მთავარისაქართველორეჯეფ თაიფ ერდოღანმა და ირაკლი კობახიძემ საქართველოში მიმდინარე მოვლენებზე ისაუბრეს

რეჯეფ თაიფ ერდოღანმა და ირაკლი კობახიძემ საქართველოში მიმდინარე მოვლენებზე ისაუბრეს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ოფიციალური ვიზიტით თურქეთში ჩავიდა. საქართველოს პრემიერს დელეგაციასთან ერთად თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა უმასპინძლა და ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში შედგა ასევე შეხვედრები პირისპირ და გაფართოებულ ფორმატში, რის შემდეგაც ორი ქვეყნის ლიდერებმა ბრიფინგი გამართეს.

როგორც ამ ბრიფინგზე თურქეთის პრეზიდენტმა აღნიშნა, ირაკლი კობახიძე მას საქართველოში მიმდინარე მოვლენებზე ესაუბრა. ერდოღანმა იმედი გამოთქვა, რომ ეს მოვლენები ქართველი ხალხის საუკეთესო ინტერესებით გადაწყდება.

„დღეს ორი მეგობარი, ორი სტრატეგიული პარტნიორი ქვეყნის ლიდერი შევიკრიბეთ და ძალიან ნაყოფიერი საუბარი შედგა. კიდევ ერთხელ დავუჭირე მხარი ტერიტორიულ მთლიანობას, სუვერენიტეტსა და კეთილდღეობას. ასევე გამოვთქვი ჩემი უწყვეტი მხარდაჭერა ევროატლანტიკურ ინსტიტუტებში ინტეგრაციის გზაზე. ძვირფასო პრემიერ-მინისტრო, მე ძალიან გამახარა იმან, რომ თქვენი მოსაზრებები გამაცანით საქართველოში მიმდინარე მოვლენებზე. თურქეთში მიგვაჩნია, რომ ეს მოვლენები ქართველი ხალხის საუკეთესო ინტერესებით გადაწყდება. ჩვენ მხარს ვუჭერთ უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს. ხაზი გავუსვით მშვიდობის, მშვიდობიანობის მნიშვნელობას, მათ შორის კავკასიაში. ამ მიმართულებით აღვუთქვით ერთმანეთს სურვილი, რომ გავაგრძელებთ მუშაობას. ჩემი მოსაზრებაა, რომ სომხეთ-აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო შეთანხმება არის ისტორიული შესაძლებლობა მთელი რეგიონისთვის“, – განაცხადა თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა. 

საქართველოს პრემიერმა კი განაცხადა, რომ თურქეთის პრეზიდენტი საქართველოში მოიწვია. მხარეებმა ასევე ისაუბრეს საქართველო-თურქეთის უერთიერთობებზე.

„ბატონ პრეზიდენტს მივაწოდე ინფორმაცია იმ პროცესებზე, რომლებიც წარიმართება ჩვენს ქვეყანაში სხვადასხვა თვალსაზრისით. ჩვენ ასევე განვიხილეთ ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე პროცესები. აღინიშნა, რომ საქართველო ემხრობა ახლო აღმოსავლეთში მშვიდობის დამყარების აუცილებლობის იდეას, რისი მიღწევაც შესაძლებელია მოლაპარაკებების საშუალებით საერთაშორისო საზოგადოების მხარდაჭერით. თანამედროვე მსოფლიოში მიმდინარე პროცესების გათვალისწინებით განსაკუთრებული აქცენტი გავაკეთეთ რეგიონული, სავაჭრო-ეკონომიკური და სატრანსპორტო-ენერგეტიკული თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებზე. ამ კონტექსტში განსაკუთრებით აღინიშნა სატრანზიტო ფუნქციის დაკავშირებადობის მნიშვნელობა. თურქეთის რესპუბლიკა საქართველოსთვის ნომერ პირველი სავაჭრო პარტნიორია და ჩვენ ვიმსჯელეთ იმასთან დაკავშირებით, როგორ შეიძლება კიდევ უფრო მეტად გაღრმავდეს ჩვენი პარტნიორობა. რა თქმა უნდა, ვხედავთ ძალიან დიდ პოტენციალს ორმხრივი სავაჭრო ურთიერთობების შემდგომი გაღრმავების კუთხით. ასევე ჩვენ გვქონდა საუბარი საქართველოდან ექსპორტისა და ზოგადად, ორმხრივი ვაჭრობის მნიშვნელობაზე“, – განაცხადა საქართველოს პრემიერმა ირაკლი კობახიძემ.

დღეს, 16 მაისს, საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკას შორის ენერგეტიკის სფეროში თანამშრომლობის შესახებ ურთიერთგაგების მემორანდუმიც გაფორმდა.

დოკუმენტი, რომელსაც თურქეთის რესპუბლიკაში საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის, ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში მოეწერა ხელი, ხელს შეუწყობს საქართველოსა და თურქეთს შორის არსებული პარტნიორობის გაძლიერებასა და გაღრმავებას.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend