მთავარისაქართველოვეტოს მოლოდინი და საერთაშორისო გამოხმაურება

ვეტოს მოლოდინი და საერთაშორისო გამოხმაურება

მასშტაბური დემონსტრაციები, მსვლელობა, გაფიცვა, მოედნებისა და საავტომობილო გზების გადაკეტვა – უკვე ერთი თვეა, რაც თბილისსა და რეგიონებში საპროტესტო აქციები არ წყდება. ათიათასობით მოქალაქე მოითხოვს, პარლამენტმა უკან გაიწვიოს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი.

ახლა მთელი ყურადღება პრეზიდენტისკენაა, რომელმაც არაერთხელ თქვა, რომ სამი მოსმენით მიღებულ კანონს ვეტოს დაადებს. თუმცა სალომე ზურაბიშვილი არ აპირებს პარლამენტს მოტივირებული შენიშვნები გადაუგზავნოს. როგორც თავად ამბობს, არ სურს ხელოვნურ მოლაპარაკებაში ჩაერთოს.

თუმცა შენიშვნების გაგზავნას პარლამენტისთვის ვენეციის კომისია გეგმავს. მათი შეფასება მომავალი კვირის დასაწყისში გახდება ცნობილი.

„პრეზიდენტი ამ კანონპროექტს, სავარაუდოდ, ვეტოს დაადებს. ეს მისი გადასაწყვეტია. ვეტოს შემთხვევაში პრემიერ-მინისტრის მხრიდან განცხადება გაკეთდა, რომ თუ არის რაიმე სამართლებრივი არგუმენტი, რისი შესწორებაც შეიძლება, მზად ვართ თანამშრომლობისთვის. ამას ვითხოვთ მთელი ამ ხნის განმავლობაში, რომ ვინმემ, ერთმა დალოცვილმა ადამიანმა, წარმოადგინოს, რატომაა პრობლემური აღნიშნული კანონპროექტი და ზოგადად, რატომ შეიძლება, გამჭვირვალობა ეწინააღმდეგებოდეს ევროპას, ევროპულ მომავალს. რატომაა ეს ცუდი, აბსოლუტურად გაუგებარია“, – განაცხადა კახა კალაძემ.

არ წყდება საერთაშორისო გამოხმაურებებიც. ევროპელი და ამერიკელი ლიდერები საქართველოს პირველ პირებთან მართავენ შეხვედრებსა და სატელეფონო ზარებს. საერთაშორისო პარტნიორები საქართველოს ხელისუფლებას აფრთხილებენ, რომ ამ კანონის მიღება და ქვეყნის ევროინტეგრაცია ერთმანეთთან შეუთავსებელია.

„მეგობრებისა და მეკავშირეების არაერთგზის გამოთქმული შეშფოთების მიუხედავად საქართველოს პარლამენტმა გადადგა საგანგაშო და რეპრესიული ნაბიჯი, რომელიც ძირს უთხრის დემოკრატიას და ეწინააღმდეგება მის დეკლარირებულ მიზანს ევროინტეგრაციის შესახებ. ჩვენ, როგორც კანონმდებლებს, გვესმის, რომ პარლამენტის როლი ხალხის ნების ასახვაა. ქართველებმა ერთმნიშვნელოვნად უარი თქვეს კრემლის მიერ ინსპირირებულ კანონზე, როგორც შეუთავსებელზე მათ იდენტობასთან, ევროპულ ღირებულებებსა და დემოკრატიულ პრინციპებთან. მარტივად რომ ვთქვათ, ეს ე.წ. „უცხოური აგენტის“ კანონი ასახავს ვლადიმერ პუტინის პოლიტიკას, რომელიც აგრძელებს საქართველოს ტერიტორიის 20 პროცენტის უკანონო ოკუპაციას. ქართული ორგანიზაციები, როგორებიცაა: „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო“, “სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება” (ISFED) და “საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია” (საია), გადამწყვეტ როლს ასრულებენ საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე. ეს კანონი პირდაპირ თავდასხმაა სამოქალაქო საზოგადოებასა და დამოუკიდებელ მედიაზე, რომლებიც ნებისმიერი დემოკრატიის ფუნდამენტური ელემენტებია. შეერთებული შტატები და ევროპა გააგრძელებენ მათ მხარდაჭერას, რადგან მათი ხედვა ასახავს ნამდვილ პატრიოტიზმს, განსხვავებით 84 პარლამენტარისგან, რომლებიც გუშინდელ კენჭისყრაზე რუსეთს შეუერთდნენ. ჩვენ არასოდეს მივატოვებთ ქართველ ხალხს, რომელმაც გაბედულად გამოავლინა თავისი მტკიცე ერთგულება დემოკრატიული ღირებულებებისადმი მშვიდობიანი წინააღმდეგობის გზით და არ მოგვერიდება, პასუხისმგებლობა დავაკისროთ პირებს, ბიძინა ივანიშვილის ჩათვლით, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან ამ რუსული სტილის კანონის მიღებაზე და არაძალადობრივი აქციის მონაწილეების მიმართ ბრუტალურ დამოკიდებულებაზე. ქართველი ხალხისთვის კი ვამბობთ: თქვენ მარტო არ ხართ“, – წერია სენატისა და 15 ქვეყნის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარეების განცხადებაში.

„ახლა არ ვისაუბრებ შეჩერებაზე, ზომებსა და სანქციებზე. ევროკავშირმა მკაფიოდ განაცხადა, რა არის ჩვენი მოლოდინი. ველით, რომ მმართველი უმრავლესობა კანონს გაიწვევს. კანონი მიღებულია, მაგრამ საჭიროა მისი გაწვევა, რადგან ის უზარმაზარ დაბრკოლებას წარმოადგენს გაწევრების გზაზე. თუ ისინი ამას არ გააკეთებენ, თუ გააგრძელებენ ისეთ ქმედებებს, რომლებიც ბოლო კვირებში ვნახეთ, შემდეგ ევროკავშირი მიიღებს გადაწყვეტილებას სხვა ზომებზე. ამ ეტაპზე წევრ ქვეყნებთან დისკუსია უნდა წარიმართოს, რათა გამოჩნდეს, რა იქნება ყველაზე მართებული ნაბიჯი“, – განაცხადა პიტერ სტანომ.

მმართველ გუნდში ფიქრობენ, რომ ქვეყანაში არსებულ პოლარიზაციას უცხოელი პოლიტიკოსები უწყობენ ხელს.

„ეს არის ქართველი ხალხის ღია, უხეში უპატივცემულობა, როდესაც მისი არჩეული ხელისუფლების საწინააღმდეგო მიტინგზე უცხოელი პოლიტიკოსი გამოდის. როდესაც ჩვენ საქმე წინა დღეს პარლამენტის წევრებთან გვქონდა (გერმანიის, ლიეტუვის, თუ სხვა პარლამენტის წევრებთან, რომლებიც აქციაზე იმყოფებოდნენ), იქ გამართლება ჰქონდათ, რომ პოლიტიკოსები არიან, თავისუფალი მანდატი აქვთ და მასზე სახელმწიფო რაიმე გავლენას ვერ მოახდენს, მაგრამ როდესაც საგარეო საქმეთა მინისტრი ქართველი ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლების საწინააღმდეგო მიტინგზე სიტყვით გამოდის, ეს არის ქართველი ხალხის უპატივცემულობა“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

საქართველოში მიმდინარე მოვლენებს აკვირდებიან მოსკოვშიც. ისინიც მიიჩნევენ, რომ დასავლეთის ქვეყნების კრიტიკა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონთან დაკავშირებით საქართველოს საქმეებში უცერემონიო ჩარევაა.

ოკუპანტ ქვეყანაში მიაჩნიათ, რომ ამერიკის შეერთებული შტატებისა და ევროკავშირის ოფიციალური წარმომადგენლები საქართველოს ხელისუფლებას უტევენ.

ანა ალელიშვილი

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend