მთავარიგადაცემებინამდვილი ეკონომიკაბრიუსელი მავნე ქიმიურ ნივთიერებებზე კონტროლს აძლიერებს

ბრიუსელი მავნე ქიმიურ ნივთიერებებზე კონტროლს აძლიერებს

ევროკავშირში ტყვიასთან და სხვა მავნე ქიმიკატებთან დასაქმებულების შეხებას ზღუდავენ

ბრიუსელში პირველად ბოლო 40 წლის განმავლობაში სამუშაო ადგილზე ტყვიის ზემოქმედების შემზღუდავ რეგულაციებს აახლებენ და თან დიიზოციანატის კლასის ქიმიური შენაერთების მარეგულირებელ წესებს ამატებენ. მაგრამ რამდენად ქმნის ახალი წესები მუშახელის უსაფრთხოების გარანტიებს?

უკვე რამდენიმე ათწლეულია, ცნობილია იმ საფრთხეების შესახებ, რომლებსაც ტყვია უქმნის ადამიანის ჯანმრთელობას. მართალია, მილსადენებსა და ბენზინში ტყვიას აღარ ვიყენებთ, მაგრამ ეს ლითონი მაინც ძალიან გავრცელებული და მნიშვნელოვანი ელემენტია თანამედროვე მსოფლიოში.

ყოველ წელს ევროპაში მილიონობით ტონა ავტომობილის ელემენტი, სახურავის მასალა და მაღალი ძაბვის კაბელი სჭირდებათ. თუმცა საკითხავია, სად მიდის ეს მასალა ექსპლუატაციის ვადის გასვლის შემდეგ? სწორედ ამას აგვარებს ისეთი ტიპის კომპანია, როგორიც  არის Campine. ეს კომპანია ევროპაში ერთ-ერთი უმსხვილესი ტყვიის გადამამუშავებელი საწარმოა, რომლის მთავარი ქარხანაც ბელგიაში მდებარეობს, საფრანგეთში კი ფილიალებით არის წარმოდგენილი.

‘’ჩვენ დაახლოებით 90-95 ათას ტონა ტყვიის შემცველ ჯართს ვამუშავებთ. მისი უმეტესობა ავტომობილის ბატარეებია,” – ამბობს ვილემ დე ვოსი, Campine-ის ხელმძღვანელი. „ამ საწარმოში დღეში დაახლოებით ავტომობილის 10 ათას  ბატარეას ვამუშავებთ. თუ ჩვენ არ გადავამუშავებთ ამ ბატარეებს, მათ ნაგავსაყრელზე გადაყრიან, რაც ნამდვილად არ არის კარგი. გარდა ამისა, მრეწველობას ტყვია სჭირდება, რაც ნიშნავს, რომ ტყვიას მაღაროებიდან ამოვიღებთ, რომლებიც მდებარეობს როგორც ევროპაში, ისე მის ფარგლებს გარეთ, რაც ასევე არ არის კარგი გარემოსთვის“.

გადამუშავებული ტყვია

კომპანია  Campine მნიშვნელოვან როლს თამაშობს, ჯართის მთა რომ არ დადგეს. თუმცა ტყვია ძალიან სახიფათოა ჯანმრთელობისთვის. ამიტომაც კომპანია საკუთარი მუშახელის დაცვას სერიოზულად ეკიდება. კომპანიაში მოქმედებს  უსაფრთხოების ძალიან  მკაცრი პროტოკოლი, რომელიც სხვა ზომებთან ერთად მუშახელის სისხლის რეგულარულ ანალიზსაც გულისხმობს.

ამ საწარმოში ტყვიასთან შეხების დასაშვები ზღვრები ევროკავშირში ამჟამად მოქმედ სტანდარტზე გაცილებით დაბალია,  თუმცა ახალი წესები ამ ზღვრების კიდევ უფრო დაწევას მოითხოვს.

“ჩვენ ძალიან კარგად ვიცოდით ამ ახალი წესების შესახებ და დიდი ხნის განმავლობაში ვმუშაობდით ამ მიმართულებით. თუმცა, რასაკვირველია, კიდევ მეტია სამუშაო და გავაკეთებთ, რაც საჭიროა“, – განმარტავს ჰილდე გუვერტსი, Campine-ის მდგრადი მიმართულების დირექტორი.

ტყვიის გამოყენებასთან დაკავშირებული ახალი რეგულაცია ევროკავშირში 1982 წელს შემოღებულ შეზღუდვებს აახლებს. ახალი წესები ტყვიასთან ბიოლოგიური შეხების ზღვრის დაწევას ითხოვს სისხლის 100 მილიმეტრზე 70-დან  15-მიკროგრამამდე. მაინც რატომ შეცვალეს ეს ზღვრები და რატომ მაინცდამაინც ახლა?

“ტყვიის ჯანმრთელობაზე მავნე გავლენის შედეგები დიდი ხანია ცნობილია. მაგრამ ახლა კიდევ უფრო მეტი მონაცემი მიუთითებს, რომ ტყვიასთან უფრო ნაკლები შეხების დონეც იწვევს სავალალო შედეგს,“ – ამბობს პროფესორი ლოდე გოდერისი, KU Leuven-IDEWE-ის ტოქსიკოლოგი. „ამიტომ შეხების არსებული ზღვრები უნდა დავწიოთ, რათა აღვკვეთოთ ისეთი ქრონიკული დაავადება, როგორიცაა, მაგალითად, კიბო“.

პრევენციული ზომები

მტკიცებულებები აჩვენებს, რომ, გარდა კიბოს გაზრდილი რისკისა, მდედრობითი სქესის მუშახელს დამატებითი რისკიც აქვს, რადგან ტყვია ზიანს აყენებს ფეხმძიმე ქალსა და ჩანასახს. დასაქმებულთა წარმომადგენლები მიესალმებიან ახალა წესებს და ითხოვენ, რომ ისინი მთელი ევრობლოკის მასშტაბით გახდეს სავალდებულო.

კლაეს-მიქაელ სტოლი,  ევროპის პროფესიული კავშირის კონფედერაციის გენერალური მდივნის მოადგილე:

“ჩვენი გამოცდილება აჩვენებს, რომ ახალი წესები სამუშაო ადგილებზე სულ სხვადასხვაგვარად ინერგება. და სწორედ ამ მიმართულებით უნდა იმუშაონ სახელმძღვანელოებმა, პროფკავშირების წარმომადგენლებმა და შრომის ინსპექტორებმა, რომ ამ წესებმა გაამართლოს. თუმცა ნამდვილად რთულია იმის უზრუნველყოფა, რომ ეს წესები მთელ ევროპაში თანაბრად ამოქმედდეს“.

ტყვიის გარდა, ევროპის ისტორიაში პირველად აპირებენ ე.წ. დიიზოციანატის კლასის ქიმიურ შენაერთებთან შეხების შეზღუდვასაც. ამ ნივთიერებას პოლიმერების მისაღებად იყენებენ, მაგალითად, ქარის ტურბინებში, და მას სასუნთქი გზების ისეთი დაავადების გამოწვევა შეუძლია, როგორიცაა ასთმა. ამიტომ ე.წ. მწვანე ინდუსტრიებში დასაქმებულები რომ დაიცვან, ამ ნივთიერებასთან შეხების უკიდურესი ზღვარი ერთი რვასაათიანი სამუშაო დღის განმავლობაში უნდა იყოს ექვსი მილიგრამი ერთ კუბურ მეტრზე.

სულ მალე ევროკავშირში ძალაში შევა ტყვიის მსგავს მავნე ნივთიერებებთან დასაშვები შეხების ახალი ზღვრები. ბოლო მონაცემებით, ამ ლითონთან ამჟამად დაახლოებით 100 ათასამდე მუშახელს უწევს შეხება სამუშაო ადგილზე. ტყვია უაღრესად ტოქსიკური ნივთიერებაა და სხვა საფრთხეებთან ერთად შეუძლია გამოიწვიოს კიბო, ნერვული სისტემის დარღვევა,  უშვილობა, შეუძლია დააზიანოს თირკმელა, გული და სისხლი. ყოველ წელს ევროპაში დაავადების 300  შემთხვევას ტყვიასთან შეხება იწვევს. ახალი რეგულაციების მიზანია, უკეთ დაიცვას დასაქმებული, რისთვისაც ტყვიასთან ფიზიკური შეხების ამჟამად მოქმედ ზედა ზღვარს სულ მცირე ერთი მეოთხედით ამცირებს. გარდა ამისა, ევროკავშირში პირველად აწესებენ დიიზოციანატის კლასის ნივთიერებებთან შეხების ზღვრებსაც. ამ ნივთიერებებს, რომლებსაც ფართოდ იყენებენ მრეწველობაში, შეუძლიათ სასუნთქი გზების გაღიზიანება და ასთმის გამოწვევა. ითვლება, რომ ევრობლოკში ამჟამად 4 მილიონ 200 ათასი მუშახელს აქვს შეხება ამ ნივთიერებებთან.

მაინც რამდენად მნიშვნელოვანია ახალი ზღვრები მუშახელის დასაცავად?

“ძალიან მნიშვნელოვანი წესებია,“ – ამბობს  ევროპარლამენტარი ნიკოლაი ვილუმსენი. „საუბარია ადამიანის სიცოცხლის გადარჩენაზე. უფრო ნაკლები ადამიანი დაავადდება სამუშაო ადგილზე. ნაკლები გარდაიცვლება. ბოლო 40 წლის განმავლობაში პირველად ვატარებთ ცვლილებებს ტყვიასთან უშუალო შეხების შემცირების თვალსაზრისით. თუმცა, ამავდროულად პირველად ჩვენს ისტორიაში შემოგვაქვს დიიზოციანატებთან შეხების ზღვრები. ეს ნიშნავს, რომ ლითონთან მომუშავე ადამიანები, მრეწველობაში დასაქმებულები, რომლებიც ამზადებენ ქარის ტურბინებს, ბატარეებს, რომლებიც მწვანე მომავლის წინა ხაზზე დგანან, უკეთ იქნებიან დაცული ამ კანონით“.

საინტერესოა, რამდენად საკმარისად დაბალია ეს დასაშვები ზღვრები?  ევროპარლამენტარი ბილუმსენი თვლის რომ არ არის საკმარისი.

“მე თუ მკითხავ, – არ არის საკმარისი,“ – განმარტავს იგი.  „და ასე ფიქრობს უმრავლესობა პარლამენტში. მაგრამ ეს მაინც მნიშვნელოვანი წინსვლაა მუშახელის სასარგებლოდ. პირადად ჩემთვის დიდი გამარჯვება ამ მოლაპარაკებებში არის ის, რომ ჩვენ შევძელით გადახედვის პირობა ჩაგვედო. ასე რომ, ხუთი წლის შემდეგ შეგვიძლია ისევ გადავხედოთ პირობებს, რაც იმას ნიშნავს, რომ პირობების გაუმჯობესებისთვის კიდევ 40 წელი აღარ დაგვჭირდება ლოდინი“.

მისი აზრით სწრაფი ნაბიჯების გადადგმა ძალიან მნიშვნელოვანია,  ახალი ტექნოლოგიები მუდმივად შემოდის, სულ რაღაც ახალი ჩნდება, რაც აჩვენებს, რომ „ეს მავნე ნივთიერებები იმაზე მეტ ვნებას გვაყენებს, ვიდრე ჩვენ გვგონია,“- ამბობს ევროპარლამენტარი. „ფაქტია, რომ ახლა ძალიან მნიშვნელოვან ნაბიჯს ვდგამთ და აუცილებელია ისეთი გარანტიის შექმნა, რომ კიდევ რამდენიმე ათწლეული არ დაგვჭირდეს შემდეგი ნაბიჯის გადასადგმელად“.

იგი დარწმუნებულია, რომ უფრო მეტ მუშახელს ექნება შეხება ამ მავნე ნივთიერებებთან მწვანე პლატფორმის გამო. „სწორედ ამიტომ არის ასე მნიშვნელოვანი გარანტიების შექმნა, რომ დასაქმებულები უკეთ იქნებიან დაცული, რომ იმ მუშახელს, რომელიც უშუალოდ მუშაობს მწვანე პლატფორმაზე, თავისი საქმიანობა სიცოცხლის ფასად არ დაუჯდება და არ დაავადდება,“ – განმარტავს ვილუმსენი.

ევროკავშირის წევრმა სახელმწიფოებმა ქიმიურ ნივთიერებებზე კონტროლის განხორციელება ეროვნულ დონეზე  ანუ კანონად ახალი რეგულაციების ძალაში შესვლიდან ორი წლის განმავლობაში უნდა მიიღონ.

ავტორი: პოლ ჰაკეტი

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend