მთავარისპორტისტივ კინი: "ტორპედო" გულშემატკივარს ეკუთვნის

სტივ კინი: “ტორპედო” გულშემატკივარს ეკუთვნის

ქუთაისის “ტორპედოს” მთავარი მწვრთნელი, სტივ კინი საქართველოს ეროვნულ ლიგაში პირველი სპეციალისტია, რომელსაც ინგლისის პრემიერლიგის გამოცდილება აქვს. შოტლანდიელი მწვრთნელი “ბლექბერნ როვერსს” 2010-12 წლებში ხელმძღვანელობდა.

სტივ კინი ევრონიუს ჯორჯიას “ტორპედოს” გეგმებისა და ქართული ფეხბურთის შესახებ რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე ესაუბრა.

– „ საქართველოს ჩემპიონატში პირველი მწვრთნელი ხართ, რომელსაც ინგლისის პრემიერლიგაში მუშაობის გამოცდილება აქვს. საინტერესოა, რამ განაპირობა თქვენი გადაწყვეტილება“

– „ გადაწყვეტილება „ტორპედოს“ პრეზიდენტთან და დირექტორთან საუბრის შემდეგ მივიღე. მათ განმიმარტეს, სატურნირო ცხრილის სათავეში დაბრუნება გუნდის ერთ-ერთი მთავარი მიზანია. ასევე მნიშვნელოვანია რომ გუნდში პროგრესი იყოს და ვიბრძოლოთ არა მხოლოდ საშინაო ასპარეზზე, არამედ ევროტურნირებზეც. ჩემთვის ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი იყო საუბარი მოთამაშეების განვითარების შესახებ, ეს პროცესი ჩემთვის ყოველთვის სასიამოვნოა, განსაკუთრებით ახალგაზრდებთან მუშაობა და მათთვის ხელის შეწყობა. თუმცა ვფიქრობ, რომ ნებისმიერი მოთამაშის გაუმჯობესება შეიძლება, ასაკს არ აქვს მნიშვნელობა. კლუბის პრეზიდენტმა, დავით კერესელიძემ მითხრა, რომ გუნდი  ამას დიდ ყურადღებას აქცევს, რამაც ჩემზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა. მინდა „ტორპედოს“ წინა მწვრთნელების მიმართ პატივისცემა გამოვხატო. ჩვენი ერთ-ერთი მთავარი მიზანი ამ გუნდის მაღალ დონეზე დაბრუნებაა, თითოეულ ტურნირზე უნდა ვიბრძოლოთ და გამარჯვება ვცადოთ“

– „ ქუთაისის „ტორპედო“ საქართველოში ერთ-ერთი ისტორიული და ამბიციური გუნდია. როგორ ფიქრობთ, რა პოტენციალი აქვს თქვენ გუნდს და კონკრეტულად რა იქნება თქვენი მიზანი?“

– „ ვფიქრობ, რომ მიზანი შესაძლოა იყოს სამომავლო, საშუალო ან მოკლე პერიოდზე გათვლილი. უახლოეს მომავალში, ჩვენი მიზანი ნათელია. ბევრი რამ უნდა შევცვალოთ, მათ შორის ჩვენი აზროვნება. უნდა ვიფიქროთ იმაზე, რომ შეგვიძლია თამაშების მოგება და ვართ კარგი გუნდი, გვყავს კარგი მოთამაშეები. ვფიქრობ რომ ეს პირველ თამაშში, „დინამო თბილისის“ წინააღმდეგ ვაჩვენეთ, განსაკუთრებით მატჩის პირველ ნახევარში. ჩვენ თამაშის სტილი შევცვალეთ, მაღალი ინტენსივობით ვთამაშობდით პრესინგს და ვიყავით აგრესიულები როდესაც ბურთი არ გვქონდა. ეს ჩემთვის შთამაგონებელი იყო. ვნახე, რომ ჩემს ფეხბურთელებს კარგად თამაში შეუძლიათ. მივხვდით, რომ არ უნდა გვეშინოდეს, არ უნდა მივცეთ მეტოქე გუნდს იმის შანსი რომ თავისი თამაში მოგვახვიოს თავს. შეგვიძლია ბურთი მოვიპოვოთ მეტოქის ნახევარზე. მეორე ტაიმში ის გუნდი ვიყავით, რომელიც თამაშის მოგებას ცდილობდა. რა თქმა უნდა, ძალიან იმედგაცრუებულები ვართ, რომ თამაში ბოლო წუთზე, ვიდეოგამეორების შედეგად დანიშნული პენალტით წავაგეთ, თუმცა ვფიქრობ, რომ წაგება მაშინ, როდესაც გამარჯვებისთვის იბრძვი, პოზიტიურად უნდა ჩაითვალოს“

– „ შეგიძლიათ თქვათ რომ კმაყოფილი ხართ მებრძოლი სულით, რომელიც თქვენმა გუნდმა „დინამოსთან“ აჩვენა და რამდენად დაგეხმარებათ ეს იმაში, რომ ამ სეზონში სასურველ შედეგს მიაღწიოთ?“

– „ნებისმიერ გუნდს უნდა ჰქონდეს გამარჯვებულის მენტალიტეტი და მებრძოლი სული. ეს არ არის რაიმე განსაკუთრებული, ეს ჩვეულებრივი მოვლენაა. რა ანგარიშიც არ უნდა იყოს, ვის წინააღმდეგაც არ უნდა ვთამშობდეთ, უნდა ვიბრძოლოთ. არა მხოლოდ თითოეული ქულისთვის, არამედ თითოეული ბურთის წართმევისთვის, პოზიციის მოპოვებისთვის, ყველაფრისთვის უნდა ვიბრძოლოთ. ვფიქრობ, რომ „დინამოსთან“ მატჩში გულშემატკივრებმა ეს დააფასეს, მათ მარცხის მიუხედავად, შეხვედრის ბოლოსაც დაუჭირეს მხარი ფეხბურთელებს. ნებისმიერ შემთხვევაში თითოეული ქულისთვის უნდა ვიბრძოლოთ, ეს ჩვენთვის ჩვეულებრივი მოვლენა უნდა იყოს.

– „ თქვენ ახსენეთ გულშემატკივრები. „ტორპედოს“ საქართველოში გამორჩეული ფანები ყავს, რომლებიც ყოველთვის თავიანთი გუნდის გვერდით დგანან. თქვენ მათ უკვე შეხვდით, როგორ შეეგებნენ ისინი თავიანთ გუნდში ინგლისის პრემიერლიგის გამოცდილების მქონე მწვრთნელს?“

– „ ვფიქრობ, რომ კლუბის პრეზიდენტთან, დირექტორთან და გულშემატკივრებთან ერთად საინტერესო დისკუსია შედგა. გვინდოდა გვეთქვა ჩვენი სათქმელი, რომ ეს გუნდი გულშემატკივარს ეკუთვნის. მინდოდა მათთვის გამეცნო კლუბის გეგმები როგორც სამომავლო, ასევე ახლო მომავლის პერსპექტივაში. მინდა რომ მათთვის მაქსიმალურად ღია ვიყოთ, უნდა იცოდნენ რის გაკეთებას ვაპირებთ. ვფიქრობ, რომ პირველი თამაში ამის კარგი მაგალითი იყო. მიუხედავად იმისა, რომ ქულები ვერ მოვიპოვეთ, ეს წინ გადადგმული პატარა ნაბიჯია, ბოლომდე ვიბრძოლეთ და გასახდელში არაფერი არ დაგვიტოვებია. ენერგია, ენთუზიაზმი, ყველაფერი რაც გვქონდა მინდორზე დავდეთ. როგორც გუნდის მწვრთნელი, ამ მონდომებით შემიძლია ვიამაყო“

– „ ბატონო სტივ, თქვენ ახალ გუნდში სეზონის მიმდინარეობისას მოხვედით, ასეთ დროს გუნდის ჩაბარება ადვილი არ არის. სად გსურთ თქვენი გუნდის ნახვა სეზონის დასასრულს სატურნირო ცხრილში?“

– „სეზონის ბოლომდე წინ დიდი გზაა გასავლელი. ჯერ, მომდევნო სამი შეხვედრის შესახებ უნდა ვიფიქროთ. ამის შემდეგ შესვენება იქნება და ამ შესვენების დროს სუპერთასისთვის უნდა მოვემზადოთ. იმედია, ნახევარფინალურ ეტაპს გავივლით და ფინალში თამაშის შანსი გვექნება.  შემდეგ ევროტურნირის შესახებ უნდა ვიფიქროთ და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ მაქსიმალურად ბევრი ეტაპი გადავლახოთ. ვიცი რომ ეს ბანალური ფრაზაა, თუმცა თითოეული თამაშისთვის უნდა მოვემზადოთ, განსაკუთრებით მე, რადგანაც აქ სულ რამდენიმე დღის წინ მოვედი და მოთამაშეებთან სამუშაოდ ცოტა დრო მაქვს. ჩემი ფეხბურთელების განვითარებაში წვლილის შესატანად მათი  შესაძლებლობები უკეთ უნდა შევისწავლო. გუნდის სტრუქტურა უკეთ უნდა გავიცნო და შევიმუშაო საუკეთესო სისტემა იმ მოთამაშეებისთვის, რომლებიც ახლა გვყავს. ამ შემადგენლობით მაქსიმუმი უნდა გავაკეთოთ და მოვიპოვოთ გამარჯვებები. ეს პირველ თამაშში ვერ შევძელით, თუმცა ამ მატჩშიც ბევრი დადებითი რამ ვნახე“

– „ თქვენ ევროტურნირები ახსენებთ. „ტორპედო“ წინა საქართველოს თასის წინა სეზონის გამარჯვებულია, შესაბამისად გუნდი უეფა კონფერენს ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე იასპარეზებს. შეეცდებით გუნდში ახალი მოთამაშეების მოყვანას ევროტურნირზე გამოსასვლელად?“

– „ვფიქრობ რომ გუნდში გვყავს მაღალი დონის ფეხბურთელები, თუმცა სატრანსფერო ფანჯრის დროს ნებისმიერ გუნდს სჭირდება გადახალისება და რამდენიმე მოთამაშის დამატება. ახალი მოთამაშეების მოსვლა გუნდში თითოეულ ფეხბურთელს უწყობს ხელს. მომდევნო დღეებსა და მატჩებში ჩემი გუნდის შემადგენლობას უკეთ შევისწავლი და შემდეგ შევეცდებით რამდენიმე მოთამაშის დამატებას არა ვინმეს შესაცვლელად, არამედ ამ ფეხბურთელების დასახმარებლად. გვინდა რომ ჩვენი გუნდის შემადგენლობის უმრავლესობას დავეხმაროთ და არ შევცვალოთ. იქნება ამისათვის საჭირო ახალი ფეხბურთელების მოყვანა? დიახ! რამდენი? ამას უახლოეს მომავალში გადავწყვეტთ და განვიხილავთ პრეზიდენტთან ერთად.

– პირველი თამაშის ჩატარება სამტრედიაში მოგიწიათ. ქუთაისში, შენგელიას სახელობის სტადიონი რემონტდება, რამდენად ელოდებით ტორპედოს სტადიონზე თქვენი ფანების წინაშე თამაშს?

– ვხედავთ თუ როგორი ფანტასტიკური გამოდის ტორპედოს განახლებული სტადიონი. პერსონალი და მუშები თავს არ ზოგავენ, რომ 21-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატს სათანადო მდგომარეობაში დახვდეს ქუთაისი. სიმართლე გითხრათ, ვისურვებდი, რომ დასრულებული იყოს და დარჩენილი თამაშების ჩატარება აქ შეგვეძლოს, საკუთარ კედლებში. დარწმუნებული ვარ მაყურებლები და ფანები აღტაცებულნი იქნებიან ახალი სტადიონით, რადგან მართლაც ის ძალიან ლამაზი გამოდის. იმედი მაქვს, რომ სეზონის მეორე რაუნდის დაწყებამდე რამდენიმე ამხანაგური მატჩის ჩატარებას შევძლებთ.

– ჩვენ 21 წლამდელთა ევროპის ჩემპიონატი ვახსენეთ. ეს ქართული ფეხბურთისთვის ძალიან მნიშვნელოვანი ტურნირი იქნება. როგორ ფიქრობთ რამდენად დაეხმარება ეს ტურნირი ქართული ფეხბურთის განვითარებას?

– ვფიქრობ, ქვეყნისთვის ეს ჩემპიონატი ძალიან მნიშვნელოვანია. დარწმუნებული ვარ ამ ტურნირის ყურებით ყველა ძალიან ვისიამოვნებთ, მაგრამ ამავდროულად დასანანია ის, რომ ტორპედო მანამდე ვერ დაიბრუნებს საკუთარ სტადიონს, სანამ ტურნირი არ დამთავრდება. მთელი მსოფლიოდან ნახავს მაყურებელი თუ რა შესაძლებლობები აქვს ფეხბურთში ამ პატარა ქვეყანას. დარწმუნებული ვარ, რომ უამრავ ახალგაზრდა, ნიჭიერ და პერსპექტიულ ფეხბურთელს აღმოაჩენს ეს ტურნირი.

– ახალგაზრდა ნიჭიერ ფეხბურთელებზე გვაქვს საუბარი და აღსანიშნავია, რომ ტორპედოს ძალიან კარგი ფეხბურთელები ჰყავს, მათგან ერთ-ერთი გიორგი არაბიძეა, რომელიც საქართველოს ნაკრების ერთ-ერთი ძლიერი შემტევი ძალა იყო. არის თუ არა თქვენი ერთ-ერთი მთავარი მიზანი, მისი ხელშეწყობა და იმ დონეზე დაბრუნება, რომელზეც რამდენიმე წლის წინ თამაშობდა?

–  რა თქმა უნდა, გიორგის ძალიან კარგი ტექნიკური შესაძლებლობები აქვს და რაც მთავარია საოცრად შეუძლია სიმშვიდის შენარჩუნება. ჭკვიანი მოთამაშეა, იცის თუ როდის უნდა გააკეთოს პასი. ჩვენ ის მეტად უნდა გავამხნევოთ, რომ თავდაჯერება და რწმენა შევმატოთ. ის ნამდვილად თამაშის შემცვლელი ფეხბურთელია და იმედი გვაქვს, რომ შევძლებთ და უახლოეს მომავალში გიორგის საუკეთესო ვერსიას ვიხილავთ სტადიონზე. ეჭვგარეშეა, რომ ის უმაღლესი კლასის ფეხბურთელია.

– მას ისეთი გამოცდილი თანაგუნდელები ჰყავს, როგორებიც არიან გიორგი კუხიანიძე, მერაბ გიგაური და სხვები. როგორ ფიქრობთ, შეუძლიათ თუ არა მათ, რომ ხელი შეუწყონ სხვა მოთამაშეების განვითარებას?

– ისეთი ფეხბურთელები გვყავს, რომ ყველას შეუძლია ერთმანეთისგან რაღაც კარგი ისწავლოს. მსიამოვნებს გუნდში არსებული თბილი და მეგობრული დამოკიდებულება ერთმანეთისადმი. მიუხედავად იმისა, რომ ჯერჯერობით ისეთი შედეგი არ გვაქვს როგორიც გვსურს, ვხედავ თუ როგორ სწყურიათ ფეხბურთელებს წარმატების მიღწევა და ამისთვის ბევრს შრომობენ დარწმუნებული ვარ, რომ როცა რამდენიმე მატჩს მოვიგებთ, ყველაფერი კარგად აეწყობა და სეზონის მეორე ნაწილი ბევრად უკეთესი გვექნება.

– ქუთაისის ტორპედოს ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტი აფინანსებს, მათ ძალიან ბევრი რამ გააკეთეს იმისთვის, რომ თქვენ და არაერთი კარგი ფეხბურთელი მოსულიყო გუნდში. როგორც ვიცი, იგეგმება, რომ უნივერსიტეტში სპორტის ფაკულტეტი ჩამოყალიბდეს, რომელშიც ყურადღებას დიდწილად ფეხბურთს მიაქცევენ. როგორ ფიქრობთ, რამდენად მნიშვნელოვანი იქნება ეს ქართული ფეხბურთისთვის და შესაძლებლობის შემთხვევაში მიიღებდით თუ არა მონაწილეობას ახალგაზრდა ფეხბურთელებისა და მწვრთნელების განათლებაში?

– ნებისმიერი სახის განათლება ძალიან მნიშვნელოვანია. მე ყოველთვის ვამბობ, რომ ახალგაზრდა ასაკიდანვე სჭირდებათ ფეხბურთელებს განათლება, რომ ისინი როგორც კარგი მოთამაშეები, ასევე განათლებული პიროვნებები იყვნენ. როცა ფეხბურთელი სწავლობს, ის იღებს ფიზიკურ, ტაქტიკურ და ტექნიკურ ინფორმაციებს, რითიც შემდგომში პრივილეგირებულია სხვა მოთამაშეებთან შედარებით, როგორც მოედანზე, ასევე მის გარეთაც. ყოველთვის ვუჭერდი და დავუჭერ მხარს ფეხბურთელების და მწვრთნელების განათლებას, როგორც იცით მე საფეხბურთო განმანათლებელი ვარ შოტლანდიის ფეხბურთის ფედერაციასა და უეფაში, როგორც ფეხბურთელების ასევე მწვრთნელების. მივესალმები ამ ინიციატივას და მხარს ვუჭერ.

– ბოლო პერიოდში ისეთმა ფეხბურთელებმა, როგორებიც არიან ხვიჩა კვარაცხელია, გიორგი მამარდაშვილი და სხვები, ქართულ ფეხბურთს ხალისი დაუბრუნეს და ნაკრების თამაშებზე სტადიონები სულ ივსება გულშემატკივრებით. როგორც იცით ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე საქართველო და თქვენი მშობლიური შოტლანდია ხვდებიან ერთმანეთს. შესაძლოა ვიხილოთ ისეთი ფეხბურთელების დაპირისპირება როგორებიც არიან ხვიჩა კვარაცხელია და ენდი რობერტსონი ან კირან ტირნი. როგორ ფიქრობთ რომელი გუნდი იქნება ფავორიტი ამ თამაშში და ასევე როგორ შეაფასებდით საქართველოს ნაკრების პოტენციალს?

– საქართველოს ნაკრებს ნამდვილად უმაღლესი კლასის ფეხბურთელები ჰყავს. შოტლანდიისა და საქართველოს ნაკრებები თავიანთი სათამაშო სტილით ერთმანეთისგან განსხვავდებიან. ქართველები ტექნიკურად თამაშობენ და ცდილობენ ბურთის შენარჩუნებას, ხოლო შოტლანდიელები უფრო ფიზიკურ სიძლიერეზე აკეთებენ აქცენტს და ძალიან ბევრს დარბიან მოედანზე. ძალიან საინტერესო სანახაობა იქნება ტექნიკური ფეხბურთის დაპირისპირება ფიზიკურთან.


უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend