დედამიწის ზურგზე ერთ-ერთი ყველაზე დაბინძურებული ადგილია. სასუქების ნარჩენებით გაჯერებული ჩამდინარე წყლები წყალმცენარეების გახარებას უწყობს ხელს, რის გამოც წყალქვეშ ჟანგბადი მცირდება, ამიტომ წყალი მღვირე და მუქია. ქალაქებიდან გამოსული ნარჩენები და ინდუსტრიული ქიმიკატები საბოლოოდ ზღვაში ჩაედინება და მის ეკოსისტემას აზიანებს. ამას ემატება ჭარბი თევზჭერისა და კლიმატის ცვლილების უარყოფითი გავლენა. შედეგად თევზის გარკვეული სახეობები, მაგალითად, ბალტიის ვირთევზა ქრება.
ესტონეთში მარი სეპი ხელმძღვანელობს პროექტ CleanEST-ს, რომელიც ევროკავშირის LIFE programme-ის თანადაფინანსებით სარგებლობს. ეს პროექტი აქცენტს შიდა წყლებზე აკეთებს, მათ შორის მდინარეებზე, რომლებსაც ზღვაში ათასგვარი სიბინძურე ჩააქვთ.
მარი სეპი, CleanEST პროექტის მენეჯერი:
„ბოლო 30 წლის განმავლობაში ბალტიის ზღვის სასუქი ნივთიერებებით დაბინძურება დაახლოებით 50 პროცენტით შემცირდა. ამიტომ ახლა აქცენტი გადავიტანეთ სხვა სახიფათო ნივთიერებებზე, ზღვაში დაგროვილ ნაგავზე, წამლების ნარჩენებზე, ნაოსნობითა და ინვაზიური სახეობებით გამოწვეულ დაბინძურებაზე.“
მდინარე პურცე ძველი საწარმოებიდან ჩამონადენი ტოქსიკური ქიმიკატებით არის დაბინძურებული.
მის ახლო საბჭოეთის დროს საბურავების საწარმო იყო. საწარმოს ტერიტორიაზე ნიადაგი გაჟღენთილია ინდუსტრიული საწვავით. CleanEST-ის პროექტის ფარგლებში დაბინძურებული ნიადაგის 14 ათასი კუბური მეტრის ფენა აიღეს, რითაც დაბინძურების გავრცელება შეაჩერეს.
ოლავ ოიალა, ესტონეთის გარემოს დაცვის სამინისტროს წყლის დეპარტამენტის მრჩეველი:
„ნავთობი ნიადაგში ერთ ადგილზე არ რჩება – ეს ნივთიერება აგრძელებს ჟონვას და ერევა სასმელ წყალს, მდინარეებს და ზღვას. ნავთობი ტოქსიკურ და კარცეროგენულ ქიმიკატებს შეიცავს და რაც უფრო დიდხანს რჩება ნიადაგში, მით უფრო მეტად ვრცელდება.“
ბალტიის ზღვის დაბინძურება რომ შეჩერდეს, ყველა დაბინძურებული წყლის კოორდინატების რუკა უნდა შედგეს და გაიწმინდოს.
მდინარე ერა ესტონეთის ჩრდილო-აღმოსავლეთით ბალტიის ზღვის სანაპირო ზოლის ახლოს მიედინება. ამ მდინარის ფსკერი დაახლოებით ნახევარმეტრიანი სისქის კუპრით არის დაფარული. მას უახლოეს მომავალში ამოიღებენ.
საბჭოთა პერიოდში ის წარმოება, რომელიც შელფიდან ნავთობს იღებდა და ამუშავებდა, ხშირად დაუმუშავებელ ნარჩენს თხრილებსა და მდინარეებში ყრიდა. დღეს გამაგრებული ბიტუმი ისევ ფარავს მდინარის ნაპირს.
რაიმო იააქსო, ესტონეთის გარემოს დაცვის სამინისტროს წყლის დეპარტამენტის პროექტის მენეჯერი:
„ჩვენი კვლევა აჩვენებს, რომ მდინარე ერაში ეს ნივთიერება დაახლოებით 40 ათასი კუბური მეტრის მოცულობითაა. მას ამოიღებენ და სახიფათო ნარჩენებისთვის განკუთვნილ ნაგავსაყრელზე გადაიტანენ – ასე გარემოზე გავლენას ვეღარ მოახდენს.“
„კურშის ცელა“ ლიეტუვასა და რუსეთს შორის გადაჭიმული ქვიშის დიუნის ნახევრაკუნძულია. ეს მშვენიერი დაცული ტერიტორია ბალტიის რეგიონში ბუნების დაცვის საერთაშორისო თანამშრომლობის სიმბოლოა.
2020 წლის სექტემბერში ევროკავშირმა ამ ზღვის გაჯანსაღების ვალდებულება განაახლა. მასშტაბურ კონფერენციაზე „ჩვენი ბალტია“, რომელსაც მასპინძლობდა ევროკომისარი გარემოს დაცვის, საზღვაო საქმეთა და თევზჭერის საკითხებში, მთავრობის, მეცნიერების, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ინდუსტრიის წარმომადგენლები შეიკრიბნენ.
ვირგინიუს სინკევიჩიუსი, ევროკომისარი გარემოს დაცვის, საზღვაო საქმეთა და თევზჭერის საკითხებში:
„კონფერენციიდან „ჩვენი ბალტია“ მხოლოდ ერთი წელი გავიდა, მაგრამ ძალიან ამაყი ვარ, რომ ეს ისტორიული წუთი დადგა, როდესაც მხოლოდ გარემოზე პასუხიმგებელი მინისტრები კი არ შეიკრიბნენ- როგორც წესი, მათ არ სჭირდებათ იმის მტკიცება, რომ გარემოს დაცვის კუთხით კრიზისია და უნდა იმოქმედო -არამედ ისინიც, ვისაც დარწმუნება სჭირდება – ეს სხვა საკითხებზე პასუხიმგებელი მინისტრები არიან. ამიტომ ძალიან ბედნიერი ვიყავი, რომ სოფლის მეურნეობასა და მეთევზეობაზე პასუხიმგებელი მინისტრებიც ესწრებოდნენ და საერთო დეკლარაციას მოვაწერეთ ხელი. ამის დამადასტურებლად, სამი კვირის შემდეგ ლუქსემბურგში შეიკრიბა საბჭო და ბალტიის რეგიონში თევზჭერის საერთო სტანდარტებზე [ე.წ. TACs-ზე] და კვოტებზე შევთანხმდით მეცნიერული ზღვრების მიხედვით.“
ამის ერთი მაგალითი ეს დიდი გემთსაშენია ქალაქ კლაიპედაში, ყურის გადაღმა ზუსტად კურშის ცელას მოპირდაპირე მხარეს. ეს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის მეორე ნაწილია, რომელსაც “Fit for REACH” ჰქვია. ამ პროექტის მიზანია წარმოების პროცესისთვის აუცილებელი მავნე ქიმიკატების შეცვლა უფრო უსაფრთხო ალტერნატივით.
იოლიტა კრუოპიენე, კაუნასის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის გარემოს დაცვის მკვლევარი, FIT FOR REACH პროექტის კონსულტანტი:
„ყოველთვის ჯობია, პრევენციაზე გავამახვილოთ ყურადღება, უკვე შექმნილი პრობლემის გამოსწორების ნაცვლად, როდესაც საშიში ქიმიკატები უკვე შენი პროდუქტის შემადგენლობაში შედის ან გარემოშია გასული. ამით ყველა იგებს – გარემო, მომხმარებელი, მუშახელი და თავად კომპანიები.“
ქარხანა Vakarų Metalgama გემის ნაწილებს ამზადებს. მან უკვე შეამცირა გამონაბოლქვი უახლესი წყალქვეშა პლაზმური ტექნოლოგიის წყალობით.
ახლა ევროპული პროექტის დახმარებით საწარმო იმ ტოქსიკურ ნივთიერებაზე აპირებს უარის თქმას, რომელსაც ლითონის დეტალების ჟანგისგან დამცავ მინანქარში იყენებს.
ტაუტვიდას რატკევიჩიუსი, კომპანია Vakarų Metalgama-ის დირექტორი:
„ ის ფაქტი, რომ ჩვენი საწარმო კლაიპედაში კურშის ყურესთან ასე ახლოს მდებარეობს, ყოველთვის გვახსენებს, თუ რა მნიშვნელოვანია, ბალტიის ზღვა იყოს სუფთა და ჯანსაღი – ეს არის ჩვენი მშვენიერი მემკვიდრეობა, რომელსაც დაცვა სჭირდება. გარდა ამისა, ჩვენი მუშახელის ჯანმრთელობაზე ვზრუნავთ.“
სოფლის მეურნეობაში გამოყენებული სასუქებისა და ქალაქებიდან ჩამდინარე წყლებით გამოწვეული დაბინძურების შემცირების მრავალი გზა არსებობს. ევროპამ უკვე ასზე მეტი საშუალება მოიფიქრა და ახალი იდეები არ წყდება.
მაგალითად, ესტონეთში ქალაქ რაკვერეს ტბორებში დაბინძურების შესამცირებლად ექსპერიმენტს ატარებენ. ექსპერიმენტის ფარგლებში წყლის ფლორისა და ფაუნის გავრცელების, ასევე ჩიტების ბუდობისთვის ვარგისი ხელოვნური პლატფორმები იქმნება.
ეს პლატფორმები პროექტ CleanEST-ის სპეციალისტმა წყლის გაწმენდის მიზნით შექმნა.
ვალო კორგმაა, ესტონეთის გარემოს დაცვის კვლევითი ცენტრის მთავარი სპეციალისტი:
„მათ მცურავ კუნძულებს უწოდებენ – ეს არის ბაზა, სადაც ისეთ მცენარეებს ვრგავთ, რომლებიც ძირითადად სანაპიროზე იზრდებიან, ამიტომ მათ წყლის გაწმენდა შეუძლიათ.“
ფიტორემედიაციის სახელით ცნობილი მეთოდი წყლიდან გარკვეულ ტოქსიკურ მინარევებს მცენარეთა ფესვების სისტემის მეშვეობით განდევნის. მცენარეთა ფესვები ბუნებრივი ფილტრის ფუნქციას ასრულებენ.
ვალო კორგმაა, ესტონეთის გარემოს დაცვის კვლევითი ცენტრის მთავარი სპეციალისტი:
“ამ ზამბახების ფესვები ისეთ შენაერთს წარმოშობს, რომელიც სასარგებლო ბაქტერიების გამრავლებას უწყობს ხელს. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ეს ბაქტერიების ნიტრატებს დაიჭერს, გაანეიტრალებს და წყლიდან ატმოსფეროში გაუშვებს.“
მდინარეების გასუფთავება, თევზების დაცვა თუ ბიომრავალფეროვნების აღდგენა – ყოველ ასეთ ნაბიჯს ნელ-ნელა სუფთა და კამკამა ბალტიის ზღვისკენ მივყავართ.
ავტორი: დენის ლოქტიე