მთავარიევროპაავსტრიავენაში ნატოსა რუსეთს შორის მოლაპარაკება შედეგების გარეშე დასრულდა

ვენაში ნატოსა რუსეთს შორის მოლაპარაკება შედეგების გარეშე დასრულდა

არანაირი წინსვლა – ასე დასრულდა ვენაში ეუთოს შეხვედრა და დიპლომატიური მოლაპარაკებების მესამე რაუნდი ნატოსა და რუსეთს შორის. პოლონეთმა, რომელიც შეხვედრას თავმჯდომარეობდა, აღნიშნა, რომ ევროპა ომის საფრთხის წინაშეა.

ჯეიკ სალივანმა, თეთრი სახლის მრჩეველმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, განაცხადა, რომ უკრაინაში რუსეთის  შეჭრის დიდი რისკი არსებობს. დიპლომატიური მოლაპარაკებების დროს რუსეთმა და აშშ-მ თავიანთი პოზიციები დააფიქსირეს.  ჯეიკ სალივანი აღნიშნავს, რომ რუსეთის ქმედებები საფრთხეს უქმნის ევროპის უსაფრთხოებას. ამერიკული მხარე თანახმაა, გააგრძელოს დიპლომატიური მოლაპარაკებები, თუმცა, ამავდროულად, მზად არის შესაბამისი ზომებისთვისაც, თუკი რუსეთი სხვა გზას აირჩევს.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ სერგეი რიაბკოვმა განაცხადა, რომ  თუ ნატო არ შეაჩერებს რუსეთის საზღვრებთან სამხედრო აქტივობებს, შესაძლოა, რუსეთმა კუბასა და ვენესუელაშიც გაგზავნოს ჯარი. მისი თქმით, რუსეთის პრეზიდენტმა არაერთხელ აღნიშნა, თუ როგორი იქნება რუსეთის საზღვაო ძალების ქმედებები, თუკი შეერთებული შტატები ისევ გააგრძელებს სამხედრო ზეწოლას. თუმცა რუსულ მხარეს ასეთი დაპირისპირება  არ სურს და ურჩევნია, დიპლომატიური გზით მოგვარდეს პრობლემა.

ნატოს ყოფილმა სპიკერმაც „ევრონიუსთან“ საუბარში განაცხადა, რომ ნატოსა და ამერიკას არ სურს, უკრაინაში პრობლემა სამხედრო ძალის ჩარევით გადაწყვიტონ.

ნატოს გენერალური მდივნის ყოფილი მრჩეველი უსაფრთხოების საკითხებში ჯეიმი შეა ამბობს, რომ ბურთი ახლა პუტინის მოედანზეა.

ჯერჯერობით უცნობია, გააგრძელებს თუ არა რუსეთი დიალოგსა და მოლაპარაკებებს. შესაძლოა,  მას სულაც არ სურს გამოსავლის მოძებნა. ის შეუსრულებელ მოთხოვნებს უყენებს ნატოს,  რათა წარუმატებელი მოლაპარაკებები, რომლებიც ისედაც კრახისთვის არის განწირული, უკრაინაში შეჭრის მიზეზად გამოიყენოს.

ლიეტუვა, რომელსაც რუსეთთან საერთო საზღვარი აქვს, აცხადებს, რომ 1945 წლის შემდეგ ომის ასეთი დიდი საფრთხე არ ყოფილა. ისინი  სხვადასხვა სცენარისთვის ემზადებიან, მათ შორის პირდაპირი სამხედრო კონფრონტაციისთვის.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend