კრეუსის კონცხი კატალონიის ჩრდილო-აღმოსავლეთით მდებარე გასაოცარი სილამაზის მქონე ნაკრძალია. ამ ნაკრძალში მოლაშქრეთა ჯგუფი იმ უნიკალურ კვლევაში იღებს მონაწილეობას, რომელიც სანაპიროს სამკურნალო თვისებებს იკვლევს.
„6 წლის წინ მკერდის კიბო მქონდა,“ – ამბობს მარისა ბუსკეტსი, ონკოლოგიური პაციენტი. „იძულებული ვიყავი, მემკურნალა, გამევლო სხივური თერაპია, მიმეღო მედიკამენტები და ეს ყველაფერი დიდი დარტყმა გამოდგა…მაგრამ ახლა ყოველდღე ვტკბები ბუნებით, რაც მეხმარება, თავი უკეთ ვიგრძნო. ზღვის დამამშვიდებელი ხმა, ფიჭვის ხეების სურნელი შინაგან სიმშვიდეს მგვრის, რომელიც საუკეთესოდ კურნავს სულს. სულის სიჯანსაღე კი სხეულსაც წამლობს.“
საზოგადოებაში გავრცელებულია აზრი, რომ ოკეანე მრავალი თვალსაზრისით არის სასარგებლო ჯანმრთელობისთვის, მაგრამ ამის დამამტკიცებელი მონაცემი ნაკლებია. ამიტომ ქალაქ როსასის ექიმებისა და მეცნიერების გუნდმა 24 ონკოლოგიურ პაციენტს შესთავაზა, ორი წლის განმავლობაში სანაპიროზე გამაჯანსაღებელი ფიზიკური თერაპიის უჩვეულო კურსი გაევლოთ. მეცნიერების გუნდი ყურადღებით აკვირდებოდა ამ კვლევის ეფექტს.
„გაოცებული დავრჩით, რომ მცირე რაოდენობით პაციენტების მიუხედავად, საკმაოდ დიდი შედეგი მივიღეთ,“ – ამბობს ანხელ ისკიერდო-ფონტი, კატალონიის ონკოლოგიის ინსტიტუტის ექიმი. „ამ პაციენტებმა გარკვეული დროის განმავლობაში გაიარეს მკურნალობის კურსი და აღარ აქვთ აქტიური კიბო, მაგრამ ზოგიერთი მათგანი ქრონიკული სიმპტომებით ან ემოციური აშლილობით იტანჯება. ჩვენ მიგვაჩნია, რომ ბუნებასთან კონტაქტი ძალიან სასარგებლო იქნება მათთვის“.
მართალია, ბუნებასთან კონტაქტს სამედიცინო მკურნალობის ჩანაცვლება არ შეუძლია, მაგრამ ეს პაციენტების ემოციურ მდგრადობაზე პოზიტიურად აისახა. მეცნიერებმა ერთად შეკრიბეს კითხვარების მონაცემები და ე.წ. ჭკვიანი საათების მიერ შეგროვებული ჯანმრთელობის ძირითადი ინდიკატორები.
„ყოველთვის, როდესაც რამეს ვაკეთებთ, იქნება ეს სანაპიროზე სეირნობა, ცურვა, თუ ყვინთვა ან კიდევ სხვა რამე, ვაკონტროლებთ გულისცემის სიხშირესა და სხეულის ჟანგბადით გაჯერების დონეს,“ – ამბობს ელიანა გერერო, კვლევის მონაწილე.
„ეს უამრავ ენდორფინს, უამრავ ენერგიას გაძლევს. ზღვა პატარა აფთიაქია, რომლის გამოყენებაც უნდა ისწავლო,“ – ასე ფიქრობს პროექტის კიდევ ერთი მონაწილე მარია პალოუ.
ამიტომ მკვლევრები გვთავაზობენ, რომ ზღვის ლურჯი წყალი ისეთ სოციალურ პროგრამებში ჩაიდოს, რომლებიც პირველადი დახმარების პაციენტებს საზოგადოებრივ სერვისებთან და ფინანსებთან აკავშირებენ: ოჯახის ექიმს შეუძლია, პაციენტს გამოუწეროს ზღვაში ბანაობა ან ყვინთვა, როგორც მკურნალობის ნაწილი.
„როდესაც ჯანმრთელობის ისეთ პრობლემასთან გვაქვს საქმე, რომელსაც განსაკუთრებული მკურნალობა არ სჭირდება, ჩვენ ზოგჯერ მედიკამენტებზე სასარგებლოდ მივიჩნევთ სუფთა ჰაერზე სეირნობას, ბუნებაში ან ზღვაზე გასვლას,“ – განმარტავს კატალონიის ჯანდაცვის ინსტიტუტის ოჯახის ექიმი ევა ფონტდეკაბა.
მეცნიერებს, ექიმებს, კიბოს ფონდებსა და ადგილობრივ მთავრობას შორის ასეთი ტიპის თანამშრომლობის წყალობით ფართოვდება კვლევის არეალი. ისინი მრავალი მიმართულებით ეძებენ, თუ რა გავლენას ახდენს ჩვენს ჯანმრთელობასა და კეთილდღეობაზე ზღვა, საკვები, რომელსაც მივირთმევთ და ჰაერი, რომელსაც ვსუნთქავთ. მაგრამ რამდენად სასარგებლო იქნება ეს ყველაფერი, დამოკიდებულია ზღვის სიჯანსაღეზე.
თუ ბუნება და ეკოსისტემა არ არის დაცული, ადამიანი ამით ვერ ისარგებლებს.
ხოსეპ ლიორეტი, ჟირონის უნივერსიტეტის ზღვის ბიოლოგი, კოორდინაციას უწევს როსასში მიმდინარე კვლევას.
„კვლევის ეს მიმართულება, რომელიც ოკეანისა და ადამიანის ჯანმრთელობას სწავლობს, იკვლევს ყველა შესაძლო სარგებელს, მაგრამ ამავე დროს ადგენს, თუ რამდენად საფრთხის შემცველია ის გავლენა, რომელიც ადამიანს აქვს ზღვაზე და რომელიც საბოლოო ჯამში ანგრევს ადამიანის ჯანმრთელობას დაბინძურების დონის ზრდის გამო, რადგან ბევრი ვირუსი და ინდუსტრიული ნარჩენია,“ – ამბობს ხოსეპ ლიორეტი.
დაბინძურებული წყალი სერფინგისტებს ყველაზე დიდ საფრთხეს უქმნის
სანაპირო წყლის ზოლის დაბუნძურებამ ზღვის სასარგებლო გავლენა შესაძლოა საფრთხედ აქციოს.
გამონაკლისი არც კორნუოლია – სერფინგის პოპულარული ადგილი ინგლისის სამხრეთ-დასავლეთით. ამ იდეალურ სანაპიროზე ჩამოსულ სერფინგისტებს თვალი წყლის ხარისხზეც უნდა ეჭიროთ: ქვეყანაში წყლის გადამამუშავებელმა საწარმოებმა შესაძლოა გადააჭარბონ დადგენილ ზღვარს და კანალიზაციაში მავნე ნივთიერებებით დაბინძურებული წყალი ჩაღვარონ, რის გამოც სანაპირო ზოლი სერფინგისთვის უსაფრთხო აღარ იქნება.
„ეს ძალიან მნიშვნელოვანია ჩემი ფსიქიკური ჯანმრთელობისთვის და უამრავი ადამიანისთვის, რომლებიც კორნუოლში ცხოვრობენ, ეს ჩვენი ცხოვრების მნიშვნელოვანი ნაწილია,“ – ამბობს იზი როსი, კამპანიის „სერფინგისტები წყალარინების წინააღმდეგ“ მენეჯერი. „მაგრამ, სამწუხაროდ, წყალში ვერ შევდივართ, რადგან ეს უსაფრთხო არ არის.“
იზი როსი მუშაობს ზღვის კონსერვაციის საქველმოქმედო ორგანიზაციაში, რომელსაც „სერფინგისტები წყალარინების წინააღმდეგ“ ჰქვია. იგი გვიხსნის, რომ სერფინგისტები განსაკუთრებული საფრთხის წინაშე არიან წყლის დაბინძურების შემთხვევაში, რადგან ისინი ტალღებზე სრიალის დროს მუდმივად განიცდიან მათ ზემოქმედებას.
„ზოგჯერ წყალი გვეყლაპება, რაც იმას ნიშნავს, რომ საკმაოდ დიდი რაოდენობით საშიშ ბაქტერიასა და ვირუსს ყლაპავ,“ – განმარტავს იზი. „გასულ წელს 720 შემთხვევა აღირიცხა, აქედან ზოგიერთი ნამდვილად საგანგაშო გამოდგა – იყო გასტროენტერიტის, თვალის ინფექციის, ყურის ინფექციის, საშარდე ტრაქტის ინფექციისა და თირკმლის გაჩერების შემთხვევები.“
საფრთხის უკეთ გაცნობიერების მიზნით, სერფინგისტებმა ექსეტერის უნივერსიტეტის სამედიცინო სკოლის გარემოსა და ადამიანის ჯანმრთელობის ევროპული ცენტრის მეცნიერებთან ითანამშრომლეს.
ამ ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში ჩატარდა გაერთიანებულ სამეფოში სერფინგისტებისგან აღებული ნიმუშების ანალიზი, რომლის შედეგებიც საკმაოდ საგანგაშო აღმოჩნდა.
„ჩვენ აღმოვაჩინეთ, რომ სერფინგისტებს სამჯერ მეტი შანსი აქვთ, რომ სახეზე ანტიბიოტიკის მიმართ რეზისტენტულობის ბაქტერია ატარონ, ვიდრე იმ ადამიანებს, რომლებიც წყალში არ შედიან. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან მათ შესაძლოა ეს ბაქტერია სხვებს გადასდონ,“ – ამბობს ენ ლეონარდი, ექსეტერის უნივერსიტეტის სამედიცინო სკოლის ეპიდემიოლოგი.
მკვლევრებმა აღმოაჩინეს, რომ ქალაქისა და სასოფლო-სამეურნეო ნარჩენების შემცველი ნაკადები, რომლებიც ზღვებში ჩაედინება, ხელს უწყობს მედიკამენტების მიმართ რეზისტენტული ბაქტერიების გაჩენას. ასეთი ინფექციების შედეგი უკვე ძალიან მძიმეა და ტოლს არ უდებს კოვიდის პანდემიის სავალალო მონაცემებს. 2050 წლისთვის ეს ინფექციები შესაძლოა მთელ მსოფლიოში სიკვდილიანობის მთავარი მიზეზი გახდეს.
„ადამიანისა და ცხოველის ექსკრემენტებიც შეიცავს ანტიბიოტიკების ნარჩენებს. მართალია, ეს ნარჩენები წყალში ჯერდება და ძალიან დაბალი მოცულობით რჩება მდინარესა თუ ზღვაში, მაგრამ ჩვენი კვლევები აჩვენებს, რომ შესაძლოა მაინც ისეთ მოცულობას მიაღწიოს, რომელიც ანტიბიოტიკის რეზისტენტულობას გამოიწვევს,“ – გვიხსნის უილიამ გეიზი, ექსეტერის უნივერსიტეტის სამედიცინო სკოლის წარმომადგენელი.
ექსეტერის უნივერსიტეტის ლაბორატორიის ექსპერიმენტმა დაადასტურა, ეს რისკი მართლაც არსებობს. ექსპერიმენტის მიგნება ნათლად აჩვენებს, რომ ჩვენი ოკეანეების დაბინძურება საშიში ნივთიერებებით მხოლოდ სერფინგისტებისა და მეზღვაურების პრობლემა არ არის და ეს ყველას აწუხებს მთელ მსოფლიოში, მიუხედავად ეკონომიკური სტატუსისა.
„გავრცელებულია აზრი, რომ ანტიბიოტიკით დაბუნძურების პრობლემა უფრო დაბალი და საშუალო შემოსავლის მქონე ქვეყნების პრობლემაა, სადაც ანტიბიოტიკებს აწარმოებენ და ფარმაცევტული ინდუსტრიის ნარჩენებს ყრიან, სადაც არ არის ადეკვატური სანიტარიული ინფრასტრუქტურა. მაგრამ ჩვენ დავამტკიცეთ, რომ გაერთიანებულ სამეფოშიც საკმაოდ მაღალია ანტიბიოტიკების დონე და მას შეუძლია რეზისტენტულობა გამოიწვიოს,“ – ამბობს ეიმი მარი, ექსეტერის უნივერსიტეტის სამედიცინო სკოლის წარმომადგენელი.
ევროპის მასშტაბით ჩატარებული კვლევა აჩვენებს, რომ ოკეანესა და ადამიანის ჯანმრთელობას შორის ტოლობის ნიშანია: ჯანმრთელ ზღვას შეუძლია გააუმჯობესოს როგორც ფიზიკური, ისე ფსიქიკური ჯანმრთელობა, მაგრამ თუ ოკეანე დაბინძურდა, ზიანი ჩვენც მოგვადგება.
ავტორი: დენის ლოქტიე