მთავარიგადაცემებიგლობალური საუბარიევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი აღიარებს, რომ ევროკავშირ-აზერბაიჯანის ურთიერთობებში „არის რეალური სირთულეები“

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი აღიარებს, რომ ევროკავშირ-აზერბაიჯანის ურთიერთობებში „არის რეალური სირთულეები“

ევრონიუსი ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელს ესაუბრა გადაცემაში „ გლობალური საუბარი“

„ევრონიუსი“ ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელს ესაუბრა ევროკავშირის წინაშე მდგარ პრობლემებთან დაკავშირებით, როგორებიცაა ევროკავშირის შემდგომი გაფართოება, უკრაინის მხარდაჭერა და ვითარება მთიან ყარაბაღში.

უკრაინაში მიმდინარე ომი ისევ არყევს ევროკავშირსა და მის მეზობელ ქვეყნებს, რომლებსაც სურთ შეუერთდნენ ევროპულ პროექტს. დაძაბულობის კერა  გამრავლდა, ერთი მათგანი ახლახან კავკასიაშიც ვიხილეთ. ამ გამოწვევების პირისპირ მყოფი 27 წევრი ქვეყანა გამოსავლის ძიებაშია დიპლომატიური, პოლიტიკური და ბიზნესის თვალსაზრისით. ამ საფრთხეებსა და გამოწვევებზე ევრონიუსი ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელს ესაუბრა გადაცემაში „ გლობალური საუბარი“.

გრეგუარ ლორი, ევრონიუსი:

„ევროკავშირის საზღვრებთან ახლოს სამხედრო შეტაკებები გრძელდება. აზერბაიჯანმა ელვისებური იერიში მიიტანა მთიან ყარაბაღზე. რა არის დღეს პრიორიტეტი?“

შარლ მიშელი, ევროპული საბჭოს პრეზიდენტი:

„ეს ძალიან მძიმე კითხვაა, რადგან მედიაციის პროცესი მიმდინარეობდა და ძალის გამოყენება ყოველთვის დასაგმობია. ახლა მნიშვნელოვანი ის არის, რომ უფრო აქტიურები ვიყოთ ჰუმანიტარულ ფრონტზე. ჩვენ მტკიცედ ვუჭერთ მხარს სომხეთს, რომელიც დიდი რაოდენობით იღებს ლტოლვილებს, რომლებმაც დატოვეს ის რეგიონი, სადაც ცხოვრობდნენ, ეს ყოფილი მთიანი ყარაბაღის რეგიონია. მეორე მხრივ, პოლიტიკური და დიპლომატიური თვალსაზრისით ვალდებული ვართ უზრუნველვყოთ ის, რომ სომხეთის ტერიტორიული მთლიანობის მიმართ მკაფიოდ იქნას გამოხატული პატივისცემა.“

გრეგუარ ლორი, ევრონიუსი:

თქვენ ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში იყავით ჩართული ამ მედიაციის პროცესში. არის თუ არა ეს თავდასხმა ევროპული დიპლომატიის მარცხი?

შარლ მიშელი, ევროპული საბჭოს პრეზიდენტი:

„ჩემი აზრით, როდესაც დიპლომატიასა და მედიაციაში ხარ ჩართული, იცი, რომ ეს არ არის ზუსტი მეცნიერება. ამიტომ მგონია, რომ ეს მედიაცია, რომელიც სხვების პარალელურად მიმდინარეობს, განსაკუთრებით გამოვყოფდი ამერიკის შეერთებული შტატების ჩართულობით მიმდინარეს, არის ის მედიაციის პროცესი, რომელმაც პროგრესს შეუწყო ხელი. მაგალითად, გაცვალეს პატიმრები, პროგრესი იყო იმ თვალსაზრისითაც, რომ უკეთ გავიგეთ, თუ როგორ შეიძლება გაუმჯობესდეს ამ რეგიონთან კავშირი, რომ ის მომავალში სტაბილურობის ხელშემწყობი ფაქტორი იყოს. პროგრესი იყო იმ ტექსტებთან დაკავშირებითაც, რომლებიც მიზნად ისახავენ, რომ ერთ დღესაც სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო შეთანხმება დაიდოს, ვგულისხმობ სამშვიდობო ხელშეკრულებას სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის. თუმცა მიუხედავად ყველაფრის რა თქმა უნდა ჩვენ მაშინვე დავგმეთ სამხედრო მოქმედება. მე უკიდურესად იმედგაცრუებული ვარ აზერბაიჯანის გადაწყვეტილების გამო და ეს ძალიან მკაფიოდ ვაგრძნობინე პრეზიდენტ ალიევს.“

გრეგუარ ლორი, ევრონიუსი:

იყო გამაფრთხილებელი ნიშნები. ლაჩინის დერეფნის  დახურვა, აზერბაიჯანის სამხედრო ნაწილების მასობრივი თავმოყრა მთიანი ყარაბაღის გარშემო. თუ შეამჩნია ევროკავშირმა ეს გამაფრთხილებელი ნიშნები?

შარლ მიშელი, ევროპული საბჭოს პრეზიდენტი:

„ჩვენ საკმაოდ აქტიურები ვიყავით მთელი ზაფხულის განმავლობაში, რადგანაც გავაცნობიერეთ, რომ, როდესაც ლაჩინის დერეფანი დაიხურა, იმ რეგიონზე ჰუმანიტარული კუთხით წნეხი გაჩნდა, მნიშვნელოვანი იყო ამ ჰუმანიტარული წვდომის აღდგენა. მთელი ზაფხულის, ასევე ამ სამხედრო მოქმედების დაწყებამდე რამდენიმე კვირისა და დღის განმავლობაში, ევროკავშირი უშუალოდ იყო ჩართული როგორც ამ რეგიონის სომეხი მოსახლეობის,  ისე აზერბაიჯანის მთავრობის წარმომადგენლებთან ურთიერთობაში და ჩვენ შევძელით ჰუმანიტარულ დახმარებაზე წვდომის აღდგენა.  მისი აღდგენიდან რამდენიმე საათის შემდეგ კი ეს სამხედრო მოქმედება დაიწყო. ჩვენ გავაგრძელებთ ჩვენს საქმეს. არ ვაპირებთ დანებებას, მართალია, იმედი გაგვიცრუა სამხედრო მოქმედების შესახებ მიღებულმა გადაწყვეტილებამ,  მაგრამ არ ვაპირებთ, უარი ვთქვათ ჩვენს მოვალეობაზე, დავამყაროთ სტაბილურობა და უსაფრთხოება, მოკლევადიან პერსპექტივაში კი ჰუმანიტარული დახმარება მივაწოდოთ რეგიონს.

გრეგუარ ლორი, ევრონიუსი:

„ევროკავშირმა თვალი ხომ არ დახუჭა რამეზე, რათა აზერბაიჯანთან ბუნებრივ აირთან დაკავშირებული შეთანხმებები შეენარჩუნებინა?“

შარლ მიშელი, ევროპული საბჭოს პრეზიდენტი:

„არა, არავითარ შემთხვევაში. მესმის, რომ ზოგიერთს ეს არგუმენტად მიაჩნია. ეს არ არის სწორი ანალიზი. უკრაინაში რუსეთის მიერ ომის გაჩაღების  შემდეგ ჩვენ ვაჩვენეთ, რომ ევროკავშირს შეუძლია ძალიან სწრაფად მოახდინოს დივერსიფიკაცია. შედეგად დღეს ძალიან ბევრი არჩევანი გვაქვს ენერგორესურსებთან წვდომის თვალსაზრისით.“

გრეგუარ ლორი, ევრონიუსი:

„ხომ არ უნდა გადავხედოთ ბუნებრივ აირთან დაკავშირებულ შეთანხმებებს, რათა ბაქოსგან გარანტიების მიღება ვცადოთ?“

შარლ მიშელი, ევროპული საბჭოს პრეზიდენტი:

„ეჭვგარეშეა, რომ ჯერ სომხეთთან დაკავშირებით უნდა ვნახოთ, რა გზას შეიძლება დავადგეთ, რომ აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის ურთიერთობას მოგვარდეს. რომ  აზერბაიჯანისა და სომხეთის ტერიტორიული მთლიანობის ურთიერთაღიარების მყარი და უდავო გარანტია გაჩნდეს. ასევე როგორ  მივცეთ ყოფილი მთიანი ყარაბაღის რეგიონში მცხოვრებ სომეხ მოსახლეობას  მათი უფლებების დაცვისა და უსაფრთხოების გარანტია.“

გრეგუარ ლორი, ევრონიუსი:

„აზერბაიჯანი ისევ რჩება ევროკავშირის პარტნიორად?“

შარლ მიშელი, ევროპული საბჭოს პრეზიდენტი:

„იგი პარტნიორია დღეს, დიახ. მაგრამ ეს იმას ნიშნავს, რომ  ურთიერთობა მარტივია?  არა, ნამდვილად არ არის მარტივი. ესე იგი, რთულია? დიახ, და ეს რეალური სირთულეები უნდა გავაცნობიეროთ.“

გრეგუარ ლორი, ევრონიუსი:

„თქვენ  აპირებთ, რომ აზერბაიჯანისა და სომხეთის სახელმწიფოების მეთაურებს შეხვდეთ. რის თქმას აპირებთ მათთვის?“

შარლ მიშელი, ევროპული საბჭოს პრეზიდენტი:

„კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ჩვენ ვაპირებთ ურთიერთობის მოგვარების პროცესის ხელშეწყობას. ეს კი ორივე მხარეს დაავალდებულებს, რომ პატივი სცენ ნაკისრ ვალდებულებებს, და რომ აუცილებელი პრიორიტეტია მოლაპარაკებების წარმართვა ორივე სახელმწიფოს ტერიტორიების გამიჯვნასა და საზღვრების დადგენაზე. ფაქტობრივად, სწორედ ევროპული პროცესის წყალობით გახდა შესაძლებელი  პროგრესის მიღწევა ამ საკითხზე, სამშვიდობო შეთანხმებაზე, რათა მოგვარდეს ურთიერთობები და ასევე ე.წ. ურთიერთკავშირის შესაძლებლობაზე, რომელიც გულისხმობს, რომ როგორც სომეხმა, ისე აზერბაიჯანელმა მოსახლეობამ შეძლოს ამ რეგიონში მიმოსვლა.

გრეგუარ ლორი, ევრონიუსი:

„თქვენ სიტყვა მშვიდობა ახსენეთ. რამდენად შესაძლებელია მშვიდობა?“

შარლ მიშელი, ევროპული საბჭოს პრეზიდენტი:

„ეს დამოკიდებული იქნება ორივე მხარის სურვილზე. ეჭვგარეშეა, რომ სამხედრო მოქმედება, რბილად რომ ვთქვათ, უნდობლობას იწვევს. ამიტომ ცხადია, რომ თუ გვსურს სვლა მშვიდობისკენ, მეტი უსაფრთხოებისა და კეთილდღეობისკენ, ყველაზე კარგი, რაც შეიძლება გაკეთდეს იქ, არის მოლაპარაკებები, რათა ორივე მხარეს გარკვეული ვალდებულებები დააკისროს.“

გრეგუარ ლორი, ევრონიუსი:

„პირველ იანვარს მთიანი ყარაბაღი არსებობას შეწყვეტს. როგორ უნდა მოვიპოვოთ ნდობა  ასეთ პირობებში?“

შარლ მიშელი, ევროპული საბჭოს პრეზიდენტი:

„ჩემი აზრით, უფრო მეტი პასუხისმგებლობა აზერბაიჯანს აკისრია, იქიდან გამომდინარე, რომ სამხედრო მოქმედება აზერბაიჯანმა დაიწყო. ახლაც აზერბაიჯანმა უნდა გამოიჩინოს კეთილი ნება, და აჩვენოს რომ  ნამდვილად იღებს ვალდებულებას, რომ საერთაშორისო საზოგადოების მონიტორინგის ქვეშ, დაიცვას აზერბაიჯანისა და სომეხი მოსახლეობის უფლებები და უსაფრთხოება“.

გრეგუარ ლორი, ევრონიუსი:

„სომხეთი ამ წუთას მთიან ყარაბაღში ეთნიკურ წმენდაზე საუბრობს. ეთანხმებით ამ ტერმინს?“

შარლ მიშელი, ევროპული საბჭოს პრეზიდენტი:

„აშკარაა, რომ დღეს დე ფაქტო მდგომარეობა ის არის, რომ სომეხი მოსახლეობის უმეტესმა ნაწილმა დატოვა ეს რეგიონი, სავარაუდოდ, იმიტომ, რომ შიშობენ და არ იციან, თუ როგორ მოექცევა აზერბაიჯანის მთავრობა. მოსახლეობის დიდი ნაწილი ახლა სომხეთშია. ამიტომ არის საჭირო ჰუმანიტარული დახმარება, განსაკუთრებით ევროკავშირის მხრიდან და, ჩემი აზრით, საერთაშორისო საზოგადოებამ უნდა ითამაშოს მნიშვნელოვანი როლი, რომ ამ მოსახლეობას უსაფრთხოებისა და უფლებების დაცვის გარანტია მიეცეს და თან გამოჩნდეს, თუ რას გადაწყვეტს მოსახლეობა – მოისურვებს სომხეთში დარჩენას თუ თავის რეგიონში დაბრუნებას.“

გრეგუარ ლორი, ევრონიუსი:

„რუსეთი ამ რეგიონში მთავარი მოთამაშეა. აზერბაიჯანის თავდასხმა ასუსტებს თუ აძლიერებს მოსკოვს?“

შარლ მიშელი, ევროპული საბჭოს პრეზიდენტი:

„ერთი რამ ცხადია ახლა და ამას ვერავინ ვეღარ აარიდებს თვალს. რუსეთმა უღალატა სომეხ ხალხს, არადა, რუსეთმა გამოთქვა სურვილი, რომ იქ ჰყოლოდა ჯარისკაცები, როგორც უსაფრთხოების შეთანხმებების სტაბილურობის გარანტი. ჩვენ ვხედავთ, რომ ეს სამხედრო ოპერაცია ისე დაიწყო, რომ  მცირე რეაქციაც არ მოჰყოლია რუსეთის მხრიდან, რომელიც ადგილზე იმყოფებოდა, ევროკავშირისაგან განსხვავებით, რომელსაც, როგორც იცით, იქ არავითარი სამხედრო ძალა არ ჰყოლია.“

გრეგუარ ლორი, ევრონიუსი:

„რაც შეეხება უკრაინას. ევროპის მხარდაჭერა უკრაინის მიმართ ისეთივე ურყევია, როგორიც ყოველთვის იყო? სლოვაკიის არჩევნების შედეგად მოვიდა პარტია, რომელიც კრემლს ემხრობა და თან უკრაინის მხარდაჭერის წინააღმდეგია. ევროკავშირის წევრები  ისევ ერთად დგანან?“

შარლ მიშელი, ევროპული საბჭოს პრეზიდენტი:

„პასუხია: დიახ! ჩვენ უაღრესად ერთიანი პოზიცია გვაქვს. მე მახსოვს, რომ უკრაინაში რუსეთის მიერ ომის გაჩაღებიდან რამდენიმე კვირისა და თვის განმავლობაში გავრცელდა ბევრი მითქმა-მოთქმა, რომ ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ერთობა ძალიან სწრაფად დაიშლებოდა. მაგრამ ეს არ ხდება, ამის საპირისპიროდ, რაც დრო გადის, ერთიანი პოზიცია უფრო მყარდება. უფრო გაძლიერდა რუსეთის სანქცირების გზა. რუსეთის საწინააღმდეგოდ სანქციების 11 პაკეტი  მიიღეს და კიდევ უფრო განმტკიცდა გადაწყვეტილება,  დავეხმაროთ უკრაინას ფინანსურად, შეიარაღებით, რაც ევროკავშირის ისტორიაში პირველი შემთხვევაა და ყველაფერთან ერთად, საერთაშორისო ფორუმებზე მან ძალიან დიდი პოლიტიკური მხარდაჭერაც აჩვენა. სწორედ ევროკავშირი უჭერს მხარს ძალიან მტკიცედ პრეზიდენტ ზელენსკის მიერ წამოყენებულ სამართლიანი მშვიდობის წინადადებას,  რომელიც ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემასა და გაერთიანებული ერების ქარტიას ეყრდნობა.“

გრეგუარ ლორი, ევრონიუსი:

„და მაინც არ ღელავთ? რადგან სლოვაკიამ და პოლონეთმა განაცხადეს, რომ იარაღის მიწოდების შეჩერებას აპირებენ. გრჩება შთაბეჭდილება, რომ ბზარები ჩნდება.“

შარლ მიშელი, ევროპული საბჭოს პრეზიდენტი:

„ჩვენ სულ ვამბობდით, რომ რუსეთის მიერ უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ იქნებოდა ბზარებისა და ნაპრალების გაჩენის რისკი. ეს არ ნიშნავს, რომ ფხიზლად არ ვართ. ჩვენ ვფხიზლობთ, რადგან ერთიანობა სპონტანური იშვიათად არის, რადგან  ერთიანობა მოითხოვს ძალიან დიდ ძალისხმევას, პოლიტიკურ მუშაობას, შრომას, შეთავსებასა და დიპლომატიას. ჩვენ ვაპირებთ,  ძალიან მტკიცედ შევასრულოთ ვალდებულება როგორც ევროპელი, ისე ჩვენი მოკავშირეებისა და პარტნიორების მიმართ მთელ მსოფლიოში, ვგულისხმობ ამერიკის შეერთებულ შტატებს, კანადას, იაპონიასა და კიდევ უამრავ სხვა ქვეყანას, რომლებიც მხარს უჭერენ ევროპის ამ პოზიციას, რომელიც მიზნად ისახავს დაიცვას ევროპის უსაფრთხოება, და არა მხოლოდ ეს, არამედ დაიცვას წესებზე დამყარებული მსოფლიო წესრიგი. რადგან, როდესაც უშიშროების საბჭოს  მუდმივი წევრი, როგორიც რუსეთია,  თავს ესხმის მეზობელს, ეს მსოფლიოს წესრიგს უქმნის საფრთხეს და არა მხოლოდ ევროპის უსაფრთხოებას.

გრეგუარ ლორი, ევრონიუსი:

„როგორ შეძლებთ დღეს სლოვაკიასთან საუბარს?“

შარლ მიშელი, ევროპული საბჭოს პრეზიდენტი:

„იქ არჩევნები ჩატარდა. ჩვენ ყოველთვის პატივი უნდა ვცეთ არჩევნების შედეგს. ეს მუდმივი ფაქტორია დემოკრატიულ სივრცეში. და ამის მერე ვნახავთ, როგორი მთავრობა იქნება, რადგან რამდენიმე დღეში მგონია, რომ მოლაპარაკებები გაიმართება, რათა სლოვაკიაში მთავრობა ჩამოყალიბდეს, ჩვენ კი კეთილსინდისიერად და გულწრფელად ვიმუშავებთ იმ მთავრობასთან, რომელსაც ამ საარჩევნო პროცესის შედეგად მივიღებთ.

გრეგუარ ლორი, ევრონიუსი:

„არ გეშინიათ  ვეტოების, რომლებიც სულ უფრო ხშირად ხდება?“

შარლ მიშელი, ევროპული საბჭოს პრეზიდენტი:

„ევროკავშირის ფარგლებში ეს პირველი არჩევნები არ არის, ეს ნორმალური პროცესია და  კარგია. ეს ყველაფერი ძალიან კარგია. არჩევნების დროს ხშირად ნაადრევად გამოგვაქვს დასკვნები და მხოლოდ შემდეგ ვხვდებით, რომ არის შესაძლებლობა, რათა საღმა აზრმა გაიმარჯვოს და რომ ნამდვილად შევძლებთ ერთად მუშაობას, რადგან მგონია, რომ ბევრი აცნობიერებს, რომ ევროკავშირი დამატებით ღირებულებას ქმნის, განსაკუთრებით  ასეთ დროს. ახლა დიდი საერთაშორისო დაძაბულობის დროა.“

გრეგუარ ლორი, ევრონიუსი:

„რამდენიმე კვირაში ამერიკის შეერთებულ შტატებში, ვაშინგტონში მიდიხართ.  როგორ გგონიათ, ამერიკელებიც ისევე ურყევად უჭერენ მხარს უკრაინას? ვნახეთ, რომ კონგრესი შეთანხმდა უკრაინისთვის განკუთვნილი დახმარება გვერდით გადაედო. ვაშინგტონის დახმარების ირგვლივ კითხვები ჩნდება.“

შარლ მიშელი, ევროპული საბჭოს პრეზიდენტი:

„ყველა შეხვედრაზე, რომელიც კი გვქონია პრეზიდენტ ბაიდენთან, სახელმწიფო მდივან ბლინკენთან, შევნიშნე დიდი სიმტკიცე და გულწრფელობა უკრაინის მხარდაჭერის მიმართ, რადგან ამერიკის შეერთებულ შტატებში ესმით და მეც უკვე აღვნიშნე,  რომ ეს მხოლოდ უკრაინის ან ევროკავშირის მხარდაჭერა არ არის, ეს არის მხარდაჭერა იმ მსოფლიო წესრიგისა, რომელიც თავისუფლებასა და დემოკრატიას ეყრდნობა. აი, ეს დევს რეალურად სასწორზე. ამიტომ სრულიად დარწმუნებული ვარ, რომ შეერთებულმა შტატებმა გადაწყვიტა, ევროპელებთან ერთად  იმუშაოს. რამდენიმე დღის წინ ჯო ბაიდენის მიერ უკრაინის რეკონსტრუქციისთვის მივლენილი სპეციალური დესპანი მივიღე. ეს აჩვენებს, რომ ჩვენ ნამდვილად ვთანამშრომლობთ და დეტალებს ვუთანხმებთ ერთმანეთს, რათა დავრწმუნდეთ, რომ ჩვენი, ორივე მხარის, მხარდაჭერა სასარგებლო და ეფექტიანია უკრაინელებისთვის და იმ ფასეულობებისთვის, რომლებსაც ჩვენ ვიცავთ. ეს არ ნიშნავს, რომ გულუბრყვილოები ვართ. აშკარაა, რომ საჭიროა სიფხიზლე. ეს აუცილებელია  ევროპულ დონეზე და ნამდვილად აუცილებელია ამერიკის შეერთებულ შტატებშიც.“

გრეგუარ ლორი, ევრონიუსი:

„უამრავი კითხვა დაისვა უკრაინელების კონტრშეტევის თაობაზე. ისევ ოპტიმისტურად ხართ განწყობილი კონფლიქტის შედეგისა და ბრძოლის ველზე მიმდინარე პროგრესთან დაკავშირებით?“

შარლ მიშელი, ევროპული საბჭოს პრეზიდენტი:

„დიახ, ვფიქრობ, რომ არ უნდა მოვადუნოთ უკრაინის მხარდასაჭერად ჩვენი ძალისხმევა, მათ შორის არც სამხედრო. ჩვენ ვხედავთ, რომ პროგრესი ნამდვილად არის. მე შესაძლებლობა მქონდა, ეს საკითხი კიდევ ერთხელ განმეხილა პრეზიდენტ ზელენსკისთან ერთად. ჩვენ ვხედავთ, რომ უკრაინელებს მტკიცედ აქვთ გადაწყვეტილი კონტრშეტევა და საკუთარი ტერიტორიების დაბრუნება. და სწორედ ამის გამო ხდება ყველაფერი. სწორედ ამიტომ არის მნიშვნელოვანი, რომ ევროპამ და უკრაინის პარტნიორებმა განაგრძონ ძალიან, ძალიან მნიშვნელოვანი მხარდაჭერა.  როდესაც ეს ომი დაიწყო, ბევრი ფიქრობდა, რომ უკრაინა რამდენიმე დღესა თუ კვირაზე მეტს ვერ გაძლებდა. ახლა, წელიწად-ნახევარზე მეტი გავიდა და უკრაინა არა მხოლოდ წინააღმდეგობას უწევს, არამედ უკვე შეძლო რუსების მიერ დაპყრობილი ტერიტორიების დაბრუნებაც.“

გრეგუარ ლორი, ევრონიუსი:

„ეს ხომ არ ნიშნავს, რომ ჯერ კიდევ ძალიან ადრეა კრემლსა და კიევს შორის სამშვიდობო მოლაპარაკებებზე საუბარი?“

შარლ მიშელი, ევროპული საბჭოს პრეზიდენტი:

„ჩემი აზრით, ძალიან მნიშვნელოვანია ერთი პრინციპის მტკიცედ დაცვა. უკრაინელები და მხოლოდ უკრაინელები გადაწყვეტენ, თუ როდის დადგება მოლაპარაკებების დრო. და სწორედ ამას აკეთებს პრეზიდენტი ზელენსკი, როდესაც მან მაგიდაზე დადო სამართლიანი მშვიდობის ფორმულა. სწორედ ამას აკეთებს, როდესაც ჩვენი მხარდაჭერით, ცდილობს, საერთაშორისო საზოგადოება ერთად შეკრას. რამდენიმე ათეული ქვეყანა უკვე რამდენჯერმე შეიკრიბა ეროვნული უსაფრთხოების მრჩევლების დონეზე უკრაინელების ინიციატივით, რათა წარმოედგინათ ისეთი წინადადებები, რომლებიც მშვიდობისკენ წაიყვანს მათ. მაგრამ ხანგრძლივი მშვიდობა დამყარებული უნდა იყოს არა დაუსჯელობაზე, არამედ უნდა გასამართლდნენ ის პირები, რომლებმაც ომის დანაშაული ჩაიდინეს. მშვიდობა უნდა ემყარებოდეს გაერთიანებული ერების ქარტიას. ნებისმიერი სხვა ფორმულა იქნება ნიშანი მსოფლიოს სხვა ქვეყნებისთვის, რომ თუ მეზობლის მიმართ აგრესიას წამოიწყებენ, მერე, ადრე თუ გვიან, მაინც იქნებიან რაღაც ფორმით აღიარებული. ეს ჩვენთვის მისაღები არ არის.“

გრეგუარ ლორი, ევრონიუსი:

„სექტემბრის დასაწყისში თქვენ დასახეთ ევროკავშირის გაფართოების მიზნები 2030 წლისთვის. მზად არის ევროკავშირი თქვენ მიერ დასახელებული ვადისთვის?“

შარლ მიშელი, ევროპული საბჭოს პრეზიდენტი:

„ევროკავშირი ჯერ არ არის მზად, ამიტომაც უნდა მოვემზადოთ. თარიღის დათქმა იმიტომ მინდოდა, რომ, ჩემი აზრით, მხოლოდ ევროკავშირი კი არ უნდა მოემზადოს, არამედ იმ სახელმწიფოებმაც, რომლებსაც სურთ შემოგვიერთდნენ, უნდა დააჩქარონ რეფორმებისთვის აუცილებელი ძალისხმევა, რათა შეძლონ შემოერთება. თარიღის დათქმის მიზანი ის არის, რომ ყველას ავუხილოთ თვალი და ვუთხრათ, რომ აღარ შეგვიძლია მეტად გადადება. მეტად ვერ გავაჭიანურებთ. აშკარაა, თუ რა ტიპის სამყაროში ვცხოვრობთ. და თუ  გვინდა ასეთი პოლიტიკური პროექტი, ევროკავშირი არის პროექტი, რომელმაც მოიტანა ძალიან დიდი მშვიდობა, კეთილდღეობა და იმედი გასული საუკუნის შემდეგ, რომელსაც ტრაგედიამ და სასოწარკვეთამ დაასვა დაღი. თუკი გვსურს, ჩვენს ბავშვებს კეთილდღეობა და სტაბილური მომავალი შევთავაზოთ, უნდა დავიწყოთ მზადება ამ პოლიტიკური პროექტის დასახვეწად. ეს კი ნიშნავს საუბარს. რისი გაკეთება გვსურს ერთად მომავალში? რა არის ჩვენი  საერთო პრიორიტეტები? როგორ ვაპირებთ მათ დაფინანსებას? არასოდეს არ არის ადვილი დაფინანსების წყაროებზე საუბარი, მაგრამ უნდა მოვკიდოთ ხელი ამ საკითხებს. უნდა დავფიქრდეთ, როგორ ვაპირებთ ერთად გადავჭრათ ისინი? განსაკუთრებით მაშინ, თუ მომავალში მაგიდასთან უფრო მეტნი ვისხდებით,  კიდევ უფრო მეტად მოგვიწევს იმასთან შეგუება, რომ გადაწყვეტილების მისაღებად ისეთ გზას დავადგეთ, რომ დავრჩეთ პოლიტიკურ პროექტად, რომელიც ეფექტიანია, როდესაც ეს საჭიროა.“

გრეგუარ ლორი, ევრონიუსი:

„შესაძლებელია, რომ გაფართოების პროცესი თითოეული კანდიდატისთვის ერთნაირი იყოს? ზოგიერთ მათგანს არ აქვს ერთნაირი დემოგრაფიული და ეკონომიკური წონა. პროცესი ყველასთვის ერთნაირი უფრო გვინდა თუ განსხვავებული აჯობებს?“

შარლ მიშელი, ევროპული საბჭოს პრეზიდენტი:

„ეს პროცესი განსხვავებული იქნება, რადგან იგი თითოეული ქვეყნის მახასიათებლებს დაეყრდნობა. დარწმუნებული უნდა ვიყოთ, რომ კორუფციას ყველგან ებრძვიან, რომ ყველგან არის  სასამართლო სისტემა, რომელიც დამოუკიდებელია და რომელიც მოქალაქეებისა და კომპანიების უფლებების მიმართ პატივისცემას ამკვიდრებს. თუმცა ამ საბაზისო პრინციპის გარდა, რომელზეც უარს კი არ ვიტყვით, არამედ უფრო განვამტკიცებთ, მნიშვნელოვანია, დავინახოთ, რომ პოლიტიკური ფსონებიც არის გათვალისწინებული.  არის თუ არა ჩვენს ინტერესებში, რომ დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნები, რომლებიც ევროკავშირში ანკლავს წარმოადგენენ, ყოველდღე ევროკავშირის იმ გარე ძალების გავლენას განიცდიდნენ, რომლებსაც არ აქვთ იგივე ღირებულებები, როგორებიც ჩვენ? ჩემი აზრით, ეს არ არის კარგი მათი უსაფრთხოების თვალსაზრისით. ჩვენ უფრო უსაფრთხო და სტაბილური ვიქნებით, როდესაც ეს ქვეყნები ევროკავშირის სტანდარტებს შეუერთდებიან, მაგალითად,  კორუფციასთან ბრძოლისა და კანონის უზენაესობის კუთხით.

გრეგუარ ლორი, ევრონიუსი:

„ევროპული სტანდარტები ახსენეთ. ჩვენ ვხედავთ, რომ ზოგიერთი კანდიდატი მათ გადაუხვია. თქვენ კორუფციასა  და კანონის უზენაესობაზე ისაუბრეთ. ამ ფენომენს როგორ ხსნით? ევროპა არ არის საკმარისად მტკიცე  ან საკმარისად მონდომებული, რომ ისინი ამ სტანდარტებისკენ მიიზიდოს?“

შარლ მიშელი, ევროპული საბჭოს პრეზიდენტი:

„მე უფრო მეტ ნიუანსს ვხედავ. ჩემი აზრით, მრავალი მაგალითია იმისა, რომ კანდიდატ ქვეყნებს აქვთ პროგრესი და ატარებენ რეფორმებს, რომელთა გატარებაც მოსთხოვეს გარკვეულ პერიოდში, რადგან ეს ქვეყნები აცნობიერებენ, რომ დადგა ხელსაყრელი დრო. ისინი აცნობიერებენ, რომ რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ გაჩაღებული ომი ბევრ ევროპელს უხელს თვალს, თანაც არა მხოლოდ ევროპელ ლიდერებს, არამედ ევროპის ხალხს, რომ მნიშვნელოვანია სვლა მოწესრიგებული, ორგანიზებული გაფართოების პროცესისკენ.“

გრეგუარ ლორი, ევრონიუსი:

„შესაძლებელია, რომ ევროკავშირმა ისევ გააჭიანუროს გაფართოება? ხომ არ არსებობს რისკი იმისა, რომ ეს ქვეყნები გადაუხვევენ ევროპიდან სხვა ქვეყნებისკენ?“

შარლ მიშელი, ევროპული საბჭოს პრეზიდენტი:

„პასუხია: არა! ჩვენ არ შეგვიძლია გაჭიანურება, არ შეგვიძლია გადადება. ჩვენ უნდა ვიმოქმედოთ. ეს არ ნიშნავს, რომ ეს ქვეყნები ევროკავშირში მომავალ კვირაში შევლენ. მაგრამ ნიშნავს იმას, რომ უნდა გავამზადოთ პროგრესული ინტეგრაციის ისეთი მექანიზმი, რომ ხელშესახებ ვადებში, რამდენიმე კვირაში, თვესა თუ წელში ვიხილოთ ეს ეკონომიკური დაახლოება, დემოკრატიული დაახლოება კანდიდატ ქვეყნებსა და ევროკავშირის 27 სახელმწიფოს შორის არსებული საერთო ფასეულობების საფუძველზე.

გრეგუარ ლორი, ევრონიუსი:

„მოდით, ჩინეთზე ვისაუბროთ. ჩინეთი ისევ პარტნიორად რჩება თუ უფრო სისტემური მეტოქეა?“

შარლ მიშელი, ევროპული საბჭოს პრეზიდენტი:

„მე ჩინეთს ძალიან  მარტივი კუთხიდან ვუყურებ. მე ვფიქრობ, ჩინეთთან ჩვენი ურთიერთობა სამ ელემენტს მოიცავს. პირველია დემოკრატია, ფუნდამენტური ღირებულებები და ადამიანის უფლებები, რომლებზეც ევროპა არასოდეს დასწევს საკუთარი მიდგომის თამასას. ეს ჩვენს დე-ენ-ემში ზის DNA.   ჩვენ გვჯერა, რომ სამყარო უფრო უკეთესი, სტაბილური და უსაფრთხოა, როდესაც უნივერსალურ ფასეულობებს ვიზიარებთ და ჩვენ გავაგრძელებთ ჩვენი ფასეულობების დაცვას, მათ შორის ჩინეთთან მიმართებითაც. ეს არის პირველი საკითხი. მეორე პუნქტია ის, რომ აშკარად დარღვეულია წონასწორობა ევროკავშირისა და ჩინეთის ურთიერთობებში, რომ ჩვენ ეკონომიკური კუთხით უფრო დაუცველები ვართ, რადგან გარკვეულ სექტორებში მეტისმეტად ვართ დამოკიდებული ჩინეთზე. ეს არის ჩინეთის მთავრობის მიმართ ჩვენი  და ჩემი გზავნილი, სხვა ევროპელებთან ერთად. ჩვენ ბევრი რამ უნდა ვისწავლოთ რუსეთის მიერ უკრაინაში გაჩაღებული ომის მაგალითზე. უკვე ვნახეთ, რომ ჩვენი დამოკიდებულება წიაღისეულ საწვავზე ჩვენი სისუსტეა, აქილევსის ქუსლია. ამიტომ უნდა გავითვალისწინოთ ეს, როგორც  გაკვეთილი და გავავრცელოთ ჩვენი საზღვრების ფარგლებს გარეთაც და ეს უნდა აისახოს ჩინეთთან ურთიერთობაზეც. რაც შეეხება მესამე ელემენტს, ჩინეთი მნიშვნელოვანი მოთამაშეა კლიმატის გამოწვევის, გლობალური ჯანდაცვის საკითხებისა და გლობალური უსაფრთხოების საკითხებშიც. ამიტომ ჩინეთს ამ საკითხებზეც უნდა ვეთანამშრომლოთ.“

გრეგუარ ლორი, ევრონიუსი:

„ამ ურთიერთობაში წონასწორობის აღდგენა თუ ეხება, მაგალითად, გამოძიებას ჩინეთის მიერ ელექტრომობილების სუბსიდირებასთან დაკავშირებით?“

შარლ მიშელი, ევროპული საბჭოს პრეზიდენტი:

„დიახ, ჩემი აზრით, ეს ნამდვილად სასარგებლოა, როდესაც არსებობს გარკვეული მინიშნებები, რომლებიც გვაფიქრებინებს, რომ ჩვენს ურთიერთობაში წონასწორობას არღვევს გარკვეული ცალმხრივი ქმედებები. ჩვენ უნდა უზრუნველვყოთ, რომ ევროკავშირის ინტერესებს პატივი სცენ. და ჩემი აზრით, ეს მხოლოდ ჩინეთს არ ეხება, ამ შემთხვევაში ჩინეთზეა საუბარი, მაგრამ ასე უნდა იყოს მსოფლიოს ნებისმიერ რეგიონთან მიმართებით, რომლებიც მოცემულ მომენტში ისეთ ნაბიჯებს დგამენ, რომლებმაც შეიძლება იქამდე მიგვიყვანონ, რომ თამაშის წესები ყველა მოთამაშემ ძველებურად აღარ გაიზიაროს. ჩვენ ფრთხილად უნდა ვიყოთ ევროპის დონეზე. ძალიან კარგია, როდესაც სამართლიანი და წესიერი მოთამაშე ხარ, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს ორმხრივი იყოს. როდესაც ჩვენ წესიერად ვიქცევით, ჩვენი პარტნიორისგანაც ველოდებით, რომ ჩვენსავით წესიერად მოიქცევა, მაგალითად, იმავე ეკონომიკური თვალსაზრისით.

გრეგუარ ლორი, ევრონიუსი:

„თუკი არ იქნება შემხვედრი ნაბიჯები, რისი გაკეთება შეუძლია ევროკავშირს? რა იქნება შემდეგი ნაბიჯი?“

შარლ მიშელი, ევროპული საბჭოს პრეზიდენტი:

უპირველეს ყოვლისა, მოდი, ვიმუშაოთ წონასწორობის აღდგენაზე და როდესაც პროგრესს მივაღწევთ ამ მხრივ, მერე შეგვიძლია, შევაფასოთ და ვნახოთ, რა ინსტრუმენტის გამოყენება გვსურს. ჩვენ მიგვიმართავს ჩვენს ხელთ არსებული საშუალებებისთვის როგორც ჩინეთთან, ისე მსოფლიოს სხვა რეგიონების მიმართ, მაგრამ, პირველ რიგში, გვსურს დავრწმუნდეთ, რომ პატივს გვცემენ ჩვენი ეკონომიკური ურთიერთობის გაწონასწორებით.

 

ავტორი: გრეგუარ ლორი

 

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend