როგორც კი ინათებს ადრიატიკის ზღვაში – იტალიის ემილია-რომანიას რეგიონის სანაპირო ზოლში – კაპიტანი დავიდე სანული და მისი ეკიპაჟი მიდიების ამოღებას იწყებენ.
სისხამ დილას ადგომა თავისთავად რთულია, თუმცა საქმე შემდეგ კიდევ უფრო რთულდება.
მიდიები წყლის სიღრმეში გაჭიმულ თოკებზე იზრდებიან და მათი წყლიდან ამოქაჩვა ზოგჯერ ძალიან ჭირს.
თევზმჭერი გემის კაპიტანი დავიდე სანული თვლის, რომ მისი საქმე რთულია, მაგრამ არ წუწუნებს, რადგან „ყოველ საქმეს თავისი სირთულე ახლავს!“
მანქანა-დანადგარების წყალობით შრომა მარტივდება, თუმცა ისინი გამაყრუებლად ხმაურობენ. ეკიპაჟის წევრებს თვალებში ჭუჭყი ეწუწებათ – არადა, დანადგარის მუშაობას თვალყური უნდა მიადევნონ! ეს ხმაურიანი მცურავი ქარხანაა შუა ზღვაში.
დავიდე სანული, თევზმჭერი გემის კაპიტანი:
“ადრე ყველაფერი ხელით კეთდებოდა. ახლა ამდენი დანადგარი გვაქვს. ტექნოლოგია საქმეს გვიადვილებს, მაგრამ, მეორე მხრივ, სამუშაო ტემპი ძალიან აჩქარდა.“
ეკიპაჟის წევრებს დამცავი ხელთათმანები და მძიმე წინსაფრები უკეთიათ, ფეხზე სპეციალური რეზინის ფართო ჩექმები აცვიათ, რომ გემიდან გადავარდნის შემთხვევაში ფეხიდან სწრაფად გაიძრონ. მიდიებით მოფენილ სრიალა გემბანზე ფეხის აცდენა მთავარი საფრთხეა.
დავიდე სანული, თევზმჭერი გემის კაპიტანი:
„როგორც წესი, იღლები და მერე სულ ადვილად შეიძლება ფეხი აგიცურდეს და წყალში გადავარდე ან თავი დაარტყა.“
მეთევზეობა და ზღვის სხვა პროდუქტების რეწვა ძალიან სახიფათო საქმიანობაა. სათევზაო ბარჟიდან მეთევზე შესაძლებელია ისე გადავარდეს ზღავში, რომ ვერავინ გაიგოს და დაიხრჩოს. შესაძლოა, ბარჟა რამეს შეეჯახოს და ჩაიძიროს. მხოლოდ 2019 წელს ევროპის აკვატორიის წყლებში სულ მცირე 16 მეთევზე გარდაიცვალა, 200-ზე მეტი კი მძიმედ დაშავდა.
19 წლის ლორენცოსთვის მიდიების რეწვა მხოლოდ საზაფხულო სამუშაოა – იგი ამბობს, რომ ამაში კარგად უხდიან, მაგრამ ამ პროფესიას ძალიან ცოტა ახალგაზრდა ირჩევს.
ლორენცო ბალესტრი, შეგირდი მეთევზე:
“ამბობენ, რომ მეთევზეობა რთულია და ეს მართალია. ზაფხულში ადრე უნდა ადგე, რაც ნიშნავს, რომ ადრე უნდა დაწვე, ასე რომ, ღამე წვეულებებზე ვერ ივლი. ამ მსხვერპლის გაღება ახალგაზრდების უმეტესობას არ სურს.“
ამ საქმიანობას ძირითადად შუახნის მამაკაცები მისდევენ. გავრცელებული მოსაზრებით, მათი ცოლები დიასახლისები არიან და მოუთმენლად ელოდებიან ქმრების დაბრუნებას. სინამდვილეში თევზის ბიზნესს ქალები მართავენ. სწორედ ისინი ამუშავებენ და ყიდიან დაჭერილ თევზს. როგორც წესი, ქალები ზღვაში სათევზაოდ არ გადიან, თუმცა გამონაკლისებიც გვხვდება. ასეთია ჩიდემ მოჩოშოლუ. იგი ჩეზენატიკოსა და ზოგადად მთელ ემილია-რომანიას რეგიონში ერთადერთი ქალია, რომელიც თევზმჭერზე მუშაობს.
ჩიდემ მოჩოშოლუ, მეთევზე:
„ ვერ ვიტყოდი, რომ ეს ძალიან რთული საქმეა კაცებისთვის, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც შტორმია და ნავი ზღვაში მოტივტივე ხეებს შეიძლება შეეჯახოს. მაგრამ ქალისთვის, რომელსაც სახლსა და ბავშვებზეც უხდება ზრუნვა, ეს ურთულესი საქმიანობაა!“
ჩიდემს ორი მოზრდილი გოგონა ჰყავს და პატარა სათევზაო გემზე მუშაობს. სამუშაო პირობების განმსაზღვრელი რეგულაციები მცირე გემებზე ხშირად არ მოქმედებს.
რეგულაციების უმეტესობა ეხება დიდ გემებს, რომლებიც ზღვაში რამდენიმე კვირითა და თვით გადიან. მაგრამ ჩეზენატიკოს მკვიდრი მეთევზეები ამბობენ, რომ ჯანმრთელობას მცირე გემებზე არსებული სამუშაო პირობებიც აზიანებს.
„ცივა, წვიმს, ზურგზე ტვირთი გკიდია და ეს საათობოთ გრძელდება – სამუშაო საათები უსასრულოდ გრძელდება!“ – ამბობს ერთი მეთევზე. მეორეს ძვლები და საჭმლის მომნელებელი სისტემა აწუხებს.
მესამე ჩივის, რომ “იტალიაში ნავების უმეტესობა ძველია“ და განახლების ნამდვილი გეგმააა საჭირო.“
მეოთხე თვლის, რომ ტექნოლოგიები ძალიან ეხმარებათ, მაგრამ ისინი ბოლომდე ათვისებული არ არის. დაფინანსების შესაძლებლობაც არსებობს, „მაგრამ ხალხს ან შესაბამისი ცოდნა არ აქვს ამის შესახებ, ან ხარჯების გაწევა არ სურს.“
თუ როგორ გახდეს მეთევზეობა უსაფრთხო, ამ საკითხს უკვე გლობალურ დონეზე განიხილავენ. გამოსავალი ნაწილობრივ რეგულაციების გამკაცრებაა. ევროპაში ამ საკითხს ევროკავშირის რამდენიმე დირექტივა და საერთაშორისო კონვენცია არეგულრიებს – მათ შორის 188-ე კონვენცია „მეთევეზეთა შრომის “ შესახებ. ჯერჯერობით მისი რატიფიცირება ევროკავშირის მხოლოდ შვიდმა წევრმა ქვეყანამ მოახდინა.
კიდევ ერთი გამოსავალია მიზნობრივი დაფინანსება. ევროკავშირი აფინანსებს ტრენინგებს და გემების განახლების გარკვეულ ზომებს, რომლებიც ხელს უწყობს უსაფრთხოების სტანადარტების გაუმჯობესებას და არა თევზჭერის მოცულობის ზრდას. თუმცა როგორც რეგიონულ ადმინისტრაციაში აცხადებენ, გემების განახლება იშვიათად ხდება, რადგან ამ შემთხვევაში ხარჯის ნახევარი გემის მფლობელმა უნდა გადაიხადოს.
ვიტორიო ელიო მანდუჩა, ემილია-რომანიას რეგიონის ნადირობისა და თევზჭერის სამსახურის ხელმძღვანელი:
“ორჯერ ჩავედით ემილია-რომანიას რეგიონში, რომ მეთევზეები აღჭურვილობის გაუმჯობესებაზე დაგვეთანხმებინა. ჩავატარეთ რამდენიმე შეხვედრა და განმარტებითი სამუშაო, მაგრამ, ამის მიუხედავად, ბევრი მაინც ვერ დავარწმუნეთ, რომ სათევზაო გემის უსფართხოებაში ინვესტიცია ჩაედოთ. ტრენინგებზე თანხმობას აცხადებენ, მაგრამ მერე ინვესტიციას არ დებენ, სამწუხაროდ, ეს არის პრობლემა.”
ძველი თევზმჭერების განახლება ხარჯიანია და შეზღუდული, რადგან ფართობი არ ჰყოფნით. მაგრამ შესაძლებელია, რომ ახალი გემები უსაფრთხოების უკეთესი სტანდარტის გათვალისწინებით დამზადდეს.
ალბერტო ტექნიკური უსაფრთხოების ინჟინერია. იგი თევზმჭერებს ამოწმებს და რამდენიმე მცირე შენიშვნას იძლევა, რომელთა გათვალისწინებაც საგრძნობლად გააუმჯობესებდა ვითარებას – ეს რჩევებია, მაგალითად, მოძრავი თოკების დაფარვა, დანადგარებზე უსაფრთხოების მჭიდების დამაგრება, მოაჯირის სიმაღლის გაზრდა და ჰაერის განიავება – ამის შედეგად სამუშაო გარემო უფრო კომფორტული და უსაფრთხო გახდებოდა.
ალბერტო სტეფანინი, ემილია-რომანიას რეგიონის ტექნიკური უსაფრთხოების ინჟინერი:
“მშვიდი და ხალისიანი ეკიპაჟი უკეთ დაძლევს დაღლილობას, რაც ამ ტიპის სამუშაოს დროს გარდაუვალია. ასეთი ეკიპაჟის პირობებში ნაკლებია უბედური შემთხვევა და ზოგადად თევზმჭერიც უფრო უსაფრთხოა.“
მასიმო მეთევზეთა კოოპერატივებთან, პროფკავშირებთან და ევროკავშირის იმ წარმომადგენლებთან თანამშრომლობს, რომლებიც გემზე სამუშაო პირობების გაუმჯობესებაზე არიან პასუხისმგებელი. იგი რეგულარულად ესწრება როგორც ტექნიკურ დათვალიერებას, ისე უსაფრთხოების ტრენინგებს.
მასიმო ბელავისტა, ემილია-რომანიას სანაპიროს მარეგულირებელი საზოგადოებრივი ქსელის ტექნიკური თანამშრომლობის სპეციალისტი:
“როდესაც მეთევზე ზღვაში გადის, მისი მთავარი მიზანი უკან უვნებლად დაბრუნებაა. მხოლოდ ესაა მნიშვნელოვანი. ამიტომ აუცილებელია, რომ არსებობდეს წესები, რომლებიც უნდა დაიცვა. იტალია, ცოტა არ იყოს, ჩამორჩა 188-ე კონვენციის რატიფიცირების კუთხით, მაგრამ ჩვენ ვმუშაობთ ამაზე და მეთევზეებმა უნდა დაიწყონ ამ ცვლილებებზე ზრუნვა, არ უნდა დაელოდონ, როდის გახდება მკაცრი წესები სავალდებულო.“
მოლუსკების ოთხი მწარმოებელი შვიდი საათის განმავლობაში მუშაობდა ზღვაში. ორი ტონა მიდია ამოიღეს და, როგორც ჩანს, ძალიან დაიღალნენ. რამდენიმე თვეში დავიდე აღჭურვილობის სრულად განახლებას გეგმავს, რომ მათი მუშაობა უფრო ადვილი და უსაფრთხო გახდეს.
დავიდე სანული, თევზმჭერი გემის კაპიტანი:
„უკვე გავაკეთე განაცხადი ამ გემის განახლების სამუშაო პაკეტზე, რომელიც 70 ათასი ევრო ღირს და ყველაფერს გააუმჯობესებს – ამის 50 პროცენტს ევროკავშირი აფინანსებს.“
ნაპირისკენ მომავლ ეკიპაჟს შეუძლია ცოტა ხნით ამოისუნთქოს, თუმცა მათი სამუშაო დღე ჯერ არ დამთავრებულა. ნავსადგომში მიდიები უნდა გადმოტვირთონ და გემი შემდეგი დღის კიდევ ერთი დამქანცველი თევზაობისთვის მოამზადონ.
ავტორი: დენის ლოქტიე