საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჟან-ნოელ ბარომ 9 ნოემბერს განაცხადა, რომ გასულ თვეში სუპერმარკეტების მაცივრებზე განხორციელებული მასშტაბური კიბერშეტევების უკან ირანის „ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსი“დგას.
ბარომ კონკრეტულად საფრანგეთის სუპერმარკეტების სისტემებზე განხორციელებულ თავდასხმებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ კიბერშეტევის სამიზნე 700 ობიექტი იყო.
თუმცა, მსგავსი ინციდენტები გამოვლინდა ევროპის სულ მცირე ცხრა სხვა ქვეყანაშიც.
„ჩვენ, რა თქმა უნდა, როგორც ეს წესით უნდა მომხდარიყო, საფრანგეთში ირანის ელჩი დავიბარეთ, რათა ამ უკიდურესად სერიოზულ ქმედებასთან დაკავშირებით მკაცრი პროტესტი გამოგვეხატა. ჩვენ ევროპულ დონეზე სანქციებს დავუწესებთ ყველას, ვინც ამ თავდასხმაზეა პასუხისმგებელი. ასევე, მივიღებთ ნებისმიერ სხვა პროპორციულ და აუცილებელ ზომას, იქნება ეს საჯარო თუ არასაჯარო, რათა ვუპასუხოთ ამ თავდასხმას და შევაკავოთ ისინი, ვისაც მისი გამეორება სურს“. - ამბობს საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, ჟან-ნოელ ბარო.
თავდასხმის შედეგად მაცივრებში ტემპერატურამ 50 გრადუსს გადააჭარბა, რის გამოც ზოგიერთ მაღაზიას მალფუჭებადი პროდუქტების მთლიანი მარაგის გადაყრა მოუწია.
პარიზის პროკურორის განცხადებით, გამომძიებლებმა დაადგინეს, რომ თავდამსხმელები იყენებდნენ სპარსულ ენას და IP-მისამართებს, რომლებიც ირანში განთავსებულ მოწყობილობებს უკავშირდება.
9 ნოემბერს დაიწყო ოფიციალური სასამართლო გამოძიება ირანული კიბერდანაყოფის წინააღმდეგ, რომელიც „ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსთან“ არის დაკავშირებული.
