სომხეთის დედაქალაქ ერევანში საპროტესტო აქციები გრძელდება. თითქმის ორი კვირაა, რაც ათი ათასობით მოქალაქე აზერბაიჯანისთვის ოთხი მიტოვებული სოფლის გადაცემას აპროტესტებს.
სამოქალაქო დაუმორჩილებლობას აგრძელებს ახალგაზრდული ანტისამთავრობო მოძრაობა სახელწოდებით „სამშობლოს სახელით“, რომელსაც სომეხთა ეკლესიის ტავუშის ეპარქიის წინამძღვარი, მთავარეპისკოპოსი ბაგრატ გალსტანიანი ხელმძღვანელობს. პროტესტის მონაწილეები პრემიერ-მინისტრის გადადგომას ითხოვენ.
თუმცა ნიკოლ ფაშინიანი და მისი მთავრობა ოპოზიციის კრიტიკას უარყოფს, პრემიერ-მინისტრი გადადგომას არ აპირებს. ნიკოლ ფაშინიანის თანახმად, ეს შეთანხმება სომხეთისთვის დიდი წარმატებაა და ქვეყნის სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის განმტკიცებისთვის მნიშვნელოვან ქვაკუთხედს წარმოადგენს. მისი თქმით, დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ სომხეთის რესპუბლიკას პირველად აქვს ოფიციალურად დელიმიტირებული საზღვარი, რაც მნიშვნელოვნად ზრდის უსაფრთხოებასა და სტაბილურობას სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვრის გასწვრივ.
ამ შიდაპოლიტიკური პროცესების პარალელურად სომხეთის გეოპოლიტიკური ვითარებაც იცვლება, რისი დასტურიცაა რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის ნაწილის გასვლა სომხეთის სასაზღვრო რეგიონებიდან. იმ რეგიონებიდან, რომელთა დელიმიტაცია და დემარკაციაც აზერბაიჯანულ მხარესთან უკვე დასრულებულია.
„სომხურმა მხარემ მოითხოვა დროებითი ოპერატიულ-ტაქტიკური ჯგუფების გაყვანა სადემარკაციო ხაზიდან. ეს გადაწყვეტილება მიღებულია. ამასთან, სომხებმა მოგვმართეს თხოვნით დაკეტილიყო ზვართნოცის საერთაშორისო აეროპორტის საგუშაგო, რასაც უახლოეს მომავალში გავაკეთებთ. თუმცა ჩვენი მესაზღვრეები სომხეთში რჩებიან. ჯერჯერობით ეს საკითხი სხვაგვარად არ განიხილება. მათ გვთხოვეს, გაგვეგრძელებინა ჩვენი მოვალეობების შესრულება თურქეთსა და ირანთან საზღვრის დაცვის მიზნით“, – ამბობს ალექსანდრე ბორტნიკოვი, რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის დირექტორი.
ნიკოლ ფაშინიანის მტკიცებით, აზერბაიჯანთან საზღვრის დემარკაციის პროცესი უნდა გახდეს ერთ-ერთი ინსტრუმენტი, რომელიც სომხეთსა და აზერბაიჯანს მშვიდობიან ცხოვრებას ასწავლის.