სექსუალური ძალადობის მსხვერპლი ქალების ისტორიები ერთმანეთს არ ჰგავს, თუმცა უმეტეს მათგანს დაუცველობისა და უსუსურობის განცდა აწუხებს… მომხდარის გამო ხშირად საკუთარ თავს ადანაშაულებენ.
„ომში ტყვედ ჩავარდნილი ქალებიც გვყოლია, რომლებიც არიან სექსუალური ძალადობის მსხვერპლნი, არიან ოჯახის წევრები, მოძალადე შეიძლება, იყოს: მამა, ძმა, ბიძაშვილი… ყოფილა შემთხვევები, რომ აბსოლუტურად უცნობი ადამიანი ან ინტერნეტით დაუკავშირდა და მერე შეხვდა“, – თქვა ფსიქოთერაპევტმა, ფსიქოტრავმატოლოგმა, ანა ჟღენტმა.
სექსუალური ძალადობის მსხვერპლი ქალებისთვის მომდევნო ნაბიჯი უფრო რთულია – ილაპარაკონ. ილაპარაკონ ფსიქოლოგთან, სოციალურ მუშაკთან, ოჯახის წევრთან. მიზეზი აქაც ბევრია…
„ძალიან ბევრს ეშინია, რომ მამა, ძმა ჰყავს და ესენი რომ გაიგებენ, მათი ოჯახის წევრი არ გაეხვას შარში, იმიტომ, რომ არ გადაწყვიტოს შურისძიება, იმიტომ, რომ ეს მერე ოჯახის სირცხვილადაც ითვლება“, – აღნიშნა ანა ჟღენტმა.
„ზოგადად, ქალები არ საუბრობენ ძალადობაზე, რადგან გარდა იმისა, რომ ეს არის ტაბუდადებული დანაშაული, ასევე ძალიან ბევრ ემოციურ და ფიზიკურ ტკივილთან არის დაკავშირებული, როდესაც ეს ქალები გადიან თუნდაც აი, ამ თემაზე საუბრის დროს. პლუს ძალიან ბევრი ფაქტია, რის გამოც ესენი უარს ამბობენ იმიტომ, რომ არ აქვთ საზოგადოების მხარდაჭერა და მისი გაგების იმედი, არ აქვთ საკუთარი ოჯახის წევრებისგან მხარდაჭერის იმედი… მსხვერპლი არასდროს არ არის დამნაშავე, იმიტომ, რომ მოძალადე მიზეზს ყოველთვის მონახავს იმისთვის, რომ იძალადოს თავის მსხვერპლზე, იმიტომ, რომ ძალადობას არ სჭირდება, ასე ვთქვათ, განსაკუთრებული მიზეზები“, – განაცხადა ძალადობისგან დაცვის ეროვნული ქსელის რეგიონულმა კოორდინატორმა, ელისო ამირეჯიბმა.
წამების მსხვერპლთა ფსიქოსოციალური რეაბილიტაციის ცენტრში სექსუალური ძალადობის მსხვერპლი ქალები სხვადასხვანაირად ხვდებიან. ზოგს ადვოკატი აგზავნის, ზოგი თავად მოდის. აქ რეაბილიტაციის კურსს გადიან – ყველა სხვადასხვაგვარად, მათთვის საჭირო თერაპიითა და დროით. თუმცა, მიზანი ყველასთვის ერთია – აღარ გაიყოს მათი ცხოვრება სექსუალურ ძალადობამდე და სექსუალური ძალადობის შემდეგ და სრულფასოვანი ცხოვრების გაგრძელება შეძლონ.
„ჯერ ვიწყებთ სტაბილიზაციის ფაზით ადამიანის, ანუ სადაც ხდება მისი რესურსების გაძლიერება, რაც აქვს ამ ადამიანს, იმ რესურსებზე მუშაობა, ახალი რესურსებით აღჭურვა, ემოციის რეგულაციის სწავლება და შემდეგ უკვე გადავდივართ თვითონ, აი, მომხდარის გადამუშავებაზე. სხვადასხვა მეთოდში სხვადასხვა პროცესია. არსებობს ასეთი მიდგომა – ინვივო, როდესაც სადაც მოხდა, იქ მიდის ადამიანი და იქ ხდება დაპირისპირება ამ ტრავმულ ადგილთან და იქ გადამუშავება. არსებობს , როდესაც ადამიანი რაღაც გარკვეულ ტრავმას გადაიტანს, ნაწყვეტ-ნაწყვეტ ახსოვს ხოლმე და მისი კოგნიციები და ემოციები ძალიან გახლეჩილია ერთმანეთისგან, და ამ გადამუშავების პროცესში ხდება ამ ორი, ჩვენი ჰემინსფეროს ერთმანეთთან დაკავშირება და ამ ისტორიის გამთლიანება“, – თქვა ანა ჟღენტმა.
ქალების უმრავლესობა გვიან, თუმცა მაინც იწყებს ლაპარაკს… ჭრილობების მოშუშებას დრო სჭირდება, თუმცა, ერთია მთავარი – ახსოვდეთ, რომ გამოსავალი ყოველთვის არსებობს, რეაბილიტაციის შედეგად კი სრულფასოვანი ცხოვრების გაგრძელება შესაძლებელია…
ანა ალელიშვილი