მთავარიაზიაავღანეთიავღანეთში შესაძლოა მუსიკა კვლავ აიკრძალოს

ავღანეთში შესაძლოა მუსიკა კვლავ აიკრძალოს

“თალიბანის” ძალაუფლებაში მოსვლიდან ერთ თვეში ავღანეთში მუსიკა ნელნელა ქრება.

90-იან წლებში ავღანეთში “თალიბანის” პირველი მმართველობის დროს, “თალიბებმა” მუსიკა აკრძალეს, თუმცა ახლა ახალ მთავრობას ეს ნაბიჯი ჯერჯერობით არ გადაუდგამს.

მიუხედავად ამისა, მუსიკოსებს ეშინიათ, რომ დაკვრას კვლავ ვეღარ შეძლებენ. ზოგიერთმა “თალიბანის” მეომარმა კი საკუთარი წესები უკვე შეიმუშავა და მუსიკოსების შევიწროვება დაიწყო.

„ამის მოსმენით დაინტერესებული არ ვართ.  არც ვიცი, რა არის ეს ნივთები. პირადად მე, არასდროს მომისმენია და არც მაინტერესებს“, – ამბობს თალიბანის ერთ-ერთი მებრძოლი.

ავღანეთის მუსიკის ეროვნული ინსტიტუტში, რომელიც ერთ დროს ახალი ავღანეთის სახე იყო, ახლა საკლასო ოთახები ცარიელია და მათ “თალიბანის” მკაცრი დაჯგუფების, „ჰაკანის ქსელის“ მებრძოლები იცავენ.

მუსიკა შეზღუდულია საქორწილო დარბაზებში, კარაოკე-ბარები დაიკეტელია… მძღოლები რადიოს “თალიბანის” საგუშაგოს დანახვისთანავე თიშავენ. ერთ-ერთმა მუსიკოსმა განაცხადა, რომ “თალიბანის” მებრძოლებმა მას მუსიკალური ინსტრუმენტი დაუმტვრიეს.

ზოგიერთი მუსიკოსი პროფესიას იცვლის, ან ქვეყნის დატოვებას გეგმავს. აქ სიმღერისა თუ დაკვრის ყველას ეშინია.

ავღანეთს დიდი ტრადიციის მქონე მუსიკა აქვს, რომელსაც ირანული და ინდური კლასიკური მუსიკის გავლენა გასდევს. პოპულარულია პოპ-მუსიკაც.

კითხვაზე აიკრძალება თუ არა მუსიკა – “თალიბანის” წარმომადგენელმა პრესასთან განაცხადა, რომ საკითხი განხილვის პროცესშია.

მუსიკალური საკრავი – Copyright Euronews

ერთ-ერთი მუსიკოსი, რომელმაც ავღანეთის დატოვება მოახერხა, არიანა საიდია, წარმატებული პოპ-ვარსკვლავი სატელევიზიო შოუს, „ავღანეთის ხმის“ ჟიურის წევრი იყო.

მუსიკოსმა, რომელიც ისლამური მებრძოლებისგან სიკვდილით მუქარას შეჩვეული იყო, ქვეყნიდან გაქცევა “თალიბების” შემოჭრისთანავე გადაწყვიტა. ახლა სტამბოლში იმყოფება და თურქეთის ხელისუფლებას სთხოვს, რომ სამშობლოში დარჩენილ სხვა მუსიკოსებსაც დაეხმარონ.

„ძალიან შემტკივა გული ავღანეთში დარჩენილ მუსიკოსებზე, რომლებსაც უთხრეს რომ სიმღერა და დაკვრა შეწყვიტონ და სხვა პროფესია იპოვონ. დიდი უბედურებაა, ეს იმიტომ ხდება, რომ “თალიბები” ჩვენი მტრები არიან. მხოლოდ მტერს თუ ენდომება შენი ისტორიისა და მუსიკის განადგურება. როდესაც “თალიბანმა” ქაბული დაიპყრო, შემეშინდა, რომ მომკლავდნენ. ისინი რამდენიმე წელი მაკვირდებოდნენ და ვგრძნობდი, რომ ჩემი სიცოცხლე საფრთხეში იყო. საკუთარი თავის გადასარჩენად სამშობლოდან უნდა გავქცეულიყავი. იმისათვის, რომ ჩემი გზის გაგრძელება შევძლო, უნდა გადავრჩე და ავღანეთში დარჩენილი ქალების ხმა ყველას გავაგებინო“, – ჰყვება ავღანელი მომღერალი, არიანა საიედი.

“თალიბანის” მუსიკასთან მტრობის გამო რთულ ვითარებაშია იბრაჰიმ აფზალი. ის ჯერ კიდევ ავღანეთში ცხოვრობს.

ერთ დროს იბრაჰიმს საოჯახო ბიზნესი ჰქონდა და მუსიკალური ინსტრუმენტების შეკეთებით იყო დაკავებული, თუმცა აგვისტოს შუა რიცხვებში მას სახელოსნოს მიტოვება მოუწია.

„როდესაც 1996 წელს რეჟიმი შეიცვალა და “თალიბანი” ჩამოვიდა, ჩვენ პაკისტანში ვიყავით. ჩვენი სამუშაო ინსტრუმენტების შეკეთებაა. როდესაც „კარზაის“ მთავრობა მოვიდა, სამშობლოში დავბრუნდით. როდესაც მუსიკოსი სადმე მიდიოდა, თუ ინსტრუმენტს რაიმე პრობლემა ჰქონდა, ვაკეთებდი. ახლა ისლამური საამირო ისევ დაბრუნდა და სამუშაოს შეცვლა მომიწია. ისინი ამბობენ, რომ ჩემი საქმიანობა ნებადართული აღარ არის, ამიტომ სახრახნისი და ჩაქუჩი სახლში წავიღე“, – ამბობს ინსტრუმენტების ყოფილი შემკეთებელი, მოჰამედ იბრაჰიმ აფზალი.

ახლა, 61 წლის იბრაჰიმი გზისპირა სადგომში წასახემსებლებს ყიდის, რათა თავის 13- კაციანი ოჯახის გამოკვება შეძლოს.

ჯერ უცნობია კვლავ აიკრძალება თუ არა მუსიკა “თალიბანის” ავღანეთში, იქამდე კი მუსიკოსები მელოდიებს “თალიბებისგან” ჩუმად, დაბალ ხმაზე უკრავენ…

 

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend