იმოგზაურეთ მწერალსა და ფოტოგრაფ ჯონი პიტსთან ერთად, რომელმაც გადაწყვიტა ფეხით გაიაროს ამერიკის შეერთებული შტატების სამხრეთში ფერადკანიანთა უფლებების დამცველთა გზა, რათა შეიცნოს საკუთარი ფესვები და სამხრეთის სული.
ალაბამის შტატი ცნობილია თავისი სამზარეულოთი, გართობითა და ისტორიით. ამ შტატს მსოფლიოში იცნობენ, როგორც სამოქალაქო უფლებათა დაცვის მოძრაობის მემკვიდრეს. ალაბამას განსაკუთრებული ადგილი უკავია აფრო-ამერიკელებისა და იმ ხალხის გულში, რომლებიც მთელ მსოფლიოში თანასწორი უფლებებისთვის იბრძვიან.
განსხვავებული პერსპექტივა
ალაბამაში მდებარე ქალაქი მონტგომერი ცნობილია, როგორც „ოცნებების დედაქალაქი“ და არც არის გასაკვირი, რადგან აქ მრავალი ადგილი მოგვითხრობს სამოქალაქო უფლებების დაცვის ისტორიას. ასეთი ადგილებია, მაგალითად, დექსტერ ავენიუს მეფის მემორიალური ბაპტისტური ეკლესია, მშვიდობისა და სამართლიანობის ეროვნული მემორიალი და შადრევანის სკვერი, რომელიც ერთ დროს მონებით ვაჭრობის ცენტრი იყო.
მონტგომერის ყველაზე სახელგანთქმული მოქალაქეა როზა პარქსი, ქალი რომელმაც ბიძგი მისცა ფერადკანიანთა უფლებების დაცვის მოძრაობას, როდესაც 1955 წელს უარი განაცხადა ავტობუსში საკუთარი ადგილიდან ამდგარიყო.
„იგი ცხოვრობდა მესამე კლასის მოქალაქესავით, რომელსაც არც პატივს სცემენ და არც ადამიანურად ექცევიან,“ – ამბობს მიშელ ბრაუდერი, არტისტი, აქტივისტი და ადგილობრივი ტურისტული გიდი, რომელმაც მონტგომერიში შექმნა გრაფიტი „ფერადკანიანთა სიცოცხლეც მნიშვნელოვანია“ და მის მოხატვასაშიც მიიღო მონაწილეობა. „ასეთმა ყოფამ აიძულა ეს მამაცი ქალი, არ დაეთმო საკუთარი ადგილი ავტობუსში. ამ ამბავზე იმდენია მოსაყოლი…“
როზა პარკსის გაბედულებამ საფუძველი ჩაუყარა ისეთ ჯგუფების შექმნას, როგორიც იყო მაგალითად „ალაბამის ქრისტიანული მოძრაობა (ACMHR) ადამიანის უფლებათა დაცვისთვის“. თავის ტურებზე ბრაუდერი ტურისტებს აცნობს იმ ადგილებს, რომლებიც სამოქალაქო უფლებათა დაცვის ისტორიას ჰყვებიან. მას სურს, რომ ხალხმა გაიგოს ისტორია, რათა არასოდეს განმეორდეს სეგერეგაციის მსგავსი მოვლენა.
„შესანიშნავია მუზეუმების დაათვალიერება, მაგრამ, როდესაც უშუალოდ შემთხვევის ადგილს მოინახულებ, სულ სხვაგვარად აღიქვამ ვითარებას,“ – ამბობს მიშელ ბრაუდერი.
ბარბეკიუ თავისუფლებისთვის
გასული საუკუნის 50- 60-იან წლებში ამერიკის სამხრეთში სამოქალაქო უფლებების ცხოვრებაში დანერგვის კუთხით, არსებითი მნიშვნელობა ჰქონდა ფერადკანიანების მიერ ბიზნესის ფლობას. ეს იყო განათლებისა და საიდუმლო შეხვედრების ადგილი. ერთ-ერთი მათგანია სამხრეთული სამზარეულო „ბრენდას ბარ-ბი-კიუ პიტი“ (Brenda’s Bar-B-Que Pit), რომელიც დღესაც არსებობს.
„ეს ადგილი ბებომ და მისმა დებმა დააფუძნეს. ისინი ჩართული იყვნენ ხმის მიცემის უფლებასა და სამოქალაქო უფლებების დაცვაში. ამიტომ აქ საიდუმლო კრებებს აწყობდნენ და წერა-კითხვას ასწავლიდნენ მათ, ვინც არ იცოდა,“ – ამბობს Brenda’s Bar-B-Que Pit -ის თანამესაკუთრე და მისი დამფუძნებლის შვილიშვილი მონიკა ბეტუნი. „აქაურობა ბევრად მეტია, ვიდრე ბარბეკიუ. ეს არის ბარბეკიუ და მემკვიდრეობა ერთად. აქ მთელი მსოფლიოდან მოდიან სტუმრები და გვეკითხებიან – რითი გამოირჩევით? გამოვირჩევით ღუმლით და სოუსით“.
ბეტუნის ბებია ერთ-ერთი წამყვანი აქტივისტი იყო, რომელმაც მონაწილეობა მიიღო იმ სახალხო მსვლელობაში, რომელიც სელმასა და მონტგომერიში მოეწყო 1965 წელს. ამიტომ მის დაწესებულებაში უამრავი რამის გაგება შეიძლება, თან მშვენიერად ისადილებ.
ედმუნდ პეტუსის ხიდი
ალაბამაში კიდევ ერთი ქალაქი – სელმა – ჰყვება თავისუფლების ისტორიას. სწორედ აქ დაიწყო 1965 წელს ცნობილი მსვლელობა, რომელიც მონტგომერიში დასრულდა და რომელმაც სამყარო სამუდამოდ შეცვალა. აქ ედმუნდ პეტუსის სახელობის ხიდიდან ორ ნაბიჯში შეგიძლია ეწვიო ყავახანა სელმას“.
სწორედ ამ ხიდზე მოხდა ცნობილი „სისხლიანი კვირადღე“, როდესაც პოლიცია სასტიკად გაუსწორდა პროტესტის მონაწილეებს, რომლებიც მშვიდობიან მსვლელობას აწყობდნენ, რათა ხმის მიცემის უფლება მიეღოთ.
„ ამ ხიდზე გასავლელად ხალხი მთელი მსოფლიოდან ჩამოდის. როგორც ეს რუკა აჩვენებს, ამ კაფეში მსოფლიოს ოთხივე კუთხიდან ჩამოსული ხალხისთვის გვიმასპინძლია. ეს შესანიშნავად ადასტურებს, თუ რა მნიშვნელობა აქვს სელმას მსოფლიოსთვის,“ – ამბობს ყავახანა Selma-ს მესაკუთრეჯეკი სმიტი.
ავტორი: ტიმ გალაგერი