მთავარიევროპარუსეთიძველი ომი - ახალი მინისტრი

ძველი ომი – ახალი მინისტრი

რუსეთის უცვლელმა პრეზიდენტმა თავდაცვის რიგით მეხუთე მინისტრი დანიშნა.

სერგეი შოიგუ ანდრეი ბელოუსოვმა შეცვალა. თავდაცვის ახალ მინისტრს ძველის მსგავსად სამხედრო გამოცდილება არ აქვს. სერგეი შოიგუს თავბრუდამხვევი სამხედრო კარიერის დაწყებამდე ის საგანგებო საქმეთა სამინისტროს მეთაურობდა, ანდრეი ბელოუსოვი კი თავდაცვის მინისტრად დანიშვნამდე ვიცე-პრემიერის პოსტს იკავებდა.

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი და რუსეთის ყოფილი თავდაცვის მინისტრი სერგეი შოიგუ აღლუმის დღეს წითელ მოედანზე, 9 მაისი, 2024 წელი Copyright Alexander Zemlianichenko

ვლადიმერ პუტინმა სხვა ფიგურებიც შეცვალა. ენერგეტიკის, სპორტის, ტრანსპორტის, წარმოებისა და მიწათმოქმედების სამინისტროებს ახალი მინისტრები გაუძღვებიან.

მიუხედავად იმისა, რომ ოკუპანტი სახელმწიფოს ბიუროკრატიულ აპარატში მასშტაბური ცვლილებებია, ყურადღების ცენტრში გასაგები მიზეზებით თავდაცვის სამინისტროში არსებული სიახლეებია.

“ანდრეი რემოვიჩ ბელოუსოვი თავდაცვის მინისტრად დაინიშნა. მსურს შეგახსენოთ, რომ 80-იანი წლებში საბჭოთა კავშირის მთლიანი შიდა პროდუქტის 13% იხარჯებოდა უსაფრთხოებასა და თავდაცვაზე, წლევანდელი მაჩვენებელი კი თითქმის 9 პროცენტია. ბატონ ბელოუსოვს შესანიშნავად ესმის, თუ რა ზომებია მისაღები ეკონომიკის, თავდაცვისა და უსაფრთხოების ბლოკთან თანხვედრაში მოყვანის მიზნით, ამ მიმართულებით ბევრია გაკეთებული და კიდევ მეტია გასაკეთებელი”, – განაცხადა ვლადიმერ პუტინმა, რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა.

განცხადება გააკეთა თავდაცვის ახალმა მინისტრმაც: „მტერი სწრაფად სწავლობს. ბრძოლის ველზე ახალი ტექნოლოგიები თითქმის ყოველ მეორე კვირას ინერგება. საჭიროა, მტერს ვუსწრებდეთ. შეიარაღებული ძალების გენერალურ შტაბთან ერთად უკვე დაწყებულია ახალი მეთოდებისა და ტექნოლოგიების შემუშავება. რაც შეეხება სპეციალურ სამხედრო ოპერაციას, ამოცანა იგივეა, მთავარსარდლის მიერ ჩამოყალიბებული სამხედრო და პოლიტიკური მიზნების ზედმიწევნით შესრულება. მე მზად ვარ ჩემი მთელი ძალისხმევა მივმართო და საჭიროების შემთხვევაში სიცოცხლე დავთმო ამ მიზნის მისაღწევად”.

პუტინის გადაწყვეტილებას აფასებენ რუსი და დასავლეთის ქვეყნების ჟურნალისტები და ანალიტიკოსები.

“ბელოუსოვთან დაკავშირებით კორუფციული ბრალდებები არ არსებობს. შეიძლება ითქვას, რომ ის აკადემიური ეკონომისტია, ის არ არის ცნობილი კორუფციული გარიგებებით, ან რაიმე მსგავსით. გამომდინარე აქედან, ეს პუტინის ხელისუფლებაში დიდი სიახლეა. ბელოუსოვის თავდაცვის მინისტრად დანიშვნა იმის მანიშნებელია, რომ პუტინი ხანგრძლივი ომისთვის ემზადება”, – ამბობს რუსი ჟურნალისტი მაქს ტრუდოლიუბოვი.

„ვლადიმერ პუტინმა მისი კაბინეტის ორი მნიშვნელოვანი ფიგურა შეცვალა, სერგეი შოიგუს ნიკოლაი პატრუშევის პოზიცია დაუთმო. პატრუშევი პუტინის ახლო პირია და უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი მეთაური. ბევრი უკრაინაში წარუმატებლობას სწორედ შოიგუს აბრალებს. რაც შეეხება თავდაცვის ახალ მინისტრს, ის ეკონომისტია და მას სამხედრო სფეროსთან შეხება არასოდეს ჰქონია. ბევრს მიაჩნია, რომ კრემლი ხანგრძლივი ომისთვის ემზადება”, – ამბობს ემმა ბუროუსი, Associated Press-ის ჟურნალისტი.

სამხედრო მეთაურად ქცეული შეფმზარეულის, ევგენი პრიგოჟინის, საეჭვო სიკვდილიდან თითქმის ერთი წლის შემდეგ მისი მოწოდება ნაწილობრივ შესრულებულია, შოიგუ-გერასიმოვის დუეტიდან ერთი გამოთიშულია.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend