მთავარიევროპაუკრაინაუკრაინელი სამხედროების იმპროვიზებული დრონები

უკრაინელი სამხედროების იმპროვიზებული დრონები

უკრაინაში უკვე რამდენიმე თვეა ჯარისკაცებს უწევთ ტყვია-წამლისა და საარტილერიო ჭურვების დეფიციტის ფონზე, განაგრძონ რუსული ძალების მოგერიება.

სანამ უკრაინელი ჯარისკაცები მიიღებენ საერთაშორისო მოკავშირეებისგან სათანადო დახმარებას, 92-ე ბრიგადის სადრონო ქვედანაყოფი კვეთს ფრონტის საზღვრებს და დივერსიულ ოპერაციებს ატარებს ბახმუტის შემოგარენიდან. ეს ის ქალაქია, რომელიც რუსულმა ძალებმა შარშან მაისში აიღეს.

ქვედანაყოფის ერთ-ერთი ჯარისკაცი, მეტსახელად „ყასაბი“, ამბობს, რომ ჭურვებისა და არტილერიის დეფიციტის გამო ჯარისკაცებს იმპროვიზაცია უწევთ: „იმპროვიზაცია გვიწევს იმით, რაც გვაქვს. თუ ჩვენ არ გვაქვს საარტილერიო მხარდაჭერა, რადგან მათ არ აქვთ ჭურვები, ჩვენ უნდა მოვძებნოთ სხვა გზები მტრის გასანადგურებლად. ამ ფუნქციას იმპროვიზებული დრონები კარგად ითავსებენ. ყოველ შემთხვევაში დრონები საკმაოდ ხელმისაწვდომია. ამას იმიტომ არ ვაკეთებთ, რომ გვინდა, უბრალოდ არჩევანი არ გვაქვს”.

უკრაინელი მეთაურები დეკემბრის ბოლოდან ჩიოდნენ საბრძოლო მასალის სერიოზული დეფიციტის გამო. თებერვლისთვის რამდენიმე რეგიონის საარტილერიო დანაყოფების ხელმძღვანელებმა განაცხადეს, რომ მათ ჰქონდათ საჭირო მარაგის 10%-ზე ნაკლები. დეფიციტი გამოწვეული იყო მარაგების გამოფიტვით და დასავლური დახმარების გამოგზავნის გაჭიანურებით.

უკრაინის პრეზიდენტმა ვიდეომიმართვაში მადლობა გადაუხადა ამერიკის შეერთებულ შტატებს სამხედრო დახმარების ახალი პაკეტისთვის: „მადლობელი ვარ პრეზიდენტი ბაიდენის, ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესისა და ყველა ამერიკელის, ვინც აცნობიერებს, რომ აუცილებელია პუტინის ერთხელ და სამუდამოდ მოგერიება, რადგან მხოლოდ ასე უზრუნველყოფთ თავისუფალ მსოფლიოს. მე მადლობას ვუხდი ყველა ამერიკელს, რომელიც მუშაობს თავდაცვის ინდუსტრიაში, რომელიც ახლა ნამდვილად იცავს დემოკრატიას და ჩვენი ცხოვრების წესს“.

ამერიკის დახმარების პაკეტი მოიცავს საჰაერო თავდაცვის სისტემებს, საარტილერიო ჭურვებს, ჯავშანტექნიკასა და სხვა იარაღს უკრაინული ძალების გასაძლიერებლად, რუსული სამხედრო წინსვლის ფონზე.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend