ისრაელის სამხედრო ძალებმა სამხრეთ ლიბანში მდებარე სტრატეგიული მნიშვნელობის ქედი - ციხესიმაგრე ბოფორი დაიკავეს. ისრაელის არმიის განცხადებით, ეს ლიბანის ტერიტორიაზე ჩატარებული ყველაზე მასშტაბური სახმელეთო ოპერაციაა 25 წელზე მეტი ხნის განმავლობაში.
ნაბათიეს მახლობლად მდებარე შუა საუკუნეების ციხესიმაგრის აღებამდე რამდენიმე დღის განმავლობაში იყო საჰაერო დარტყმები და ინტენსიური ბრძოლები ისრაელის სამხედროებსა და „ჰეზბოლას“ მებრძოლებს შორის.
ისრაელის სამხედრო უწყების ინფორმაციით, ოპერაციის მიზანი „ჰეზბოლას“ სამხედრო ინფრასტრუქტურის განადგურება და ჩრდილოეთ ისრაელისთვის არსებული საფრთხეების შემცირება იყო. მედიაში გავრცელებულ კადრებში ჩანს, როგორ აღმართეს ისრაელელმა სამხედროებმა ბოფორის ციხესიმაგრეზე დროშა.
ლიბანში სტრატეგიული მნიშვნელობის ბოფორის ციხესიმაგრის დაკავების შემდეგ ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ სამხედრო ოპერაცია სამხრეთ ლიბანში ქვეყნის უსაფრთხოების პოლიტიკაში მნიშვნელოვანი გარდატეხაა და საბოლოო მიზანი ჩრდილოეთ ისრაელის მოსახლეობისთვის უსაფრთხოების უზრუნველყოფაა.
„ჩვენმა გმირმა მებრძოლებმა ბოფორის პოზიცია დაიკავეს. მათ იქ ამაყად აღმართეს ისრაელის სახელმწიფოსა და „გოლანის“ ბრიგადის დროშები. შეგახსენებთ, რომ 44 წლის წინ ეს ადგილი ჩვენი მებრძოლების გმირული ბრძოლის სიმბოლო იყო, თუმცა ამავე დროს ჩვენი საზოგადოების განხეთქილების სიმბოლოდაც იქცა.
დღეს ბოფორში სხვაგვარად დავბრუნდით. ომის დაწყებიდან დღემდე „ჰეზბოლას“ 8 000 მებრძოლი გავანეიტრალეთ, მხოლოდ ბოლო ერთ თვეში 700 მებრძოლი იქნა ლიკვიდირებული.
მე ისრაელის თავდაცვის ძალებს დავავალე, ლიბანში სამხედრო ოპერაცია გააფართოონ. ჩვენმა სამხედროებმა მდინარე ლიტანი გადაკვეთეს, დაიკავეს სტრატეგიული სიმაღლეები და ბოფორის ქედი. ახლა ჩემი მითითებაა, კიდევ უფრო გავამყაროთ და გავაფართოოთ ჩვენი პოზიციები იმ ტერიტორიებზე, რომლებსაც „ჰეზბოლა“ აკონტროლებდა.
ბოფორის დაკავება მნიშვნელოვანი ეტაპია და იმ პოლიტიკის მკვეთრი ცვლილებაა, რომელსაც ჩვენ ვატარებთ. ჩვენ დავამსხვრიეთ შიშის ბარიერი, ინიციატივა საკუთარ ხელში ავიღეთ და ვმოქმედებთ ყველა ფრონტზე სირიაში, ღაზასა და ლიბანში. ჩვენი მოსახლეობის დასაცავად ქვეყნის საზღვრებს მიღმა უსაფრთხოების ზონები შევქმენით“ - განაცხადა ისრაელის პრემიერმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ.
ბოფორის ციხესიმაგრე, რომელიც მდინარე ლიტანსა და მიმდებარე ტერიტორიას გადაჰყურებს, საუკუნეების განმავლობაში მნიშვნელოვან სტრატეგიულ სამხედრო პოზიციად ითვლებოდა. ისრაელის არმიას ეს ობიექტი 1982 წელსაც ჰქონდა დაკავებული და მას 2000 წლამდე აკონტროლებდა.
ამავე დროს, ლიბანის სახელმწიფო მედიის ცნობით, სამხრეთ ლიბანის რამდენიმე დასახლებაზე მიტანილმა ავიაიერიშებმა მსხვერპლი და ნგრევა გამოიწვია. გავრცელებული ინფორმაციით, ნაბათიეს ერთ-ერთ უბანში საჰაერო დარტყმის შედეგად საცხოვრებელი შენობა მთლიანად განადგურდა.
ისრაელსა და „ჰეზბოლას“ შორის სამხედრო დაპირისპირება მარტში დაიწყო. მას შემდეგ კონფლიქტი ორივე მხარეს სამხედრო და სამოქალაქო დანაკარგით გრძელდება. ლიბანში ასობით ათასი ადამიანი იძულებული გახდა, საკუთარი საცხოვრებელი სახლი მიეტოვებინა.
