მას შემდეგ, რაც რუსულმა არმიამ კიევის მიმდებარე რაიონები დატოვა, პოლიციის ოფიცრები მოსახლეობას ეხმარებიან ოჯახის წევრების, მეგობრებისა და ახლობლების ცხედრების გადასვენებაში, რომლებიც მათ რუსი ჯარისკაცების შიშით, საკუთარ ეზოებსა და ბაღებში დაკრძალეს.
ერთ-ერთი ასეთი მარინაა, ქალაქ ბუჩიდან, რომელიც შვილებმა და მეუღლემ ბნელ და ცივ სარდაფში გარდაცვლილი იპოვეს მაშინ, როცა ოჯახი რუსული ბომბებისგან აფარებდა თავს. მეუღლემ – ივანმა და ბავშვებმა მარინასთვის კუბო კარადის ნაწილებისგან გააკეთეს. სარდაფში არჩევანი ამ მხრივ დიდი არ იყო. 6 წლის ვლადი უყურებდა, როგორ გადაასვენეს დედა თავშესაფრიდან მეზობლის ეზოში. დაკრძალვა იყო სწრაფი და გულისმომკვლელი. ივანი ამბობს, რომ ბავშვებს ახლა უკვე ესმით, რომ დედა აღარ დაბრუნდება… ივანმა გარდაცვლილი მეუღლე მაშინ ნახა, როცა მეზობლების მოსანახულებლად სარდაფიდან გასვლას აპირებდა.
„ვუთხარი: მარინა, ჩვენ ქუჩაში გავალთ… მხარზე ხელი დავადე და უდიდესი ტკივილის შედეგად გავიაზრე, რომ მარინა წავიდა. ის ცივი იყო… გაიყინა“- იხსენებს ივანი.
მას შემდეგ, რაც ბუჩა სასტიკი რუსული ოკუპაციის მოწმე გახდა, ბავშვები ქალაქის ქუჩებში არ გამოჩენილან. რუსი ჯარისკაცების გასვლის შემდეგ ბუჩაში სიმშვიდეა, თუმცა ივანი ამბობს, რომ მის უფროს შვილებს არ სჯერათ, რომ სისასტიკე ამით დასრულდა. ივანმა და მარინამ ყველა ღონე იხმარეს, რომ ბავშვებს ბომბების ხმა არ გაეგოთ და რუსული ოკუპაციის სისასტიკე საკუთარი თვალით არ ენახათ, თუმცა მარინამ ამას ბოლომდე ვერ გაუძლო. ოჯახმა ჯერ ისევ არ იცის, რა გახდა მისი გარდაცვალების მიზეზი.