთი ბატარეები ვაწარმოოთ, რომლებიც დიდხანს იქნება ექსპლუატაციაში, ოთხჯერ მეტხანს ვიდრე ჩვეულებრივი ლითიუმის ბატარეა და რომლებიც ყველაფერთან ერთად ციფრულ ოპტიმიზაციას ექვემდებარებიან.“
ამ ნაკლებად მძლავრი მაგრამ ეკომეგობრული ბატარეების ადაპტაცია ხელოვნური ინტელექტის დახმარებით ხდება, ისინი 20 პროცენტით უფრო ძვირია ჩინეთიდან შემოტანილებთან შედარებით. ბატარეების უაღრესად კონკურენტულ ბაზარზე თავი რომ დაიმკვიდროს, აუცილებელია ბატარეების დიდი რაოდენობით და სწრაფად წარმოება.
„ბატარეების ბაზარი და ინდუსტრიალიზაცია გლობალური რბოლაა. და ამ რბოლაში ჩვენც ვართ ჩართული. ეს არის კონკურენცია ინვესტიციისთვის, ტექნოლოგიური გარღვევისთვის, რათა ტექნოლოგიური განვითარება დამოუკიდებლად და სტაბილურად შევძლოთ,“ – განმარტავს ჟულიენი.
ამ კომპანიის ამბიციაა 2026 წლისთვის პირველი მძლავრი ქარხანა გახსნან, მოახდინონ წარმოების ჯაჭვის დივერსიფიცირება, წარმოება მოხდეს ევროპაში და თან არ შეწყდეს ციფრულ და მწვანე პლატფორმაზე გადასვლა. ჯონ სიმანი მიგვითითებს, რომ ამ სტრატეგიას თავისი ფასი აქვს:
„მოწოდების ჯაჭვის დივერსიფიცირება ნამდვილად შეიძლება, მათ შორის ევროპაში წარმოების გამართვაც. არსებობს მაღაროები აქ ევროპაში, შვედეთში მაგალითად. მაგრამ ამ ყველაფერს დიდი ფული, ინვესტიცია და დროს სჭირდება. ძალიან გრძელი მოწოდების ჯაჭვია ხელახლა ასაწყობი. ეს აუცილებლად აისახება უფრო მაღალ ფასებსა და ინფლაციაში, რადგან ამის ევროპაში გაკეთება უფრო ძვირი ჯდება ვიდრე სხვაგან, განსაკუთრებით ჩინეთში.“
ავტორი: ფანი გორე