მთავარისაქართველოევროპელი დიპლომატების პრესკონფერენცია

ევროპელი დიპლომატების პრესკონფერენცია

ევროკავშირის 4 ქვეყნის, ესტონეთის, ლატვიის, ისლანდიისა და ლიეტუვის, საგარეო საქმეთა მინისტრებმა საქართველოს პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ პრესკონფერენცია გამართეს. მათ ისაუბრეს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტზე, ევროკავშირში საქართველოს გაწევრებაზე, მათი ქვეყნების გამოცდილებასა და ქვეყანაში მიმდინარე საპროტესტო აქციებზე.

გაბრიელიუს ლანდსბერგისის, ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრის, თქმით, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტით ევროკავშირში გაწევრების გზა კი არ გართულდება, არამედ ის საერთოდ აღარ იარსებებს.

ლანდსბერგისის განცხადებით, მას ესმის სადავო კანონპროექტს რატომ უწოდებენ რუსულს, რადგან ეს კანონი მიმართულია სამოქალაქო საზოგადოების, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ყველას წინააღმდეგ, ვინც ქვეყნის ხელისუფლებას უპირისპირდება.

„ვერ დავიჯერებ, რომ ჩვენნაირი ქვეყნები, ესტონეთი, ლიეტუვა, ლატვია, შეიძლება ევროკავშირში შევსულიყავით, რომ გვქონოდა ისეთი კანონები, რომლებიც ახლა საქართველოში განიხილება“, – განაცხადა ლანდსბერგისმა.

მარგუს ცახნას თქმით, საქართველოსთვის არსებობს ორი არჩევანი – გზა რუსეთისკენ, ან გზა ევროკავშირისკენ, სხვა ალტერნატივა კი არ არსებობს.

“ეს კანონი სიმბოლოა არჩევანისა რუსეთსა და ევროკავშირს შორის”, – განაცხადა ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

“ჩვენ გვჯერა, რომ ქართველ ხალხის ლეგიტიმური ადგილი ევროკავშირშია. ეს პრინციპული არჩევანია და სწორედ ქართველი ხალხის გადასაწყვეტია, როგორი მომავალი სურთ ქვეყნისთვის. ჩვენ თქვენ გვერდით ვდგავართ”, – განაცხადა მარგუს ცახნამ.

თორდის კოლბრუნ რეიკფიორდ გილფადოტირისმა, ისლანდიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, კი თქვა, რომ საქართველოში ჩამოვიდნენ, როგორც ქვეყნის მეგობრები, მხარდამჭერები. მათ სურთ დებატები და განსხვავებული აზრებისა და შეხედულებების მოსმენა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend