ეს პოლიციელები ნაღმებს ეძებენ. მათი ყოველდღიური საქმიანობა ის არის, რომ მღვრიე, ცივ წყალში ჩაყვინთონ და მეოცე საუკუნის მომაკვდინებელი მემკვიდრეობა, ომის დროს დაკარგული ასაფეთქებელი მოწყობილობა ამოიღონ.
გერმანიისა და ევროპის სხვა ქვეყნების სანაპირო წყლები სავსეა ძველი ფეთქებადი იარაღით. ისინი იშვიათად ფეთქდება, მაგრამ თუ ღუზა მოხვდა, ზოგიერთი, შესაძლოა, ამოქმედდეს.
ფრანკ კეტელზენი, შლეზვიგ-ჰოლშტაინის ნაღმების განეიტრალების განყოფილების საყვინთი ოპერაციების ხელმძღვანელი:
„ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით გავდივართ ზღვაში, აქ შლეზვიგ-ჰოლშტაინის ფედერაციულ მიწასა და ბალტიის ჩრდილოეთის ზღვებში, ასევე შიდა ტერიტორიულ წყლებში გაფანტულ იარაღს ვეძებთ – რომ მეორე მსოფლიო ომის დანატოვარი ნაღმები და ტორპედოები წყლიდან ამოვიღოთ.“
დღეს ნაღმებზე მონადირენი ქალაქ კილის Kiel სამხედრო პორტისკენ მიემართებიან: ფლოტის სპეციალისტებმა ნავმისადგომთან ახლოს ჩაძირული ფეთქებადი მოწყობილობა იპოვეს.
როგორც წესი, მყვინთავები ცდილობენ, იარაღი წყლიდან ამოიღონ და ის ხმელეთზე გაანეიტრალონ. მაგრამ თუ ეს არ ხერხდება, მაშინ ნაღმებს პირდაპირ ზღვის ფსკერზე აფეთქებენ.
[br]ფრანკ კეტელზენი, შლეზვიგ-ჰოლშტაინის ნაღმების განეიტრალების განყოფილების საყვინთი ოპერაციების ხელმძღვანელი:
„თუ საჭიროა, ზღვის ძუძუმწოვრების დაცვის მიზნით, ჰაერის ბუშტუკებით დამცავ ზოლს ვქმნით და მერე ვაფეთქებთ იარაღს.“
ყუმბარების განეიტრალების შტაბში სხვადასხვა პერიოდისა და ქვეყნის მიერ დამზადებული უამრავი იარაღის ნიმუში ინახება. ამ კოლექციას პოლიციის ახალი ოფიცრების გასაწვრთნელად იყენებენ. ხმელეთზე ნაპოვნი ნაღმების შეასახებ ინფორმაცია ხშირად ხვდება ახალ ამბებეში, აი, წყალქვეშა ნაღმებზე კი იშვიად გაიგონებთ – და მაინც, მათი რიცხვი წარმოუდგენლად დიდია.
ოლივერ კინასტი, შლეზვიგ-ჰოლშტაინის ნაღმების განეიტრალების განყოფილების უფროსი:
„არსებული შეფასებით, მსოფლიო ომების შედეგად ჩრდილოეთისა და ბალტიის ზღვებში მილიონ 600 ათასი ტონა იარაღია ჩაძირული. აქედან მხოლოდ 300 ათასი ბალტიის ზღვაშია. ამ რიცხვში არ შედის საბრძოლო ოპერაციების დროს დაკარგული იარაღი.“
Littorina სამეცნიერო გემია, რომელიც GEOMAR-ის ინსტიტუტს ეკუთვნის. ამ გემით მეცნიერთა ჯგუფი ბალტიის ზღვის გერმანიის სანაპირო ზოლიდან რამდენიმე კილომეტრით დაშორებული იარაღის დიდი ნაგავსაყრელისკენ გადის. ევროკავშირის მიერ დაფინანსებული ორი პროექტი ნაღმების აღმოჩენის ახალ მეთოდებს ცდის. წყალქვეშა ნაღმები საზღვაო ინდუსტრიისა და წყალქვეშა ეკოსისტემისთვის სულ უფრო საშიში ხდება.
აარონ ბეკი, კილის ოკეანის კვლევითი ცენტრ GEOMAR Helmholtz-ის წყლის ბიოქიმიკოსი:
„რაც უფრო მეტად ვითარდება ოფშორული რესურსები, მით მეტად ვაწყდებით იარაღის ნარჩენებს და მით უფრო საჭიროა მათი გატანა. ამ ნარჩენების გატანას, ჩემი აზრით, ყველაზე დიდ ბიძგს ქარის ელექტროსადგურების მონტაჟი, წყალქვეშა კაბელების გაყვანა და მსგავსი ინოვაციები მისცემს. პრობლემის მეორე მხარე ის არის, რომ ამ ჩაძირული იარაღის გარსი ლითონისაა და 70-80 წლის განმავლობაში კოროზიას განიცდიდა. მდგომარეობა უკვე იქამდეა მისული, რომ ლითონის შიგნით მოთავსებული ქიმიური ნივთიერება გარეთ იწყებს გამოსვლას.“
ზღვის ფსკერზე დაფლული იარაღი – როგორც მექანიკური, ისე ქიმიური, სხვადასხვა ქვეყნის არმიებმა მიზანმიმართულად მოიშორეს თავიდან. ასეთი ნაგავსაყრელების მდებარეობა მხოლოდ მიახლოებით ვიცით. არის.
ნიკოლაი დილერი, GEOMAR-ის კომპიუტერული პროგრამების სპეციალისტი:
„ეს არის ავტონომიური წყალქვეშა აპარატი „ლუიზა“ Louise — ჩვენი რობოტი, რომელსაც ზღვის ფსკერის ფოტოების გადასაღებად ვიყენებთ, ეს აპარატი მაგნიტომეტრის საშუალებით გარკვეულ ზომებსაც იღებს.“
ავტონომიური წყალქვეშა აპარატი ზღვის ფსკერს სწრაფად და ეფექტიანად იკვლევს. რამდენიმე ასეთმა აპარატმა შეიძლება ერთდროულად იმუშაოს, რაც ხარჯებს ძალიან ამცირებს.
ზღვის ფსკერზე დაჟანგებული იარაღის ნაგავსაყრელი ვნახეთ – ორმეტრიანი ბომბები და მასიური ასაფეთქებელი მოწყობილობები.
ასეთი ნაგავსაყრელის აღმოჩენა მრავალი სხვა ქვეყნის სანაპიროსთან შეიძლება როგორც ევროპაში, ისე მსოფლიოს სხვა ნაწილში.
იარაღისა და ასაფეთქებლების ნარჩენები გლობალური პრობლემაა, ის ევროპის სანაპირო წყლებს ყველგან საფრთხეს უქმნის. შესაძლო აფეთქებისა და გარემოს დაბინძურების რისკი ე.წ. ლურჯი ეკონომიკის ნებისმიერი სექტორის განვითარებას აფერხებს – მათ შორისაა ოფშორული ეენერგეტიკა, ნაოსნობა, აკვაკულტურა და ტურიზმი.
პროექტ „ბასტას“ აპარატი ზღვის ფსკერს დაპროგრამებული ტრაექტორიის ფარგლებში იკვლევს და შეგროვებულ მონაცემებს გემს გადასცემს. დეტალების ამსახველი ფოტოების, მაგნეტური და აკუსტიკური სკანირების მონაცემების მეშვეობით, ადგენენ, თუ როგორია საეჭვო ობიექტის ზუსტი ფორმა და შეიცავს თუ არა ის ლითონს.
მარკ ზაიდელი, GEOMAR-ის გეოფიზიკოსი:
„კამერით გადაღებული მასალისა და მაგნეტური მონაცემების მეშვეობით ხშირად ადვილად ვადგენთ, რა ობიექტია“.
ქიმიურ ანალიზს კვლევაში მეტი სიცხადე შეაქვს. ExPloTec პროექტის მეცნიერები ნიმუშების სისტემაზე მუშაობენ, რომელიც სპეციალური ფილტრებით არის აღჭურვილი. ამ ფილტრებში აფეთქებული ნივთიერების ზღვის წყალში გახსნილი ნაწილაკები ილექება.
გემზე ამ ნაწილაკების ნიმუშებს კომპაქტური მას-სპექტომეტრით იკვლევენ, რომელიც სხვადასხვა ასაფეთქებელი ნივთიერების კონცენტრაციის დონეს აჩვენებს. ამ მეთოდს შეუძლია, ბევრად დააჩქაროს წყალქვეშ დაფლული იარაღის აღმოჩენა.
აარონ ბეკი, კილის ოკეანის კვლევითი ცენტრ GEOMAR Helmholtz-ის წყლის ბიოქიმიკოსი:
„ნიმუშის აღების შემდეგ მონაცემების საბოლოო დამუშავებას ახლა სამი თვე სჭირდება. თუ ეს ახალი თეორია გაამართლებს, ამ პროცესს მხოლოდ 15 წუთი დასჭირდება. როცა საქმე დამალული იარაღის აღმოჩენას ეხება, ასეთი სწრაფი რეაქცია ნამდვილად მისწრებაა.“
წყალქვეშ იარაღის აღმომჩენ ხელსაწყოს ვერცხლის ტყვიას უწოდებენ, – ის პრობლემას მოუხსნის მრავალ ინდუსტრიულ სექტორს, რომლებიც დღეს უამრავ რესურსს ხარჯავენ იმისთვის, რომ ზღვის ფსკერზე დაფლული იარაღის რისკი მოხსნან.
ონო ბლისი, კომპანია .U.M. Umwelt- und Meerestechnik Kiel-ის ბიზნესის განვითარების მენეჯერი:
„ამ ტექნოლოგიის სიმარტივე საშუალებას მოგვცემს, რომ ის სხვადასხვა სტრუქტურაში გამოვიყენოთ. იგი შეიძლება, იყოს მონიტორინგის ერთგვარი საშუალება, რომელიც ზღვის ფსკერის იმ მონაკევთებს დააკვირდება, რომლებშიც ვიცით, რომ იარაღია დაფლული. ეს ძალიან მნიშვნელოვანია იმისთვისაც, რომ გადავწყვიტოთ, საიდან აჯობებს დავიწყოთ წმენდა.“
მაგრამ როგორ უნდა გადამუშავდეს ის უამრავი მონაცემი, რომლებსაც წყალქვეშა აპარატი აგროვებს?
აქ შეიძლება ხელოვნური ინტელექტი დაგვეხმაროს. ქალაქ კილში დაფუძნებული კომპანია „ეგეოსი“ პროგრამული უზრუნველყოფის პლატფორმის შექმნაზე მუშაობს, ეს პლატფორმა მეცნიერულ მონაცემებსა და ისტორიულ ჩანაწერებს ერთად მოუყრის თავს: ძველ არქივებში დიდძალი მასალაა დაცული, რომლებშიც სანაპიროზე ჩატარებული სამხედრო ოპერაციების დეტალებია აღწერილი. ალგორითმი შესაბამის მონაცემს ეძებს და გვთავაზობს იმ სავარაუდო ადგილების კოორდინატებს, რომლებიც იარაღის ნარჩენითაა დაბინძურებული.
იან ვენდტი, კომპანია Egeos-ის დამფუძნებელი და ხელმძღვანელი:
„ავტომატური რეჟიმი ძალიან გვეხმარება. დღეს პროცესი ძირითადად ხელით იმართება, მაგრამ თანდათან ვიხვეწებით. უკვე მეტი პროგრესი გვაქვს როგორც მონაცემთა ანალიზის, ისე წყალქვეშა აპარატის თვითმართვაზე გადაყვანის კუთხით, უმჯობესდება ავტონომიური სენსორებიც, რომლებითაც მონაცემებს იღებენ. ამ ყველაფრის შედეგად მთელი პროცესი უფრო იაფი ჯდება.“
ზღვის წმენდას დიდი ეკონომიკური პოტენციალი აქვს: კერძო კომპანიები უკვე ფართომასშტაბიან პროექტებს იწყებენ, რომ წყალქვეშა იარაღის ნარჩენები ამოიღონ და გააუვნებელყონ.
აარონ ბეკი, კილის ოკეანის კვლევითი ცენტრ GEOMAR Helmholtz-ის წყლის ბიოქიმიკოსი:
„უკვე მთელი ინდუსტრია გაჩნდა, რომელიც იარაღის ნარჩენებს ეძებს და გარემოს წმენდს. როდესაც ესაუბრები, ამ კომპანიების წარმომადგენლები ამბობენ, რომ ამ პრობლემის საბოლოოდ გადაჭრა შეუძლიათ. საკითხავი მხოლოდ ის არის, ექნებათ თუ არა ეკონომიკური მხარდაჭერა, რომ ეს შეძლონ.“
წყალქვეშ მიმოფანტული იარაღის მარაგი ახლო მომავალში დაჟანგდება და მათი შემადგენელი ტოქსიკური ნივთიერება ზღვაში გამოჟონავს. ისმის კითხვა – შევძლებთ თუ არა ამ საათისმექანიზმიანი ნაღმის შეჩერებას მანამ, სანამ ძალიან გვიანი იქნება?
ავტორი: დენის ლოქტიე