მთავარისაქართველოქართველი გიდების პროტესტი

ქართველი გიდების პროტესტი

„საერთოდ არ არის კონტროლი, გუშინდელი ჩემი ტურისტი დღეს ჩამოდის როგორც გიდი“ – ქეთი ბურნაძე, გიდი.

„მართლა მარტო ხაჭაპურის და ხინკლის ქვეყანად რომ ვიქეცით სამარცხვინოა პირდაპირ“ – ლალი ვაშაყმაძე, გიდი.

ქართველი გიდები ამბობენ, რომ საქართველოში გახშირდა ფაქტები, როცა უცხო ქვეყნის მოქალაქეები ყოველგვარი გამოცდილების და ცოდნის გარეშე ტურისტებს გიდის მომსახურებას სთავაზობენ და საქართველოს შესახებ არასწორ ინფორმაციას აწვდიან.  როგორც ისინი ყვებიან მსგავსი შემთხვევები განსაკუთრებით ბოლო პერიოდში მომრავლდა, მას შემდეგ, რაც რუსეთიდან უამრავი ადამიანი ჩამოვიდა საქართველოში საცხოვრებლად. ინტერნეტსივრცესა თუ სხვადასხვა პლატფორმაზე ბევრი ჯგუფი თუ გვერდი არსებობს, სადაც მსურველებს ძირითადად რუსულენოვან ტურებს სთავაზობენ. თუმცა როგორც ქართველი გიდები ამბობენ,  ეს არ ეხება მხოლოდ რუსულენოვან გიდებს, მათი თქმით პრობლემა უფრო მასშტაბურია.

„ჯერ ერთი ძალიან დიდი საუკუნოვანი ცდომილებებია, მეორე, ძალიან მშრალად ყვებიან. მე მაგალითად შემიძლია გავამდიდრო ლიტერატურიდანაც, არა მარტო ისტორიული წყაროებით. ზოგიერთი მარტო ლეგენდებით შემოიფარგლება და მარტო ლეგენდების ქვეყანა არ ვართ. ჩვენ ვართ ძალიან დიდი ცივილიზაციის და კულტურის ქვეყანა და ამას გატანა სჭირდება, ინფორმაციის დამახინჯება ძალიან დიდი მკრეხელობაა ისეთი დიდი ცივილიზაციის ქვეყნისთვის, როგორიც საქართველოა“ – ამბობს ლალი ვაშაყმაძე, რომელიც ფრანგულენოვანი გიდია.

„ძალიან გახშირდა უცხოენოვანი გიდები. ისევე როგორც ევროპის წარმომადგენლები, ასევე რუსეთიდან, უკრაინიდან, ბელარუსიდან. აღარ ჩამოვყვები არაბებს, ინდუსებს, პაკისტანელებს, რომლებმაც არანაკლებ აითვისეს ტურისტული მარშრუტები, მაგრამ იმ კუთხით არ აუთვისებიათ, რა კუთხითაც ჩვენ წარმოვადგენთ. ქვეყანა აქციეს არა უძველესი დამწერლობის, უძველესი არქიტექტურის, უძველესი ისტორიის ქვეყნად, ეს გადადის უბრალოდ გასტრონომიულ ინტერესებზე“ – წუხს ქეთი ბურნაძე.

„ეს ბევრ ადამიანს ფინანსურადაც დაეტყო. ამ დროს არის ხოლმე ჯავშნები, თავისუფალი დრო არ აქვთ გიდებს და საკმაოდ ბევრი კარგი გიდი დღეს არის უმუშევარი“ – აცხადებს ნატა კლიმიაშვილი, ერთ-ერთი ტურისტული კომპანიის დამფუძნებელი.

„ტურიზმისა და კურორტების შესახებ“ დღეს მოქმედი საქართველოს კანონი მიღებულია 1997 წელს და სპეციალისტების თქმით ვერ პასუხობს არსებულ გამოწვევებს. ქართველი გიდები ითხოვენ კანონში ჩაიწეროს, რომ ყველა გიდი უნდა ფლობდეს ქართულ ენას და იყოს საქართველოს მოქალაქე. მათ აზრს იზიარებენ გიდების ასოციაციაშიც.

კანონპროექტი, რომელიც ტურისტულ სფეროს და მათ შორის გიდების საქმიანობას დაარეგულირებს, შემუშავების პროცესშია. სამუშაოში ჩართულნი არიან თავად გიდები და ასოციაციებიც. რა ცვლილებები შევა კანონპროექტში და როგორ დარეგულირდება უცხოენოვანი გიდების საქმიანობა ჯერჯერობით უცნობია. პარლამენტში კანონპროექტის განხილვა საგაზაფხულო სესიის ფარგლებშია დაგეგმილი.

გიორგი ბოლქვაძე

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend