მთავარიევროპასლოვაკეთირობერტ ფიცო და მისი საგარეო პოლიტიკა

რობერტ ფიცო და მისი საგარეო პოლიტიკა

ხუთჯერ გაისროლეს სლოვაკეთის ქალაქ ჰენდლოვაში, კულტურის ცენტრის წინ.

გუშინ, 15 მაისს, სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრ რობერტ ფიცოს ცეცხლსასროლი იარაღით დაესხნენ თავს. ის მუცლის არეში დაიჭრა, რის შემდეგაც ვერტმფრენით საავადმყოფოში გადაიყვანეს.

“რობერტ ფიცოს მდგომარეობა ამ ეტაპზე სტაბილურია. ამ ეტაპზე, მინდა, უპირველესად, მადლობა გადავუხადო ექიმების, ექთნების, დამსწრეთა და სამედიცინო პერსონალის მთელ გუნდს, რომლებიც მთელი საღამო და მთელი ღამე იბრძოდნენ პრემიერ-მინისტრის სიცოცხლის გადასარჩენად და შეძლეს მისი მდგომარეობის სტაბილიზება. სამწუხაროდ, მისი მდგომარეობა, მართლაც, ძალიან სერიოზულია, მაგრამ არ უნდა დავკარგოთ იმედი”, – განაცხადა სლოვაკეთის თავდაცვის მინისტრმა რობერტ კალინაკმა.

დამოუკიდებელი სლოვაკეთის ისტორიაში რობერტ ფიცო სლოვაკეთის პოლიტიკაში ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფიგურაა. ფიცო წარსულში კომუნისტური პარტიის წევრი იყო, ხოლო 90-იანი წლების ბოლოს დააარსა სოციალ-დემოკრატიული პარტია.

ფიცო სხვადასხვა დროს სამჯერ გახდა სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრი. ბოლო წლებში ფიცოს ხელისუფლების საერთაშორისო პოლიტიკა დიდწილად იყო მიმართული მის კავშირებზე რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინსა და უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანთან. ვიქტორ ორბანის მსგავსად რობერტ ფიცოც ევროკავშირის მტკიცე კრიტიკოსია.

სლოვაკეთის პრემიერ რობერტ ფიცოსა და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის შეხვედრა, მოსკოვი, 25 აგვისტო, 2016 წელი Copyright AP Photo/Alexander Zemlianichenko

გასული წლის შემოდგომაზე საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვების შემდეგ ფიცოს პრემიერობის მესამე ვადა დაიწყო. არჩევნების წინ ფიცო 2022 წელს რუსეთისათვის დაკისრებულ სანქციებს აკრიტიკებდა და თავის ამომრჩეველს განუცხადა, რომ მისი მმართველობის პერიოდში უკრაინა ერთ ტყვიასაც ვერ მიიღებდა სლოვაკეთიდან.

კრიტიკოსები შიშობენ, რომ ის მიატოვებს პროდასავლურ კურსს და ქვეყანას ორბანის უნგრეთს დაამსგავსებს.

სლოვაკეთის შინაგან საქმეთა მინისტრი მატუშ შუტაი-ესტოკის აზრით, ფიცოზე თავდასხმას პოლიტიკური მოტივი ჰქონდა.

„უპირველეს ყოვლისა, მინდა დავარწმუნო საზოგადოება, რომ ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რათა გამოვიძიოთ დანაშაული. პირველად ინფორმაციაზე დაყრდნობით, ჩვენ მიგვაჩნია, რომ თავდასხმას მკაფიო პოლიტიკური მოტივი ჰქონდა და მისი განხორციელება საპრეზიდენტო არჩევნებიდან მალევე გადაწყდა“, – განაცხადა მატუშ შუტაი-ესტოკმა.

ადგილობრივმა მედიამ გაავრცელა ეჭვმიტანილის ფოტო, მასზე გამოსახული პირი 71 წლის მწერალი და პოლიტიკური აქტივისტია. პოლიციას კი, სავარაუდო ეჭვმიტანილის ვინაობა ჯერ არ დაუდგენია.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend