საქართველოს სხვა ათასობით მოქალაქის მსგავსად, სოფია გვარამია რუსეთში მცხოვრები ნათესავებისგან ფულად დახმარებას იღებდა.
რუსეთის უკრაინაში შეჭრისა და აგრესორისთვის დაწესებული ფინანსური სანქციების შემდეგ, ფულადი გზავნილები შეუფერხდა. თვლის, რომ ფინანსურ ზარალს გაუძლებს, რადგან უკრაინელებისგან განსხვავებით, ბომბების ქვეშ არ უწევს ცხოვრება.
„მოსკოვიდან ჩემი ნათესავები ყოველთვიურად მიგზავნიდნენ თანხას. ჩარიცხვაც და გამოტანაც ძალიან ადვილი იყო. აპლიკაციის საშუალებით მიჯდებოდა ფული ანგარიშზე. შემდეგ ბანკომატიდან გამომქონდა. ახლა რუბლში ვერ აგზავნიან, არც აზრი აქვს და კურსიც დაბალი აქვს. დოლარი ძალიან გაძვირდა რუსეთში. საქართველოში ზოგიერთი ბანკი დოლარში გზავნილსაც არ გაძლევს. რომ გამომიგზავნონ დოლარში, დიდი წვალება სჭირდება თანხის მიღებას. უნდა მოვითმინოთ ქართველებმა. ჩვენთან სიმშვიდეა, უკრაინაში კი ხალხი იღუპება. ცოტა ხნით რომ გაგვიჭირდეს, არაფერი მოგვივა“, – ამბობს სოფია გვარამია.
რუსეთში მილიონზე მეტი ქართველი ცხოვრობს. საქართველოში შემოსული ფულადი გზავნილების რეიტინგში, საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით, რუსეთი პირველ ადგილზე იყო 2021 წელს.
მეორე და მესამე ადგილები იტალიასა და აშშ-ს უჭირავს. საქართველოს მშპ-ის 13% ფულად გზავნილებზე მოდის. საერთო გადმორიცხვების 17% კი რუსეთიდანაა. ბოლო წლებში საქართველოს ეკონომიკისა და ეროვნული ვალუტის სტაბილურობას სწორედ უცხოეთიდან ფულადი გზავნილები განაპირობებს, რადგან სხვა პირდაპირი უცხოური ინვესტიციები მკვეთრადაა შემცირებული. ქართველი ეკონომისტები ამბობენ, რომ რუსეთისთვის დაწესებული სანქციების ფონზე ქართული ეკონომიკა ამ თვალსაზრისითაც დაზიანდება.
„მთლიან გზავნილებში გაცილებით ნაკლები პროცენტი მოდის რუსეთზე, მაგრამ გასულ წელს პირველი ადგილი ეკავა. რა თქმა უნდა მთლიანად ვერ შეწყდება ეს გზავნილები, თუმცა რუსეთში არსებული პრობლემების გამო მნშვნელოვნად შემცირდება. ეს საქართველოს ეკონომიკისთვის დამატებითი, თუმცა ნაკლებ დამაზიანებელი ტვირთი იქნება. ზოგადად, ბოლო პერიოდში გზავნილების მხრივ გაცილებით წინ არიან ევროკავშირის ქვეყნები, რაც მზარდი ტენდენციაა“, – აცხადებს „საზოგადოება და ბანკების“ დამფუძნებელი გიორგი კეპულაძე.
„საქართველოს საბანკო ასოციაციაში“ ამბობენ, რომ საქართველოს საბანკო სისტემა მყარია. რუსეთიდან ფულადი გზავნილების შემცირება კი დიდ დარტყმას ვერ მიაყენებს ფინანსური ინსტიტუტების მდგრადობას.
„რუსეთიდან ფულადი გზავნილების შემცირებამ შესაძლოა ცალკეულ მოქალაქეებს პრობლემები შეუქმნას და ბანკებმაც გარკვეულწილად იზარალონ, თუმცა ინსტიტუციას არანაირი საფრთხე არ ემუქრება. ამის დანამდვილებით თქმა ნამდვილად შემიძლია“, – განაცხადა „საქართველოს საბანკო ასოციაციის“ პრეზიდენტმა ალექსანდრე ძნელაძემ.
საქართველოს ეროვნული ბანკი, საერთაშორისო სანქციების ავტომატური მონაწილეა. უწყების პრეზიდენტი კობა გვენეტაძე ამბობს, რომ შეფერხებების მიუხედავად მოქალაქეები რუსეთიდან ფულად გზავნილებს მაინც მიიღებენ, რადგან, სანქციებში ყველა საფინანსო ორგანიზაცია არ მონაწილეობს. ეროვნულ ბანკში რუსული გზავნილების შემცირებით დრამატულ დანაკარგებს არ ელოდებიან.
„საქართველოს ეროვნული ბანკი, რომელიც საქართველოში ფინანსური სექტორის რეგულატორია, 26 თებერვლიდან ავტომატურად შეუერთდა რუსეთისთვის დაწესებულ საერთაშორისო სანქციებს. ფულადი გზავნილების მიღება რუსეთიდან სრულად ვერ გაჩერდება. იმის მიუხედავად, რომ ზოგიერთმა რუსულმა კომპანიამ საქართველოში საქმიანობა შეაჩერა, რამდენიმე ჯერ კიდევ მუშაობს. ჩვენს სისტემაში საქმიანობა მხოლოდ ლეგალური გზით და არასანქცირებული პირებისა და ორგანიზაციებისთვისაა დაშვებული. რუსეთიდან გზავნილების მოცულობა დამოკიდებულია იქ არსებულ ეკონომიკურ ვითარებასა და რუბლის გაუფასურებაზე“, – განაცხადა კობა გვენეტაძემ.
საქართველოს ეკონომიკა რუსეთის ბაზარზე ბევრი მიმართულებით არის დამოკიდებული. ამის შესამცირებლად უკვე წლებია მოქმედებს დივერსიფიკაციის პროგრამები, მაგრამ დამოკიდებულება ჯერ მაინც რჩება. ეს კი ხელს უშლის საქართველოს განვითარებას და ევროატლანტიკურ ინტეგრაციას.
ალეკო გვეტაძე