მთავარისაქართველოსაერთაშორისო ფორუმი: „შავი ზღვის რეგიონის ბირთვული და რადიოლოგიური უსაფრთხოება"

საერთაშორისო ფორუმი: „შავი ზღვის რეგიონის ბირთვული და რადიოლოგიური უსაფრთხოება”

დღეს, 8 ნოემბერს გაიხსნა თბილისის მე-4 საერთაშორისო ფორუმი რეგიონული სტაბილურობისთვის სახელწოდებით: „შავი ზღვის რეგიონის ბირთვული და რადიოლოგიური უსაფრთხოება ახალი საფრთხეებისა და ცვალებადი გარემოს პირობებში.”

ფორუმის ორგანიზატორია სამოქალაქო საბჭო თავდაცვისა და უსაფრთხოების საკითხებში. შეხვედრის მიზანია, სამოქალაქო საზოგადოებას, საერთაშორისო ორგანიზაციებს, სამეცნიერო წრეებს, ექსპერტებსა და მთავრობის წარმომადგენლებს საუბრის საერთო პლატფორმა მისცეს, სადაც მხარეებს შეეძლებათ განიხილონ რეგიონში არსებული გამოწვევები.

ფორუმის ფინანსური მხარდამჭერია შვედეთის რადიაციული უსაფრთხოების სააგენტო და აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი.

“ჩვენთვის დიდი პატივია თბილისის შავი ზღვის რეგიონული უსაფრთხოების ფორუმის წლევანდელი ღონისძიების ორგანიზებაში წვლილის შეტანა. წლევანდელი შეხვედრისას განხილვის მთავარი საკითხი შავი ზღვის რეგიონში ბირთვული და რადიოლოგიური გამოწვევებია. რუსული მხარის მიერ გაკეთებული განცხადებებისა და მუქარის ფონზე ეს დისკუსია განსაკუთრებით მნიშვნელოვანი და დროულია”, – განაცხადა ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა საქართველოში კელი დეგნანმა.

ფორუმში მონაწილეობას იღებენ შავი ზღვის ქვეყნების სახელმწიფო უწყებები, მათ შორის უკრაინიდანაც. ამ უწყებების წარმომადგენლებმა ისაუბრეს, თუ როგორ უნდა შეეწინააღმდეგონ რუსეთის ბირთვულ რიტორიკას და როგორ შეიძლება უპასუხოს და მიუდგეს ამ გამოწვევას რეგიონი.

ფორუმის პარტნიორი სახელმწიფო უწყებებია საგარეო საქმეთა სამინისტრო, შინაგან საქმეთა სამინისტრო, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური და ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სააგენტო.

“საერთაშორისო უსაფრთხოებისთვის ქიმიური, ბიოლოგიური და რადიაციული უსაფრთხოების საკითხები ძალიან მნიშვნელოვანია, ეს მნიშვნელოვანია საქართველოსთვის იქიდან გამომდინარე, რომ საქართველოს აქვს ოკუპირებული ტერიტორიები, რომელზეც საერთაშორისო მექანიზმებით ამ მიმართულებით კონტროლი სათანადოდ არ ხორციელდება. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ ფონზე, როდესაც ეს საკითხები მთელი მსოფლიოსთვის და არამარტო საქართველოსთვის, არის ნომერი პირველი, უკრაინაში რუსეთის აგრესიიდან გამომდინარე”, – განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ ლაშა დარსალიამ.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend