მთავარისაქართველოევროპარლამენტის რეზოლუცია საქართველოს შესახებ

ევროპარლამენტის რეზოლუცია საქართველოს შესახებ

ევროპარლამენტმა მხარი დაუჭირა რეზოლუციას, რომელსაც ჰქვია „რეზოლუცია უცხოელი აგენტების კანონის ხელახალი ინიციირებისა და სამოქალაქო საზოგადოებისთვის მისი შეზღუდვების შესახებ“. რეზოლუციის ტექსტთან ერთად ევროპარლამენტმა ასევე მხარი დაუჭირა ბიძინა ივანიშვილისთვის სანქციების დაწესებისა და მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნებს. რეზოლუციის ერთ-ერთ შესწორებაში იყო ასევე საქართველოსთვის სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის საკითხის გადახედვაც. ამ რეზოლუციას მხარი დაუჭირა 425-მა ევროპარლამენტმა, წინააღმდეგი იყო 25, ხოლო ხმის მიცემისგან თავი შეიკავა 30-მა ევროპარლამენტარმა.

რეზოლუციის ძირითად ტექსტში ვკითხულობთ, რომ ევროპარლამენტი მტკიცედ გმობს “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ კანონპროექტის ხელახლა წარდგენას. ხაზს უსვამს, რომ იგი შეუსაბამოა ევროკავშირის ღირებულებებთან, წინააღმდეგობაში მოდის საქართველოს ევროატლანტიკურ მისწრაფებებთან და ღალატობს ქართველი ხალხის დიდი უმრავლესობის ნებას. რეზოლუცია მმართველ პარტიას მოუწოდებს გაიწვიოს კანონპროექტი, რომელიც მათი თქმით, რუსეთის მსგავსი, პრობლემური კანონმდებლობით არის შთაგონებული. რეზოლუციის პროექტში ასევე იხსენებენ, რომ საქართველოს 2023 წლის დეკემბერში კანდიდატის სტატუსი მიენიჭა იმ პირობით, რომ საქართველო შეასრულებდა 9 დათქმას და ამ 9 დათქმიდან ერთ-ერთი ეხება სწორედ სამოქალაქო საზოგადოებისთვის თავისუფლად ფუნქციონირების შესაძლებლობის უზრუნველყოფას. თანხმდებიან, რომ სანამ მსგავსი კანონი იმოქმედებს საქართველოში, არ უნდა გაიხსნას ევროკავშირში გაწევრების მოლაპარაკებები.

ვკითხულობთ, რომ ეს კანონპროექტი მმართველმა პარტიამ წარადგინა ისეთ დროს, როდესაც სულ უფრო და უფრო ხშირად ვხედავთ სამოქალაქო საზოგადოებისა და დამოუკიდებელი მედიის წინააღმდეგ თავდასხმებს…

რეზოლუციაში წერია, რომ ეს კანონპროექტი არის მორიგი ნაბიჯი საქართველოს მთავრობის წინასაარჩევნო საკანონმდებლო ინიციატივების სერიიდან, რომელიც ასევე მოიცავს ე.წ. “ლგბტ პროპაგანდასთან” ბრძოლას, ქალებისთვის გენდერული კვოტირების გაუქმებას და ა.შ.

რეზოლუციის თანახმად, ეს ყველაფერი საფრთხეს უქმნის დემოკრატიულ რეფორმებს და ხელს უწყობს დეზინფორმაციის გავრცელებას ევროკავშირისა და მისი ღირებულებების შესახებ, ესეც სწორედ 9 დათქმიდან ერთ-ერთ პუნქტთან მოდის პირდაპირ წინააღმდეგობაში.

ძირითად ტექსტთან ერთად ევროპარლამენტმა ნაკლები ხმით, თუმცა მაინც მხარი დაუჭირა რამდენიმე ძირითად შესწორებასაც.

ევროპარლამენტი მოუწოდებს ევროკომისიას, შეაფასოს, ახდენს თუ არა გავლენას “უცხოური გავლენის შესახებ” კანონპროექტი სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის კრიტერიუმების შესრულებაზე. მოუწოდებენ მმართველ პარტიას, გაიწვიონ კანონპროექტი, რომელიც ზღუდავს ლგბტქ თემის უფლებებს და თავს ესხმის თემს, სიტყვის თავისუფლებასა და თავისუფალ სამოქალაქო საზოგადოებას. მოუწოდებენ საქართველოს ხელისუფლებას, გაათავისუფლონ საქართველოს მე-3 პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ჰუმანიტარული საფუძვლით და მისცენ მას საზღვარგარეთ მკურნალობის საშუალება. ისინი მოუწოდებენ საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს, რომ გამოიყენოს კონსტიტუციით მინიჭებული უფლებამოსილება ამ საკითხის მოსაგვარებლად.

ისინი ევროკავშირის საბჭოსა და ევროკავშირის პარტნიორებს მიმართავენ თხოვნით, რომ დაუწესონ სანქციები ბიძინა ივანიშვილს, რომელიც ცდილობს ძირი გამოუთხაროს ქვეყნის დასავლურ კურსს რუსეთისკენ გადახრის სასარგებლოდ და “მოქმედებს საკუთარი ხალხის ინტერესების წინააღმდეგ“.

წერია, რომ ევროპარლამენტი გმობს იმ როლს, რაც ბიძინა ივანიშვილმა პირადად ითამაშა მიმდინარე პოლიტიკური კრიზისის შესაქმნელად.

რეზოლუციაში ასევე წერია, რომ “ქართული ოცნების” დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილი არის ქვეყნის ერთადერთი ოლიგარქი და მმართველი პარტიის განახლებული წესდების თანახმად, საპატიო თავმჯდომარის ხელში არის კონცენტრირებული სრულად ძალაუფლება, თუმცა მასზე არ მოქმედებს არანაირი ანგარიშვალდებულების მექანიზმი.

ევროპარლამენტის რეზოლუცია სარეკომენდაციო სახის არის.

“რონდელის ფონდის” ევროპული კვლევების ცენტრის დირექტორი კახა გოგოლაშვილი ამბობს, რომ მას არ ახსოვს ასეთი მკაცრი რეზოლუცია საქართველოს მიმართ.

ექსპერტი განმარტავს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციებს არ აქვს საკანონმდებლო ძალა, თუმცა ის ფიქრობს, რომ თუ კანონი ძალაში შევა, ევროპელი ლიდერები გაითვალისწინებენ ამ დოკუმენტის შინაარსს.

 

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend