სომხეთი 35-წლიანი დამოუკიდებლობის ისტორიაში ყველაზე მნიშვნელოვანი საპარლამენტო არჩევნების მოლოდინშია.
კენჭისყრის დღემდე შიდა და საგარეოპოლიტიკურ გზაგასაყარზე მყოფ ქვეყანაში აფასებენ საარჩევნო პროცესში მონაწილე 18 აქტორის შანსებს, რისთვისაც ერთ-ერთი საუკეთესო მეთოდოლოგია არის საზოგადოებრივი აზრის კვლევა.
ადგილობრივი სოციოლოგიური გამოკითხვის შედეგების მიხედვით, სომხეთის მოქმედი პრემიერ-მინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის პარტია „სამოქალაქო კონტრაქტი“ 65%-ით ლიდერობს, რითაც აქვს შესაძლებლობა, მომდევნო მოწვევის პარლამენტში საკონსტიტუციო უმრავლესობა მოიპოვოს.
ანალიტიკოსების შეფასებით, ასეთი მაჩვენებელი განსაკუთრებით მრავლისმთქმელია იმ ფონზე, როდესაც ოპოზიციური ფლანგი გახლეჩილია და ფაშინიანის კონკურენტებიდან არც ერთს არ აქვს 12%-იანი მხარდაჭერა.
თუკი წინასწარი გამოკითხვები მართლაც აისახება საპარლამენტო არჩევნების ოფიციალურ შედეგებზე, ეს სცენარი მძიმე დარტყმა იქნება კრემლისთვის.
მოსკოვი ვეღარ მალავს, რომ ერევნის პოლიტიკური ხელმძღვანელობის მიერ აღებული გეზი მისთვის არასასურველია, რასაც ადასტურებს ვლადიმერ პუტინის მიერ 29 მაისს, ასტანაში გაკეთებული გამაფრთხილებელი განცხადება სომხეთის მისამართით.
„ეს უკვე არაერთხელ მიხსენებია: ოდესღაც უკრაინაში კრიზისი დაიწყო უკრაინის ევროკავშირთან მიერთების მცდელობებით. ჩვენ არ ვყოფილვართ წინააღმდეგი, თუმცა ვამბობდით: მოგვისმინეთ, მაგალითად, ფიტოსანიტარული ნორმები აბსოლუტურად განსხვავებულია. ეს გულისხმობს ბაზარზე წვდომას. რუსეთში ჯერ კიდევ საბჭოთა დროიდან ფიტოსანიტარული ნორმები ბევრად უფრო მკაცრია, ვიდრე ევროპაში და ეს წესი მოქმედებს ევრაზიული კავშირის წევრ ქვეყნებზეც. ახლა აქტიური ინვესტირების საკითხი…
ევრაზიული კავშირის ბანკის მონაცემებით, სომხეთში დაგროვილი ინვესტიციის მაჩვენებლია 4 მილიარდ 900 მილიონი ამერიკული დოლარი, მათგან 86% რუსული წარმოშობისაა. ერევანში ევროპარტნიორების შეხვედრის შემდეგ, ისინი სომხეთს დაპირდნენ 2 მილიარდ 500 ევროს ინვესტიცია ჩადონ - ეს მაინც ნაკლებია, ვიდრე 4.9 და პლუს რუსული კაპიტალიდან არაპირდაპირი ინვესტიციები.
რაც შეეხება „თავისუფალი ვაჭრობის შესახებ“ შეთანხმებებს. ისინიც გაუქმდება. და ეს სადამდე მიგვიყვანს?
პირველი - სრულმასშტაბიან საბაჟო კონტროლამდე და საბაჟო გადასახადებამდე. უნდა დაითვალოთ, რას ნიშნავს ეს.
მეორე - ეს გულისხმობს ტექნიკური რეგულირებისა და ფიტოსანიტარული ნორმების სფეროებში დოკუმენტების აღიარებს. სოფლის მეურნეობის პროდუქციაზე ჩვენს ბაზარზე მოდის და მაშინ ჩვენ შევწყვეტთ ამ ნორმების აღიარებს. შეიძლება ვაღიარებთ, შეიძლება - არა. უნდა შევხედოთ. მაშ, სად წავა ეს საქონელი, მაგალითად, ღვინო? - ესპანეთში? საფრანგეთში? იტალიაში? პორტუგალიაში? სად? - ამასაც უნდა დაუფიქრდნენ…“ - განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა.
ამას გარდა, ვრცელ განცხადებაში, ვლადიმერ პუტინი დაიმუქრა სომხეთისთვის დამატებითი გადასახადების დაწესებით, ბუნებრივ აირსა და ენერგორესურსებთან დაკავშირებული შეთანხმებების გაუქმებითა და სხვა შედეგებით, რაც მოსალოდნელია იმ შემთხვევაში, თუ ერევანი განაგრძობს ევროსტრუქტურებისკენ სწრაფვას.
ამასთანავე, არამხოლოდ პუტინის, არამედ ზოგადად რუსული მხარის მსგავს განცხადებებს მოჰყვება მტკიცება იმის თაობაზე, რომ სომხეთის საგარეო კურსი მისი ხელისუფლებისა და სომეხი ერის გადასაწყვეტია და რომ, თითქოს მოსკოვი „პატივს სცემს მათ არჩევანს“.
განცხადებების გარდა, დასავლური სადაზვერვო სამსახურებისგან მიღებული დოკუმენტების მიხედვით, რომლებსაც სააგენტო Reuters-ი გაეცნო, კრემლი აქტიურად ცდილობს, სომხეთის საპარლამენტო არჩევნებში სხვადასხვა გზით ჩარევას.
მასალების თანახმად, მათ შორისაა ნიკოლ ფაშინიანის მოწინააღმდეგე, რუსეთში მცხოვრებ 2 მილიონზე მეტ ეთნიკურ სომეხ ამომრჩეველთა მობილიზება და მათი გადაყვანა სომხეთის სხვადასხვა რეგიონში არჩევნების მისაღებად, ასევე ე.წ. „ბოტების“ დახმარებით მოქმედი ხელისუფლების საწინააღმდეგო კამპანიის ამოქმედება სოციალურ ქსელებში და ვებგვერდების შექმნა, სადაც გავრცელდება ფაშინიანის მთავრობის საწინააღმდეგო მასალები.
ამავდროულად, ცნობილია, რომ სომხეთის მოქმედი მთავრობის ძირითადი მეტოქე ოპოზიციური ძალა არის პრორუსულად განწყობილი და მას კრემლი აქტიურად ლობირებს.
საუბარია პარტიაზე „ძლიერი სომხეთი“, რომელიც დაპატიმრებულ ოლიგარქს, სამველ კარაპეტიანს ეკუთვნის - მასზე კი ვლადიმერ პუტინმა ნიკოლ ფაშინიანს არაერთხელ მიანიშნა მიმდინარე წლის 1-ელ აპრილს, კრემლში მიღებისას.
მოსკოვისთვის განსაკუთრებით შემაშფოთებელი აღმოჩნდა სომხეთში ბოლო დროს განვითარებული პროცესები, რითაც აშკარა გახდა პოსტსაბჭოთა სამხრეთკავკასიური ქვეყნის საგარეო კურსის ცვლილება.
გარდა იმისა, რომ ერევანმა საკანონმდებლო დონეზე მიზნად დაისახა ევროკავშირისკენ სწრაფვა, მაისში მან უმასპინძლა მსოფლიოს 50-მდე ლიდერს, მათ შორის უკრაინის პრეზიდენტს, საუბარი კი რუსულ აგრესიულ პოლიტიკაზე წარიმართა, რაც მოსკოვისთვის წლების წინ ყველაზე ცუდ სცენარშიც კი წარმოუდგენელი იყო.
არჩევნებამდე თითქმის 2 კვირით ადრე სომხეთს ეწვია აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, თეთრი სახლის ლიდერმა კი ნიკოლ ფაშინიანს სრული მხარდაჭერა გამოუცხადა.
სწორედ დონალდ ტრამპის შუამავლობით აზერბაიჯანთან გაფორმებული მშვიდობის ბოლომდე მიყვანასა და საბოლოო დიპლომატიური კავშირების აღდგენას შეძლებს ნიკოლ ფაშინიანი ბაქოსთან, საპარლამენტო არჩევნებში დამაჯერებელი გამარჯვების შემთხვევაში.
საგულისხმოა, რომ წინასაარჩევნო კამპანიისას, ნიკოლ ფაშინიანი არიგებს სომხეთის რუკის მინიატიურულ მოდელებსა და რუკის ფორმის გულსაბნევებს, რომლებზეც სომხეთის ტერიტორია, მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში, მთიანი ყარაბაღის გარეშეა, რაც ბაქოსთან კავშირების გაღრმავებას მეტად შეუწყობს ხელს.
