ამერიკის შეერთებული შტაბების ელჩი საქართველოში კელი დეგნანი ქართველ პოლიტიკოსებს 19 აპრილის შეთანხმების სრულფასოვნად შესრულებისკენ მოუწოდებს. დიპლომატი ამბობს, რომ მართლმსაჯულების რეფორმა ამ შეთანხმების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილია და ვიდრე მასშტაბური რეფორმა არ დასრულდება, მოსამართლეების დანიშვნა უზენაეს სასამართლოში უნდა შეჩერდეს. შარლ მიშელის დოკუმენტზე ხელმომწერ ოპოზიციურ პარტიებში ამბობენ, რომ საკანონმდებლო ორგანოში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის პროცესის გაგრძელება დაუშვებელია. მმართველ გუნდში კი მიაჩნიათ, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის პროცესის შეჩერებაზე შეთანხმების დოკუმენტში არაფერი წერია.
2021 წლის 19 აპრილს შარლ მიშელის დოკუმენტზე ხელმოწერით პოლიტიკური პარტიები 5 მთავარ საკითხზე შეთანხმდნენ. მათ შორის არის – ამბიციური სასამართლო რეფორმა, რომელიც მეათე მოწვევის პარლამენტმა უნდა გაატაროს. ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში კელი დეგნანი, ქართველ პოლიტიკოსებს ამ შეთანხმების სრულფასოვნად შესრულებისკენ მოუწოდებს. დიპლომატი სასამართლოს დამოუკიდებლობის აუცილებლობაზე კიდევ ერთხელ საუბრობს.
„ამ პროცესის შეჩერებასთან დაკავშირებით, ჩემს მოწოდებებზე მეტად მნიშვნელოვანი მგონია ქართველი პოლიტიკოსების მიერ აღებული პასუხისმგებლობა 19 აპრილის შეთანხმების სრულფასოვნად შესრულებასთან დაკავშირებით. სწორედ 19 აპრილის შეთანხმებით არის გათვალისწინებული ამ პროცესის დროებით შეჩერება რეფორმების დასრულებამდე. აუცილებელია, გაიმართოს დებატები მართლმსაჯულების სისტემაში გასატარებელი რეფორმების შესახებ. ეს მოლოდინი გვაქვს ჩვენ. შეთანხმება შეთანხმებაა და სწორედ მათ მიიღეს მონაწილეობა ამ შეთანხმების გაფორმებაში. საქართველოს კონსტიტუცია ნათლად ამბობს, რომ სასამართლო სისტემა დამოუკიდებელი უნდა იყოს. ეს ძალიან სერიოზული ვალდებულებაა და ასევე პირობაც, რომელიც მათ ქართველ ხალხს მისცეს“, – განაცხადა აშშ-ის ელჩმა საქართველოში კელი დეგნანმა.
[br]შეთანხმების დოკუმენტზე ხელმომწერი ოპოზიცური პარტიების წარმომადგენლები მიიჩნევენ, რომ ვიდრე მართლმსაჯულების რეფორმა არ დაიწყება, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევისა და დანიშვნის პროცესი უნდა შეჩერდეს.
„იუსტიციის უმაღლეს საბჭოს, შეუძლია ამტკიცოს, რომ ის არ არის ამ შეთანხმების ხელმომწერი და შესაბამისად, პროცესს ვერ შეაჩერებდა. მაგრამ ვინც არის ამ შეთანხმების ხელმომწერი, ეს არის „ქართული ოცნება“ და ოპოზიციური პარტიები, შესაბამისად პარლამენტი შებოჭილია 19 აპრილის შეთანხმებით და ეს პროცესი პარლამენტში ვერ დაიწყება და არ უნდა დაიწყოს. ამას გამოხატავს 19 აპრილის შეთანხმება და ზუსტად იგივე მოწოდება არის გაჟღერებული ვენეციის კომისიის დასკვნაშიც“, – აცხადებს საქართველოს პარლამენტის დეპუტატი პარტია „ლელოდან“, ანა ნაცვლიშვილი.
2021 წლის 17 ივნისს საქართველოს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის 9 კანდიდატი შეარჩია. 26 მაისს კი მოსამართლეთა კონფერენციამ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 4 წევრის არჩევას დაუჭირა მხარი. მმართველ გუნდში ამბობენ, რომ ეს პროცესი კონსტიტუციურია და ამას 19 აპრილის შეთანხმების დოკუმენტი არ ზღუდავს.
„თქვენ ვერსად ნახავთ და მე ვთხოვდი ყველას, რომ წაიკითხონ ფრაზა – კონკრეტულად სად არის საუბარი რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის პროცესი უნდა შეჩერდეს. როდესაც მიმდინარეობდა გასაუბრება, ჩვენ კანონში გავწერეთ, რომ როგორც ეს შარლ მიშელის დოკუმენტშია, ახალი რეგულაციების შესაბამისად უნდა გამოცხადებულიყო ახალი საბუთების მიღება და ეს გაკეთდა უკვე. ამის იქით, კიდევ სად წერია, რომ ეს უნდა მოხდეს, თუ ვინმე წაგვიკითხავს, სიამოვნებით მოვისმენთ“, – აცხადებს საქართველოს პარლამენტის დეპუტატი „ქართული ოცნებიდან“, ანრი ოხანაშვილი.
შარლ მიშელის დოკუმენტში, ვკითხულობთ:
„უზენაეს სასამართლოში ყველა მიმდინარე დანიშვნა უნდა შეჩერდეს და ხელახლა დაიწყოს განცხადებების მიღება ახალ კანდიდატებთან დაკავშირებითაც მას შემდეგ რაც, ახალი კანონი ძალაში შევა.
უნდა მოხდეს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სიღრმისეული რეფორმა, რათა გაიზარდოს გამჭვირვალობა, კეთილსინდისიერება და ანგარიშვალდებულება, მათ შორის განისაზღვროს დანიშვნის, შეფასების, დაწინაურების, გადაყვანის, დისციპლინური გადაწყვეტილებების და დავების საკითხები“.
ახლა საკანონმდებლო ორგანოში უნდა მიიღონ გადაწყვეტილება, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობისთვის შერჩეული 9 კანდიდატის მხარდაჭერის შესახებ.
ნანუკა მეშველაშვილი