ოცი წლის წინ ლურჯი თინუსი კრიზისში იყო. აზიასა და მთელ მსოფლიოში ძალიან დიდი მოთხოვნა იყო სუშისა და საშიმის ბაზარზე. ამ ისედაც ძვირი დელიკატესის ფასი მკვეთრად გაიზარდა. ინდუსტრიული თევზმჭერი გემები ხმელთაშუა ზღვაში, ფატქობრივად, მეთვალყურეობის გარეშე იჭერდნენ დიდი რაოდენობით თევზს, რაც გონივრულ ეკოლოგიურ ზღვარს სცდებოდა.
“მეტისმეტად ბევრი თევზმჭერი გემი ძალიან დიდი რაოდენობით იჭერდა ლურჯ თინუსს,“ - ამბობს ტრისტან რუიე, IFREMER-ის (საფრანგეთის ოკეანის კვლევის ეროვნული ინსტიტუტი - IFREMER) თევზსაშენის ეკოლოგიის სპეციალისტი. „პრინციპში მათ არავინ აკონტროლებდა. უკანონო თევზჭერა ყველგან იყო გავცრელებული. დიდი რაოდენობით იჭერდნენ როგორც წვრილ, ისე მსხვილ თევზს და არც კი იცოდნენ, ზუსტად რამდენი იყო ნადავლი“.
მეცნიერებმა განაგაშის ზარს შემოჰკრეს. გარემოსდამცველები მეთევზეებისგან მოითხოვდნენ, ხელი აეღოთ თევზის სახეობების განადგურებაზე.
დღეს რადიკლაურად განსხვავებული მდგომარეობაა. ქალაქ სეტში, რომელიც ლურჯ თინუსზე მოთევზავეთა ცენტრია, დიდი თევზმჭერი გემები უქმად დგანან ნავსადგურში. კვოტების გამო მათ წელიწადში მხოლოდ რამდენიმე კვირა შეუძლიათ თევზაობა. როგორც ინდუსტრიულ, ისე მცირე თევზმჭერ გემებს ახლა ძალიან მკაცრად აკონტროლებენ. გარდამტეხი 2007 წელი აღმოჩნდა, როდესაც თინუსის აღდგენის გეგმა მთელ რეგიონში გაიშალა: მკაცრი კვოტები დაწესდა, თევზმჭერი გემების რაოდენობა შემცირდა, თევზაობის სეზონი შეიზღუდა და საერთაშორისო ინსპექციები დაინერგა - შედეგად უკონტროლი თევზაობა დასრულდა. 2007 წელს დაჭერილი ლურჯი თინუსის რაოდენობა ექვსჯერ შემცირდა. ამან საშუალება მისცა თევზს, რომ სწრაფად გამრავლებულიყო. ამის შემდეგ თევზჭერის მოცულობა ისევ გაიზარდა, მაგრამ ამჯერად უსაფრთხო ზღვრების ფარგლებში უნდა ჩამჯდარიყო. საინტერესოა, რას ფიქრობენ მთევზეები ამ შეზღუდვებზე? ბერტრან ვენდლინგი, სეტის მეთევზეთა ყველაზე დიდი კოოპერატივის SaThoAn-ის ხელმძღვანელი ამბობს, რომ მისი წევრები კმაყოფლები არიან.
"თევზი იმდენად კარგად მრავლდება, რომ კვოტებს ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში მუდმივად 20%-ით ზრდიან,“ - განმარტავს ბერტრანი. „დღეს გაცილებით დიდი რაოდენობით თევზის დაჭერა შეგვიძლია ისე, რომ ამ სახეობას ზიანი არ მიადგეს, რადგან პატარა თევზებს აღარ ვიჭერთ. ყველაზე მნიშვნელოვანი კი ის არის, რომ ყველაფერს ზედმიწევნით არეგულირებენ - თითოეულ თევზმჭერს აკონტროლებენ, მონიტორინგს უწევენ, მოქმედებს სახმელეთო კონტროლიც. როგორც მეწარმეთა ორგანიზაციები, ჩვენ გულწრფელად ვითხოვთ, რომ მართვის მეთოდებიც და კონტროლი ისევ მკაცრი იყოს, რათა წარსულის შეცდომები აღარ განმეორდეს“.
თევზის პოპულაციის მართვა მეცნიერული დაკვირვებისა და ანალიზის საფუძველზე ხდება. საფრანგეთის ოკეანის კვლევის ეროვნული ინსტიტუტი (IFREMER) მეცნიერები ევროპული დაფინანსებით თინუსის მიგრაციის საკითხს სწავლობენ: თინუსს იჭერენ, ხელსაწყოთი სწრაფად ამაგრებენ ელექტრონულ ბირკას და თევზს ზღვაში აბრუნებენ, ეს დაპროგრამებული ხელსაწყო სწავლობს თევზის მიგრაციის პროცესს.
"ეს ერთადერთი ხელსაწყოა, რომელიც საშუალებას გვაძლევს, ერთი რომელიმე თინუსის მიგრაციას დავაკვირდეთ,“ - ამბობს ტრისტან რუიე, IFREMER-ის ეკოლოგი. „თევზს პატარა აპარატს ვამაგრებთ, რომელსაც ვაპროგრამებთ, რომ ჩაწეროს წყლის ტემპერატურის, წნევისა და განათების მონაცემები. ამ ინფორმაციის დახმარებით შეგვიძლია, თევზის მიგრაციის გზა აღვადგინოთ“.
თინუსის ელექტრონული აპარატით აღჭურვის შედეგად მიღებულ ინფორმაციას საჰაერო ინსპექციებზე დაფუძნებული კვლევა ავსებს. პატარა თვითმფრინავი მეცნიერებს საშუალებას აძლევს, სწრაფად გადაავლონ თვალი ხმელთაშუა ზღვის აკვატორიას საფრანგეთი-ესპანეთის საზღვარზე. საჰაერო კონტროლი და თევზებზე ელექტრონული ბირკის მიკვრა ხელს უწყობს, რომ უკეთ ადევნონ თვალყური თინუსის პოპულაციის ცვლილებებს.
საჰაერო და საზღვაო სამუშაოების საფუძველზე დგება მეცნიერულად დასაბუთებული თევზჭერის კვოტები, რომლებიც საშულებას აძლევს საერთაშორისო თევზმჭერებს, რომ ხმელთაშუა ზღვასა და ატლანტის ოკეანის აღმოსავლეთ აკვატორიაში ლურჯ თინუსზე თევზაობა ეკოლოგიისთვის უვნებელ ზღვრებში შეინარჩუნონ. ძალისხმევამ შედეგიც გამოიღო.
"2000 წლიდან მოყოლებული 2020 წლამდე ძალიან იმატა თინუსის რიცხვმა,“ - განმარტავს ტრისტან რუიე. „მაგალითად 2000 წელს ერთი სეზონის განმავლობაში - რომელიც 8-12 საჰაერო გასვლას მოიცავს - 60 გუნდს ვნახულობდით. 2020-ის შემდეგ კი გვქონია შემთხვევა, როცა ერთი საჰაერო ინსპექციის დროს 300 გუნდიც კი დაგვითვლია! ამდენად, მნიშვნელოვანია მატება. 2020-იდან მოყოლებული გარკვეული სტაბილიზაცია შეინიშნება.“
თუმცა ზოგჯერ წლიდან წლამდე იმდენად ცვლადია მაჩვენებელი, რომ მეცნიერები ჯერ დაზუსტებით ვერ ამბობენ, შემცირებასთან აქვთ საქმე თუ სტაბილიზაციასთან.
საინტერესოა, რამდენად შესაძლებელია, რომ თინუსის რაოდენობა ისეთივე საშიშ ზღვრამდე შემცირდეს, როგორიც ეს გასული საუკუნის 90-იან წლებში იყო? ამ პოპულარული სახეობისა და მეთევზეთა შემდეგი თაობის მომავალი იმაზეა დამოკიდებული, თუ რამდენად განუხრელად დაიცავენ მდგრადობის წესებს. ეს საკითხი იმ მეცნიერებზეც არის დამოკიდებული, რომლებიც გულმოდგინედ აკვირდებიან თევზებს.
“ვიცით, რომ უკანონო თევზჭერა ისევ დაიწყო გარკვეულ ადგილებში. ამიტომ ამ მხრივ ძალიან ფხიზლად უნდა ვიყოთ,“ - გვაფრთხილებს ტრისტან რუიე. „თვალყურის დევნება ძალიან მნიშვნელოვანია. თუ კონტროლს დავკარგავთ თევზჭერაზე, ალბათ ისევ ძველი პრობლემების წინაშე დავდგებით“.
ჯერჯერობით ლურჯი თინუსის ამბავი ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული საერთაშორისო პროექტია, რომლის წყალობითაც გადაშენების პირას მისული თევზის სახეობა მაინც გადარჩა.
ავტორი: დენის ლოქტიე
