მიუხედავად იმისა, რომ გეოპოლიტიკურად რთული მდგომარეობით გამოწვეული ეკონომიკური კრიზისი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში სხვადასხვანაირად აღიქმება, ფინანსური წნეხი პლანეტის ამა თუ იმ წერტილში მცხოვრებლებისთვის მაინც შესამჩნევი გახდა.
მაისის ბოლოს მასშტაბური სოციალური პროტესტის ტალღამ ესპანეთის რამდენიმე ქალაქს გადაუარა. საზოგადოებრივი უკმაყოფილება ერთი მხრივ, მაღალი გადასახადებით, მეორე მხრივ კი, - ამ საკითხზე ხელისუფლების ლოიალური პოლიტიკით არის გამოწვეული.
დასაქმებისა და საცხოვრისით უზრუნველყოფის ორი ცნობილი ესპანური პლატფორმის - InfoJobs-ისა და Fotocasa-ს ახალი მონაცემების თანახმად, 2025 წელს ესპანეთის მოსახლეობა ნომინალური შემოსავლის, საშუალოდ 50%-ს, ქირაში იხდიდა, რაც პანდემიამდელ მაჩვენებელს 12%-ით აღემატება, ბოლო წლებში კი რიცხვი მზარდია და, სავარაუდოა, რომ ირანში ომის დაწყების შემდეგ მნიშვნელოვნად შეიცვალა.
მონაცემები ცვალებადია რეგიონების მიხედვით და ამ თვალსაზრისით, ყველაზე რთული ვითარება ბარსელონასა და მადრიდშია. კატალონიურ ქალაქში მცხოვრებნი ნომინალური ხელფასის 76%-ს მიმართავენ ქირის გადასახდელად, ხოლო ესპანეთის დედაქალაქში მცხოვრებნი - 71%-ს. ამავდროულად, შემოსავლის მხოლოდ მესამედს ხარჯავენ ესტრემადურასა და კასტილია-ლა-მანჩაში ცხოვრების მსურველნი, რაც საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ რეკომენდებულ მაჩვენებელს მაინც აღემატება.
ანალიტიკოსები მიუთითებენ, რომ მსგავსი სტატისტიკა პრობლემების მთელ ჯაჭვს იწვევს, ამიტომ სახელმწიფოსადმი მოქალაქეთა მოთხოვნები აბსოლუტურად გამართლებულია.
მათივე განმარტებით, ესპანეთში არსებული მდგომარეობა, შესაძლოა, შეფასდეს როგორც „სერიოზული საბინაო კრიზისი“.
მოსალოდნელ პრობლემებზე საუბრისას, ექსპერტები აცხადებენ, რომ, არ არის გამორიცხული საკითხმა გაცილებით ფართო შინაარსი შეიძინოს.
კერძოდ, არსებული მდგომარეობა განსაკუთრებულ ტვირთად აწვებათ ახალგაზრდებს - არამხოლოდ სხვა ქალაქში სასწავლებლად წასულ სტუდენტებს, არამედ მათაც, ვისაც დამოუკიდებლად ცხოვრება სურს, თუმცა უსახსრობის გამო, იძულებულია, მშობლებთან ერთ ჭერქვეშ დარჩეს. ანალიტიკოსების თქმით, მრავალწლიან ჭრილში ამან, შესაძლოა, ესპანეთში დემოგრაფიული პრობლემები გამოიწვიოს.
არსებული მდგომარეობის მიზეზად კი, ეკონომიკური რყევების გარდა, ექსპერტები ასახელებენ რთულ კანონმდებლობას, რომელიც ბინაში უკანონოდ მცხოვრების ინტერესს უფრო იცავს, ვიდრე ბინის მესაკუთრის, რის გამოც მათ უჩნდებათ საცხოვრებელი ფართის ხანგრძლივად გაქირავების შიში, ასევე, ბიუროკრატიული საკითხების გამო, ახალი მშენებლობების ნაკლებობა.
მართალია, ესპანეთის ხელისუფლება ცდილობს, სხვადასხვა ახალგაზრდული პროგრამის წახალისებას, საყოველთაო პროექტების შემუშავებას და, გასულ წელთან შედარებით, ქვეყანაში საშუალო ხელფასი 276 ევროთი გაიზარდა, თუმცა, როგორც ჩანს, ადგილობრივი მოსახლეობის პრობლემებს ეს მაინც ვერ აგვარებს.
