ორი ლიდერი და ორი საპირისპირო შეხედულება უკრაინის კონფლიქტთან დაკავშირებით. ომის დაწყებიდან თითქმის ერთი წლისთავზე პრეზიდენტები, ვლადიმერ პუტინი და ჯო ბაიდენი, მოსკოვსა და ვარშავაში სიტყვით გამოვიდნენ.
ვლადიმერ პუტინის სიტყვა აღსავსე იყო ანტიდასავლური რიტორიკით. გამოსვლისას მას ეჭვქვეშ არ დაუყენებია უკრაინაში შეჭრის სამართლიანობა და იგი უარს აცხადებს, აღიაროს რუსეთის ბრალეულობა კონფლიქტის დაწყებაში.
რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი აცხადებს, რომ უკრაინაში კონფლიქტის გაღვივებაზე, მის ესკალაციასა და მსხვერპლთა რაოდენობაზე პასუხისმგებლობა სრულად ეკისრება დასავლურ ელიტას. და რა თქმა უნდა, კიევის ამჟამინდელ რეჟიმსაც, რომლისთვისაც, მისი თქმით, უკრაინელი ხალხი არსებითად უცხოა. ვლადიმერ პუტინი აცხადებს, რომ კიევის ამჟამინდელი რეჟიმი ემსახურება არა საკუთარ, არამედ მესამე ქვეყნების ინტერესებს.
ვლადიმერ პუტინმა ასევე განაცხადა, რომ რუსეთი წყვეტს ამერიკის შეერთებულ შტატებთან ბირთვული იარაღის შემცირების შეთანხმებაში მონაწილეობას და შესაძლოა, განახლდეს ბირთვული იარაღის გამოცდები.
მოგვიანებით პოლონეთში მყოფმა ბაიდენმა უარყო პუტინის შეხედულებები და პირობა დადო, რომ რუსეთი უკრაინაში ვერასდროს გაიმარჯვებს. მან ასევე დაამატა, რომ შეერთებული შტატებისა და მისი მოკავშირეებს მხრიდან უკრაინის მხარდაჭერა უცვლელი დარჩება.
აშშ-ს პრეზიდენტი ჯო ბაიდენი კი აცხადებს, რომ ავტოკრატებს მხოლოდ ერთი სიტყვა ესმით და ეს არის “არა”! “არა, თქვენ ვერ აიღებთ ჩემს ქვეყანას, თქვენ ვერ წამართმევთ თავისუფლებას. ვერ წამართმევთ მომავალს. სისასტიკე ვერასოდეს გაიმარჯვებს თავისუფალ ნებაზე. ხოლო უკრაინაში რუსეთი ვერასდროს გაიმარჯვებს. ვერასდროს“, -აცხადებს ჯო ბაიდენი.
ვაშინგტონში დაბრუნებამდე ბაიდენი შეხვდება ნატოს აღმოსავლეთის ფლანგის ქვეყნების ლიდერებს, რომლებიც ყველაზე მეტად გრძნობენ საფრთხეს რუსეთის მხრიდან.