მთავარისპორტიზედიზედ მეორე გამარჯვება ჩრდილოეთ მაკედონიასთან

ზედიზედ მეორე გამარჯვება ჩრდილოეთ მაკედონიასთან

საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებმა ჩრდილოეთ მაკედონია ზედიზედ მეორედ დაამარცხა. გასვლით მატჩში ილიას ზუროსის გუნდმა მეტოქე 79:65 დაამარცხა.

მატჩის საუკეთესო მოთამაშე თად მაკფადენი გახდა, რომლის ანგარიშზე 24 ქულა და 5 შედეგიანი გადაცემაა, გიორგი შერმადინმა 13 ქულა და 8 მოხსნა მოაგროვა, დუდა სანაძემ 10 ქულა ჩააგდო, მერაბ ბოქოლიშვილმა კი 11. საქართველოს ნაკრების მაისურით გამორჩეული იყო კახა ჯინჭარაძე, “ოლიმპის” კაპიტანმა 8 ქულა და ამდენივე მოხსნა გაიფორმა.

“მინდა მივულოცო და მადლობა გადავუხადო ჩვენი გუნდის თითოეულ წევრს. მათ ძალიან კარგად იმუშავეს. ამ გამარჯვებას ქართველ ხალხს ვუძღვნით, გულშემატკივრებს, რომლებიც უკვე წლებია ჩვენს გვერდით დგანან. ძალიან მნიშნელოვანია რომ შემდეგი ეტაპის საგზური უკვე მოვიპოვეთ. ასევე მინდა ვისაუბრო უმნიშვნელოვანეს თემაზე. მთელი გუნდის სახელით მინდა მხარი დავუჭირო ომის შეჩერებას. უდანაშაულო ადამიანები არ უნდა იღუპებოდნენ. რთულია 2022 წელს ამის დაჯერება. ადამიანები სიყვარულისთვის არსებობენ და არა ომისთვის,” – განაცხადა მატჩის შემდეგ საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ილიას ზუროსმა.

პირველი ეტაპის მომდევნო შეხვედრებს ქართველები ივლისში გამართავენ. პირველ ივლისს საქართველო უკრაინის ნაკრებს უნდა დაუპირისპირდეს, 4 ივლისს კი თბილისს ესპანეთის ნაკრები ეწვევა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend