გასულ დღეებში ლონდონის საფონდო ბირჟაზე ორი მსხვილი ქართული ბანკის აქციების ღირებულების ვარდნას მოსახლეობაში ნეგატიური ეკონომიკური მოლოდინები მოჰყვა. საზოგადოების ნაწილმა უცხოური ვალუტის, დოლარისა და ევროს, შესყიდვა დაიწყო. ამან კი უცხოური ვალუტის გარკვეული დეფიციტი გააჩინა სავალუტო ბაზარზე, რასაც ლარის რამდენიმე თეთრით გაუფასურება მოჰყვა. ეროვნული ვალუტის კურსის რყევას ეკონომისტების ერთი ნაწილი სადავო კანონის მიღების გამო არსებულ პროტესტს უკავშირებს. მათი აზრით, მოკლევადიანი აჟიოტაჟი მალე ჩაცხრება და ქვეყნის სტაბილური მაკროეკონომიკური პარამეტრების გათვალისწინებით ლარის კურსიც სტაბილური გახდება.
“გუშინ რაც ვნახეთ, ეს მთლიანად ხელოვნური აჟიოტაჟი, ხელოვნურად შექმნილი პროცესი იყო. თუ გრძელვადიან ჭრილში შევხედავთ, ვნახავთ, რომ აქციების ფასის ასეთი ვარდნა ნებისმიერი ბანკის შემთხვევაში მუდმივად არის. ამდენად, ვფიქრობ, რომ თუ ეს პროცესები სტაბილური გახდება და კანონიერ ჩარჩოებში ჩაჯდება, საშუალო და გრძელვადიან პერიოდში ამას დიდი გავლენა ვერ ექნება. ეს აქციები რომც არ დამთხვეოდა, ან დამთხვეოდა, უნდა ითქვას, რომ ერთი რომელიმე ბანკის აქციების ფასის ვარდნამ, ექნება მას ობიექტური მიზეზი თუ არა, შეუძლებელია, ლარის კურსის გაუფასურება გამოიწვიოს. ერთ შემთხვევაზეც და მეორე შემთხვევაზეც აბსოლუტურად სხვადასხვა ფაქტორი მოქმედებს. აქ კორელაციური ბმა შეუძლებელია, თუ მიზანმიმართულად არ გინდა, რომ რაღაც გამოჩხრიკო. ამ აჟიოტაჟმა ლარის კურსის რყევაც გამოიწვია. ლარის კურსის რყევა აჟიოტაჟურია. ლარმა ბევრი აჟიოტაჟი გადაიტანა. ვნახეთ, რომ მოკლევადიანი პერიოდის დაძლევის შემდეგ ლარი ისევ საწყის წონასწორულ კურსს უბრუნდებოდა, საიდანაც მისი გაუფასურება დაიწყო. ლარის კურსის რყევა აჟიოტაჟურია, ვფიქრობ, ამ აჟიოტაჟს მოკლევადიანი ტრენდი ექნება, ასეთი საინფორმაციო კამპანიები აჟიოტაჟის ჩაქრობას მოახდენს, ლარი იმ წონასწორულ ნიშნულს დაუბრუნდება, რომელზეც გუშინდლამდე იყო”,- აცხადებს ეკონომისტი ოთარ ანგურიძე.
განსხვავებულად ფიქრობს ეკონომისტების მეორე ნაწილი. მათი აზრით, თუ საქართველოში ე.წ. „გამჭვირვალობის კანონი“ ამოქმედდება, რეპრესიული მექანიზმები უცხოელ ინვესტორებსაც დააბრკოლებს საქართველოში ფულის დაბანდების გზაზე და საერთაშორისო სავაჭრო ურთიერთობებიც შეფერხდება. ამას კი ქვეყნის შიდა ეკონომიკაზე სერიოზული ნეგატიური გავლენა ექნება, რასაც ეროვნული ვალუტის კიდევ უფრო მეტად გაუფასურება, ინფლაციის ზრდა და საყოფაცხოვრებო ხარჯების გაძვირებაც მოჰყვება.
„პირდაპირ შეიძლება ვთქვა, რომ მთავარი გამომწვევი ფაქტორი, როგორც ქართული კომპანიების აქციების ფასის ვარდნის საერთაშორისო საფონდო ბირჟებზე, ისე ეროვნული ვალუტის კურსის რყევის, არის „აგენტების შესახებ“ ამ კანონის მიღება. ფულის ბაზარმა, ისევე როგორც ზოგადად ფინანსურმა ბაზარმა ზოგადად გამოავლინა თავი, როგორც ყველაზე სენსიტიურმა რგოლმა და ახალი ინფორმაცია მაშინვე აისახა ფასში. ეს არის ფინანსების სამყაროს კლასიკა. კანონის ამოქმედების და მისი აღსრულების შემთხვევაში, სიგნალები უკვე მიღებულია. ამის უარყოფა ჩემი აზრით, უკვე არასერიოზულია. ამას თვითონ კანონის ავტორებიც ვეღარ უარყოფენ. თვითონ საუბრობენ პოტენციურ სანქციებზე. ეკონომიკური სტაბილურობა დადგება კითხვის ნიშნის ქვეშ. იმიტომ, რომ სანქცირებული ქვეყანა, აღარ არის მიმზიდველი აღარც ინვესტორებისა და აღარც პარტნიორებისთვის. ამის მთავარი მიზეზი კი ის არის, რომ სანქცირებული ქვეყანა ხდება არასტაბილური. ძალიან კარგია, რომ ამ ეტაპზე ეროვნულ ბანკს აქვს შესაბამისი ბერკეტები, რომ დოლარის ინტერვენციის გზით ბაზარზე ლარის კურსი დაიჭიროს. არის ერთი საკითხი, თუ ობიექტური გარემოებები გაჩნდება ვალუტის კიდევ უფრო გაუფასურების, ამ შემთხვევაში როგორი მოიქცევა ეროვნული ბანკი? როგორი იქნება მისი პოლიტიკა?“- აცხადებს ეკონომისტი გიორგი ხიშტოვანი.
სავალუტო ბაზარზე დოლარის დეფიციტის შესავსებად 16 მაისს საქართველოს ცენტრალურმა ბანკმა სავალუტო აუქციონზე 60 მილიონი დოლარის ინტერვენცია განახორციელა. ეროვნული ბანკის ცნობით, ბაზრისთვის ლიკვიდურობის მიწოდების გადაწყვეტილება ეროვნულმა ბანკმა მიიღო ბოლო დღეებში სავალუტო ბაზარზე განვითარებულ აჟიოტაჟური პროცესების გამო, რომელსაც თან ახლდა ერთჯერადი მსხვილი ტრანზაქციები. ცენტრალური ბანკი განმარტავს, რომ სავალუტო ბაზარზე დაფიქსირებული რყევები არ არის გამოწვეული ფუნდამენტური მაკროეკონომიკური ფაქტორებით და შესაბამისად, არის მოკლევადიანი. უცნობია, როგორ გაგრძელდება როგორც ეროვნული ვალუტის, ისე ქართული კომპანიების აქციების სტაბილურობისა თუ რყევების მიმდინარეობა. ეკონომისტების ზუსტი პროგნოზი ამ ეტაპზე არ არსებობს, რადგან მათი განცხადებით, ეს ყველაფერი იმ პროცესებზეა დამოკიდებული, რომლებიც ქვეყნის შიგნით თუ ქვეყნის გარედან განვითარდება.
ალეკო გვეტაძე