მთავარიგადაცემებიოკეანეევროპული პორტები ეკომეგობრულ ინფრასტრუქტურაზე გადადიან

ევროპული პორტები ეკომეგობრულ ინფრასტრუქტურაზე გადადიან

პორტები საერთაშორისო ვაჭრობის სული და გულია, რადგან ისინი მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეს ერთმანეთთან აკავშირებენ და ეკონომიკის ზრდას უწყობენ ხელს. მაგრამ მათ საქმიანობას დიდი პრობლემაც ახლავს: პორტებში დიდი რაოდენობით გამოიყოფა ნახშირბადი.

ქარის ენერგია

ჯერ კიდევ ანტვერპენის პორტთან შერწყმამდე ბელგიის ზებრიუგეს მსოფლიოში ავტომობილების მიმღები  ყველაზე დიდი პორტის სახელი ჰქონდა.  აქ შემოსული გემები ელექტროენერგიას საწვავის მეშვეობით იღებენ. მაგრამ სულ მალე ამ გემებს ქარის ტურბინების მიერ წარმოებულ სუფთა ენერგიაზე ექნებათ წვდომა – ეს უფრო ეკომეგობრული გამოსავალია, რომელიც შესანიშნავად ესადაგება ბელგიის ყველაზე ქარიან ადგილს.

„ევროპაში პირველი ქარის ტურბინა აქ, ზებრიუგეში, დაიდგა,“ – ამბობს დრაის დე სმეტი, ანტვერპენ-ზებრიუგეს პორტის მრჩეველი მდგრადი ენერგიის  საკითხებში. „ასე რომ, ჩვენ ყოველთვის პიონერები ვიყავით ამ მხრივ. აქ განთავსებული 54 ტურბინა 100 ათას ოჯახს ამარაგებს მწვანე ელექტროენერგიით. რასაკვირველია, ამ ელექტროენერგიის დიდ ნაწილს ტერმინალები და კომპანიები მოიხმარენ, რის გამოც დარწმუნმებით შეიძლება ითქვას, რომ მათ მუშაობა  CO2-ის დიდი გამონაბოლქვის გარეშე შეუძლიათ.“

ეკოლოგიურ მიზნებს ეკონომიკური სარგებელიც მოაქვს

ანტვერპენისა და ზებრიუგეს პორტების შერწყმის შედეგად  გაჩნდა ევროპის ერთ-ერთი უმსხვილესი პორტი, რომელსაც აქვს ამბიცია, რომ მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე მდგრადი პორტიც გახდეს.

ანტვერპენის ევროტერმინალი  – Antwerp Euroterminal (AET) –  მანათობელ დიოდებზე გადავიდა, სახურავებზე მზის პანელები განათავსა, ხოლო კონტეინერებსა და ავტომობილებს დაგროვებული წვიმის წყალით რეცხავს – ამ ყველაფერს ქარის ელექტროენერგიით მომარაგებაც ემატება.

ანტვერპენში  მუდმივად არც ქარი უბერავს და არც მზე ანათებს, მაგრამ ამ პრობლემას ტერმინალი ახალი ბატარეების საშუალებით წყვეტს. ეს ტერმინალი ევროკავშირის პროექტ PIONEERS-ის ნაწილია.

ამ პროექტის მმართველი დირექტორი ამბობს, რომ ტერმინალი მოხმარებული ელექტროენერგიის 86 პროცენტს მწვანე რესურსებიდან იღებს.

ივ დე ლარივიერი, ანტვერპენის ევროტერმინალის მმართველი დირექტორი:

„ჩვენ მაშინვე ვიგრძენით განახლებადი ენერგიის გამოყენების ეფექტი, რადგან ელექტრომომარაგების ფასი გასულ წელს ელვის სიწრაფით გაიზარდა, ამიტომ მაშინვე მივიღეთ ჩვენი ძალისხმევისგან სარგებელი. ჩვენი მომხმარებელი გვთხოვს, რომ ვაჩვენოთ ჩვენი საქმიანობის  გავლენა ეკოლოგიაზე. და თუ ჯერ არ არსებობს ასეთი ბიზნესის მაგალითი,  ხვალ აუცილებლად იქნება. ასე ვფიქრობ და იმედი მაქვს, რომ ამისთვის მზად ვიქნებით“.

კონკურენტუნარიანობა არ იკარგება

ანტვერპენ-ბრიუგეს პორტი ბელგიის მთლიანი შიდა პროდუქტის 4.5 პროცენტს ქმნის და სატვირთო ტერმინალებში, სადისტრიბუციო ცენტრებსა და ევროპის ყველაზე მსხვილ ქიმიური წარმოების   ჰაბში 160 ათას ადამიანს ასაქმებს. პორტი წელიწადში 17 მილიონ ტონა CO2-ს გამოყოფს – პორტის მესვეურნი ამ პრობლემის მოხსნას  გეგმავენ 2050 წლისთვის, როდესაც ნახშირბადნეიტრალური უნდა გახდეს.

 

„ჩვენ ნახშირბადის თვალსაზრისით უზარმაზარი პრობლემა გვაქვს,“ – ამბობს  გაი იანსენსი, ანტვერპენ-ბრიუგეს პორტის კორპორატიულ საქმეთა მმართველი. „ბელგიის მიერ გამოყოფილი ნახშირბადის მთლიანი მოცულობის 10 პროცენტზე მეტი ჩვენზე მოდის. ჩვენ დიდი რაოდენობით ენერგია, საწვავი, ელექტროენერგია,  ნედლეული და სითბო გვჭირდება. რა თქმა უნდა, ჩვენი მთავარი ამბიცია ის არის, რომ ჩვენი პლატფორმის კონკურენტუნარიანობა მსოფლიო დონეზე არ შეიცვალოს და, ამავდროულად, გამონაბოლქვი ნულამდე დავიყვანოთ“.

ალტერნატიული საწვავი

ამ მიზნის მიღწევის ერთ-ერთი გზა არის ამ ინდუსტრიის მიერ გამოყოფილი CO2-ის გამონაბოლქვის ჰაერში შეკავება, შენახვა და ხელახლა გამოყენება.

კიდევ ერთი გამოსავალი წიაღისეული საწვავიდან მის ალტერნატივაზე გადასვლაა,  როგორიცაა წყალბადის საწვავი, რომლის წარმოებაც შესაძლებელია განახლებადი ენერგორესურსების მეშვეობით. ეს ნახშირბადნეიტრალურობას უზრუნველყოფს. პორტის მიზანია, რომ მწვანე წყალბადის საერთაშორისო ჰაბი გახდეს.

კომპანია PSA-ის  კონტეინერების ტერმინალი უკვე ატარებს ალტერნატიულ საწვავის ექსპერიმენტებს წყალბადის ჩათვლით.

ამ ტერმინალში კონტეინერები 100-ზე მეტ  ამწეს გადააქვს. მათი დიზელის ძრავები ერთად დიდი ოდენობით გამონაბოლქვს გამოყოფს. პროექტ  PIONEERS-ის მონაწილე  ტერმინალი და თავის პარტნიორ კომპანია CMB.TECH-თან ერთად გადამზიდ ამწეებზე ჰიბრიდული სისტემებს აყენებენ, რომლებიც დიზელისა და წყალბადის საწვავს მოიხმარს. ამიტომ უფრო ნაკლებ გამონაბოლქვს აფრქვევს. ექსპერიმენტი აჩვენებს, თუ როგორ შეიძლება ამ ტექნოლოგიის დახვეწა.

„იმ მეთოდს, რომელსაც აქ მივმართავთ, ორმაგი საწვავის ტექნოლოგია ეწოდება,“ – განმარტავს  ბარტ პაიჯმანსი, ანტვერპენის ტერმინალის მომსახურების მდგრადი განვითარების მენეჯერი. „ჩვენ უკვე არსებულ ძრავაში ვასხამთ როგორც წყალბადის, ისე დიზელის საწვავს. ორმაგი საწვავი საშუალება გვაძლევს, რომ უკვე მოქმედი ამწე გამოვიყენოთ და თანდათან წყალბადის საწვავისთვის საჭირო ინფრასტრუქტურა განვავითაროთ. დღეს ის არ არსებობს. ამიტომ თუ წყალბადის საწვავის მიწოდების პრობლემა შეიქმნა, ჩვენ შევძლებთ, რომ დიზელი გამოვიყენოთ.“

საერთაშორისო თანამშრომლობა

ანტვერპენ-ბიურგეს პორტის გარდა,  PIONEERS-ის პროექტი ასევე მოიცავს ესპანეთში ბარსელონას, რუმინეთში კონსტანცას, სამხრეთ ნიდერლანდებში კი ვენლოს Venlo პორტებსაც. ამ პროექტის მიზანია, აჩვენოს ის განსხვავებული სტრატეგიები, რომლებსაც სხვადასხვა პორტი იყენებს გარემოზე მავნე გავლენის შესამცირებლად ისე, რომ მათი კონკურენტუნარიანობაც არ დაზარალდეს – რაც ესადაგება ევროპის „მწვანე შეთანხმებას“.  ინგე დე ვულფი Inge De Wolf ამ პროექტის კოორდინატორია.

„თითოეულ პორტს აქვს უნიკალური საპორტო ეკოსისტემა, რომლის საშუალებითაც ერთმანეთისგან ვსწავლობთ. ასევე ვსწავლობთ პორტის მუშახელისა და წილების მფლობელებისგანაც,“ – ამბობს ინგე დე ვულფი, პროექტ  PIONEERS-ის კოორდინატორი. „ჩვენ ყურადღებას ვაქცევთ, მაგალითად,  სუფთა ენერგიის წარმოებასა და მიწოდებას, პორტის ეკოლოგიურ მოდელს. ასევე ვაკვირდებით საქონლის გადაზიდვისა და მგზავრთა გადაყვანის ოპტიმიზაციის მოდალურ ნაკადებსა და ციფრულ ტრანსფორმაციას. გვაქვს ამბიცია, რომ პროექტის დასასრულს ე.წ. მწვანე პორტის სამოქმედო გეგმა დავდოთ, რომელსაც გამოვიყენებთ პორტებში როგორც ევროპაში, ისე მის ფარგლებს გარეთ.“

ციფრული ტექნოლოგიები

ციფრულ ტექნოლოგიებს პორტის ეფექტურობის გაზრდა შეუძლიათ, რასაც შედეგად  გარემო ნაკლებად დაბინძურდება.  მიმდინარე მონაცემების შეგროვება შესაძლებელია კამერებით, ჰაერის ხარისხის მონიტორინგის სენსორებითა და სხვა მოწყობილობების მეშვეობით, რომლებიც მთელ პორტში დამონტაჟდება. ნახევრადავტონომიური დრონები ალგორითმების შემსწავლელ მანქანებს იყენებენ, რათა წყლის ზედაპირზე მოტივტივე ნაგავი ან ნავთობი აღმოაჩინონ.

პორტის ხელმძღვანელობას მეყსეულად შეუძლია გადაჭრას ჰაერში დაბინძურებასთან დაკავშირებული ნებისმიერი საკითხი, იქნება ეს ინდუსტრიულ ტერიტორიაზე თუ თავად გემზე. თავად გემებიც გაციფრულებულია. პროექტის კიდევ ერთი მონაწილე  Seafar-ი, სახმელეთო ტრანსპორტზე კამერებსა და სენსორებს აყენებს, რათა მათი დისტანციურად კონტროლი იყოს შესაძლებელი.

ეს კაპიტნები საჭეს ოფისში ნანახი ეკრანის მეშვეობით მართავენ, რაც ბევრად უფრო მოხერხებული და ეკოლოგიურია, განმარტავს  Seafar-ის კვლევისა და განვითარების პროექტის მენეჯერი გაზალი კია.

გაზალი კია,  Seafar-ის კვლევისა და განვითარების პროექტის მენეჯერი:

„როდესაც ინფორმაციას სრულად შევაგროვებთ, აპარატურიდან მონაცემებს სრულად ამოვიღებთ, ეს გვეხმარება მარშრუტისა და სიჩქარის  ოპტიმიზაციაში. როდესაც ამის საშუალება გვექნება, საწვავის მოხმარებასაც შევამცირებთ, რის შედეგადაც ნაკლები ნახშირბადის გამონაბოლქვი იქნება და ტვირთების გადაზიდვა უფრო ეკოლოგიური გახდება.“

მწვანე ტრანსფორმაცია

და ბოლოს, პორტების შიდა გზებზე მოძრავმა ტრანსპორტმა რომლითაც პორტის პერსონალი გადაადგილდება, შესაძლოა, დიდი გავლენა მოახდინოს გამონაბოლქვზე.  მძიმე სატვირთო მანქანებსა თუ სატვირთო მატარებლებზე დასაქმებული ადამიანების პირადი ავტომობილებზე საერთო დაბინძურების დიდი პროცენტი მოდის, რაც საბოლოოდ საპორტო ქალაქების მოსახლეობას აზიანებს.

ანტვერპენის მესვეურთა მიზანია, რომ მისი მოსახლეობის სულ მცირე ნახევარმა მაინც ეკოლოგური ტრანსპორტი გამოიყენოს. ქალაქის მთავრობა  მუშაობს პორტის ადმინისტრაციასთან, რომელმაც 40 მილიონი ევროს ინვესტიცია ჩადო იმაში, რომ პორტის ფარგლებში მოქმედი ყველა კომპანია უსაფრთხო ცხოვრების ციკლში ჩართოს.

პორტის მჭიდრო კავშირი ანტვერპენის წარსულთან და აწმყოსთან MAS მუზეუმის [თარგმანში „მუზეუმი მდინარეზე“]  კოლექციასაც ეტყობა – აქ შევხვდით ანტვერპენის ეკომეგობრული საგარეუბნო სამგზავრო ტრანსპორტის პროექტების ხელმძღვანელს.

სტივენ ვინდი, ქალაქ ანტვერპენის სატრანსპორტო  მიმოსვლის კონსულტანტი:

„აშკარაა, რომ პორტი ქალაქის ნაწილია,  განსაკუთრებით სატრანსპორტო მიმოსვლის კუთხით. დაახლოებით ათი წლის განმავლობაში პორტის ფარგლებში მოქმედ თითოეულ კომპანიას პორტის ჭიშკრიდან კომპანიამდე მიმავალი  საკუთარი ველობილიკი ექნება. გვინდა, რომ ჩვენი ქალაქი უფრო აქტიური გახდეს, უფრო  გონიერი, უფრო ადვილად მისასვლელი და საცხოვრებლად უკეთესი.“

საპორტო ინდუსტრია მხოლოდ ახლა იწყებს ისეთი ეკომეგობრული მომავლისკენ სვლას, რომელშიც ნაკლები გამონაბოლქვი, მაგრამ მჩქეფარე ეკონომიკური ცხოვრება იქნება. ყველამ კარგად იცის, რომ ევროპის საბოლოო მიზანია, 2050 წლისთვის ნახშირბადნეიტრალური გახდეს.

ავტორი: დენის ლოქტიე

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend