18 ქვეყანამ, მათ შორის საფრანგეთმა, დიდმა ბრიტანეთმა და აშშ-მა ერთობლივი განცხადება გაავრცელეს. ქვეყნები „ჰამასს“ მოუწოდებენ, დაუყოვნებლივ გაათავისუფლონ მძევლები და დათანხმდნენ იმ შეთანხმების პროექტს, რომელზეც მოლაპარაკებები ყატარში უნდა გაიმართოს.
ამერიკული მხარის განცხადებით “მაგიდაზე ის შეთანხმება დევს, რომელიც ღაზას სექტორში ცეცხლის შეწყვეტას მოიტანს, თუმცა „ჰამასი“ ამ შეთანხმებას ეწინააღმდეგება.
თელ–ავივში მძევლების ნათესავებმა მსოფლიოს სხვა ქვეყნებს მოუწოდეს შეუერთდნენ ამ განცხადებას.
„ჰამასის“ მაღალჩინოსანი ხალილ ალ-ჰაია კი ამბობს, რომ „ჰამასი“ მზად არის, ისრაელთან ზავის დადოს. მისი განცხადებით, მას შემდეგ, რაც ორი სახელმწიფოს პრინციპით პალესტინა დამოუკიდებელ სახელმწიფოდ ოფიციალურად ჩამოყალიბდება, „ჰამასი“ მზად არის დადოს იარაღი და პოლიტიკურ პარტიად გადაიქცეს. ალ-ჰაიას განცხადებით, „ჰამასს“ პალესტინის სახელმწიფო მხოლოდ 1967 წლამდე არსებული საზღვრების ფარგლებში წარმოუდგენია. ისრაელი კი სწორედ ამ საზღვრებს ეწინააღმდეგებოდა.
ამავდროულად, ღაზის სამოქალაქო თავდაცვის ჯგუფმა გამოთქვა მზადყოფნა დაეხმაროს დამოუკიდებელ საერთაშორისო გამოძიებას საავადმყოფოებთან ახლახან აღმოჩენილი მასობრივი საფლავების შესახებ ინფორმაციის გარკვევაში.
როგორც ცნობილია, საფლავებში დაახლოებით 400 ცხედარი აღმოაჩინეს. პალესტინელი მოსახლეობის დიდი ნაწილი საფლავებში დაკარგულ ნათესავებს ეძებენ. მომხდართან დაკავშირებით გაერო გამჭვირვალე და სანდო გამოძიების ჩატარებას ითხოვს.