მთავარიკულტურავენეციის ბიენალეზე ისრაელელმა ხელოვანმა პროტესტის ფონზე ქვეყნის პავილიონი დახურა

ვენეციის ბიენალეზე ისრაელელმა ხელოვანმა პროტესტის ფონზე ქვეყნის პავილიონი დახურა

რამდენიმეთვიანი ზეწოლის შემდეგ ისრაელელმა ხელოვანმა, რომელსაც თავისი ნამუშევრები ვენეციის წლევანდელ ბიენალეზე გამოჰქონდა, მიიღო გადაწყვეტილება, დაეხურა ისრაელის პავილიონი, სანამ მხარეებს შორის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება არ შედგება.

პეტიციების ფონზე, იტალიის მთავრობის მხარდაჭერის მიუხედავად, ისრაელის მიერ წარდგენილმა ხელოვანმა, მაინც მიიღო გამოფენის დახურვის გადაწყვეტილება.

ისრაელის პავილიონის წინ გაკრული იყო აბრა წარწერით:

“ხელოვანი და ისრაელის პავილიონის კურატორები გამოფენას ცეცხლის შეწყვეტისა და მძევლების გათავისუფლების შეთანხმების მიღწევის შემდეგ გახსნიან”.

რუთ პატირმა, ისრაელელმა ხელოვანმა, რომელმაც ბიენალესათვის შექმნა პროექტი, სახელწოდებით „(M)otherland“, ნიუ-იორკ თაიმსთან საუბრისას განაცხადა, რომ ამ გადაწყვეტილების მიღება მარტივი არ იყო.

მიუხედავად იმისა, რომ მას ბიენალეში მონაწილეობა წარმატებას მოუტანდა, ამერიკაში დაბადებულმა ხელოვანმა განაცხადა, რომ ღაზაში შექმნილი სიტუაცია ბევრად უფრო მნიშვნელოვანი იყო, ვიდრე მისი პროექტი.

პავილიონის დახურვის გადაწყვეტილებას წინ უძღოდა რამდენიმეთვიანი საჯარო დებატები მხატვართა საზოგადოებაში იმასთან დაკავშირებით,  უნდა მიეღო თუ არა ისრაელს მონაწილეობა ბიენალეში.

2023 წლის 7 ოქტომბერს  „ჰამასის“ მებრძოლები თავს დაესხნენ ისრაელს, დახოცეს 1200 ადამიანი,  240 კი მძევლად აიყვანეს. ამას ისრაელსა და „ჰამასს“ შორის ომი მოჰყვა, რომელსაც  33 000-ზე მეტი პალესტინელი  ემსხვერპლა.

მხატვართა საერთაშორისო საზოგადოებამ დაგმო ისრაელის ქმედებები.

შეიქმნა  პეტიცია ისრაელის ღონისძიებიდან მოხსნის მოთხოვნით. პეტიციას 17 000-მა ადამიანმა მოაწერა ხელი. მათ შორის იყო ბიენალეს ყოფილი მონაწილეებისა და ბრიტანეთის ყველაზე პრესტიჟული ჯილდოს „ტურნერის პრიზის მფლობელის  ხელმოწერები.

პეტიციას გამოეხმაურა იტალიის კულტურის მინისტრი ჯენარო სანჯულიანო. იგი მხარს უჭერდა იდეას, რომ ისრაელს შეენარჩუნებინა თავისი პავილიონი.  სანჯულიანოს თქმით, გარდა იმისა, რომ  ისრაელს აქვს უფლება, წარმოადგინოს ხელოვნების ნიმუშები,  ეს მისი მოვალეობაცაა, განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რმო ისრაელს ტერორისტები თავს დაესხნენ.

სანჯულიანოს ისრაელელი კოლეგა, მიკი ზოჰარი,   ამბობს,  რომ ხელოვნება ერთგვარი დამაკავშირებელი ხიდია ხალხებსა და კულტურებს შორის, მისი თქმით, ისინი გააგრძელებენ ბრძოლას საერთაშორისო ფორუმებზე ისრაელის ბოიკოტის წინააღმდეგ.

პატირმა პავილიონის დახურვის გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც გამოფენის კურატორებმა დებმა მირა ლაპიდოტმა და  თამარ მარგალიტმა განაცხადეს, რომ  ისრაელელმა ხელოვანებმა  უნდა აჩვენონ ქვეყნისა და  ერის იდენტობა ნაცვლად იმისა, რომ ემსახურონ ნეთანიაჰუს მთავრობას.

„ჩვენ 7 ოქტომბრის შემდეგ ვგრძნობდით, რომ სახელოვნებო სამყაროში პოლარიზაცია გაჩნდა“, – განუცხადა ლაპიდოტმა გამოცემა „ჰაარეცს“.

„პოლიტიკური არენისგან განსხვავებით, ხელოვნების სამყარო  მიისწრაფოდა, შეექმნა რაღაცა რთული, არაერთაზროვანი, რაც შესაძლოა, შინაგანი წინააღმდეგობის მატარებელიც ყოფილიყო  და უცბად, ერთი დარტყმით, მთელი ეს აღქმა შეიცვალა. თქვენ შეგიძლიათ, იყოთ  ან ერთ ან მეორე მხარეს. აღარ არსებობს თანაგრძნობისა და პოზიციის გამოხატვის სხვა საშუალება, რომელიც უნდა აღემატებოდეს ვიღაცისთვის მიმხრობას. და ეს ფუნდამენტურად  ეწინააღმდეგება ყველაფერ იმას, რაც  არის ხელოვნება ჩემი გაგებით“, — ამბობს ის.

მარგალიტის ოჯახის წევრები საჯაროდ არიან ჩართული ისრაელის სამშვიდობო ინიციატივებში. კურატორმა გამოცემას გაუზიარა თავისი შეშფოთება იმის გამო,  რომ დააკნინეს მისი მოღვაწეობა  და მას ნაციონალისტი სპიკერი უწოდეს.  მარგალიტს არ ახსოვს  სხვა შემთხვევები, როდესაც ხელოვანის მიმართ პრეტენზია განაცხადეს იმის გამო, რასაც მისი ქვეყანა აკეთებს.  ეს მხოლოდ ისრაელის მიმართ ხდება, როცა ხელოვანსა და ქვეყანას ერთმანეთთან აიგივებენ.

ვენეციაში წარდგენის გადაწყვეტილება ნიშნავს, რომ მოცემულობას არ ეგუები.  მე ალბათ ვერავის დავარწმუნებ და არც ვარ დაინტერესებული, დავუპირისპირდე მათ, ვინც ჩვენსა და ისრაელის წინააღმდეგ პროტესტს გამოხატავს – განაცხადა მარგალიტმა იმის პასუხად, თუ როგორ იშორებენ ისრაელელ ხელოვანებს გარკვეული პლატფორმებიდან.

მარგალიტის კომენტარებიდან გამომდინარე, გასაგები ხდება, რომ გამოფენის დახურვა მხოლოდ მხატვრის, პატირის პირადი გადაწყვეტილება იყო.

აქამდე პატირი დუმილს ინარჩუნებდა,  რადგან ისრაელის პავილიონმა დიდი მოწონება დაიმსახურა და ინფორმაცია მედიაშიც გავრცელდა. ორიგინალური შოუ „სამშობლო“  წარმოადგენს პატირის ძიებას  დედობისა და  შვილიერების არსზე იმის შემდეგ, რაც ჯანმრთელობის პრობლემებიდან გამომდინარე, მედიკოსებმა მას  კვერცხუჯრედების გაყინვა ურჩიეს.

ბიენალეზე ისრაელის წარმომადგენლად იგი ომის დაწყებამდე ერთი თვით ადრე აირჩიეს.  მას ვერც კი წარმოედგინა, რომ როცა ის აპრილში ვენეციაში ჩავიდოდა, მძევლები ისევ ტყვეობაში იქნებოდნენ, ომი კი გაგრძელდებოდა.  პასუხად მათ გადაწყვიტეს, გაეუქმებინათ გამოფენის გახსნისადმი მიძღვნილი წვეულება და ომით გამოწვეული რეაქციების პასუხად გადაეკეთებინათ ნამუშევრები, თუმცა  საბოლოოდ საერთოდ არ გახსნეს  პავილიონი.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend