მთავარი საქართველო კელი დეგნანი - ნათქვამი, რომ აშშ საქართველოს ომში ჩათრევას ცდილობს, 100%-ით რუსული...

კელი დეგნანი – ნათქვამი, რომ აშშ საქართველოს ომში ჩათრევას ცდილობს, 100%-ით რუსული დეზინფორმაციაა

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების სრულუფლებიანი ელჩის, კელი დეგნანის განაცხადებით, საუბარი იმაზე, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებს საქართველოს ომში ჩათრევა ან მეორე ფრონტის გახსნა სურს, 100%-ით რუსული დეზინფორმაციაა.

“ეს 100%-ით რუსული დეზინფორმაციაა. ეს აბსოლუტური ტყუილია. შეერთებული შტატები აკეთებს ყველაფერს, რაც შეიძლება, რომ ომი დასრულდეს და ბრძოლები შეჩერდეს. ომის დაწყებამდეც, ამერიკა აკეთებდა ყველაფერს ომის თავიდან ასაცილებლად. ჩვენ არ გვინდა, რომ ვნახოთ ომში ჩართული საქართველო”, — განაცხადა კელი დეგნანმა ჟურნალისტებთან საუბრისას.

კელი დეგნანი ამბობს, რომ ევროკავშირი და ნატო მშვიდობაზე, სტაბილურობასა და კეთილდღეობაზე დაფუძნებული კავშირებია.

“ჩვენ გვინდა საქართველოშიც იყოს ის მშვიდობა, სტაბილურობა და კეთილდღეობა, რომელიც ევროატლანტიკური ოჯახის წევრობას მოაქვს. ვიცით, რომ ქართველ ხალხსაც ეს უნდა, ამიტომ ვაგრძელებთ საქართველოს დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ევროატლანტიკური მისწრაფებების მხარდაჭერას”, — ამბობს ის.

მმართველი პარტიის ლიდერების მხრიდან ბოლო პერიოდში არაერთხელ გაკეთდა განცხადებები იმის შესახებ, რომ საქართველო ომში არ ჩაერთვება და ქვეყანაში მეორე ფრონტის გახსნის საშუალებას ხელისუფლება არავის მისცემს.

უახლესი

სხვა ამბები

Send this to a friend