მთავარიგადაცემებიგლობალური საუბარინგოზი ოკონჯო-ივეალა: „მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაცია ისეთ ორგანიზაციად უნდა გადავაქციოთ, რომელიც შედეგს დებს“

ნგოზი ოკონჯო-ივეალა: „მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაცია ისეთ ორგანიზაციად უნდა გადავაქციოთ, რომელიც შედეგს დებს“

2021 წლის მარტში ნგოზი ოკონჯო-ივეალა მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის (მსო) გენერალური დირექტორი გახდა. იგი პირველი ქალი და პირველი აფრიკელია, რომელიც ამ ორგანიზაციის ხელმძღვანელად დაინიშნა. იგი გამოცდილი ეკონომისტი და საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი და პოლტიკოსია. იგი მუშაობდა აზიაში, აფრიკაში, ევროპაში, ლათინურ ამერიკასა და ჩრდილოეთ ამერიკაში ძირითადად დაბალშემოსავლიანი ქვეყნების მიმართულებით.

ევროპული უნივერსიტეტის ინსტიტუტის  მიერ ორგანიზებულ ყოველწლიურ კონფერენციის მიმდინარეობის დროს, რომელიც 8 მაისსს გაიმართა, ნგოზი ოკონჯო-ივეალა „ევრონიუსს“ გაესაუბრა ისეთ საკითხებზე, როგორებიცაა გლობალური დღის წესრიგი პანდემიით გამოწვეული კრიზისის ფონზე, როგორ აისახა კრიზისი არა მხოლოდ ჯანდაცვის, არამედ სხვა საზოგადოებრივ სექტორებზე და როგორი იქნება ახალი მულტილატერალიზმი.

ევროპული უნივერსიტეტის ინსტიტუტის ბოლო ყოველწლიურ კონფერენციაზე ევროკავშირის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა, რომ ევროკავშირი თანახმაა, განიხილოს ამერიკის შეერთებული შტატების წინადადება კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაზე ინტელექტუალური საკუთრების უფლების შეზღუდვასთან დაკავშირებით. თუმცა ზოგიერთ ქვეყანას  არ სურს ეს ახლა მოხდეს. როგორია თქვენი დამოკიდებულება ამ საკითხთან დაკავშირებით?

 
ნგოზი ოკონჯო-ივეალა, მსო-ს გენერალურ დირექტორი:

[br]„მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის წევრი ქვეყნები, როგორც თქვენ აღნიშნეთ,  თანახმა არიან, რომ ინტელექტუალური საკუთრების უფლება შეიზღუდოს. 140 ქვეყანაზე მეტი შეუერთდა სამხრეთი აფრიკისა და ინდოეთის თხოვნას ამ შეზღუდვაზე, რადგან ისინი თვლიან, რომ ეს მნიშვნელოვნად გადაუჭრის განვითარებად ქვეყნებს  ვაქცინაზე წვდომის პრობლემას. მაგრამ, მეორე მხრივ, ზოგიერთი  ქვეყანა თვლის, რომ პატენტის უფლების შეზღუდვით ვაქცინების რაოდენობა მნიშვნელოვნად არ გაიზრდება. ჩემი მოვალეობაა, რომ ორივე მხარე დავსვა ერთად, რომ მოლაპარაკების შედეგად მივიდნენ  პრაგმატულ გადაწყვეტილებამდე, რომელიც, განვითარებად ქვეყნებს ვაქცინაზე წვდომას გაუადვილებს და არც კვლევისა და ინოვაციის სურვილს შეასუსტებს.  ჩემი აზრით, ამერიკის ბოლო  განცხადებები ჩვენს წევრებს შორის მოლაპარაკებებს ხელს შეუწყობს. ეს არის პროგრესისკენ მიმავალი ერთადერთი გზა.

თუმცა მსურს,  გამოვყო კიდევ რამდენიმე ფაქტორი, რომლებსაც შეუძლიათ ვაქცინაზე, მკურნალობასა და დიაგნოსტიკაზე წვდომის პრობლემა მოაგვარონ. მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციას შეუძლია, ამ კუთხით თავისი როლი შეასრულოს და ასრულებს კიდეც. ერთი ასეთი ფაქტორია ექსპორტზე შეზღუდვებისა და აკრძალვების შემცირება, რათა საბოლოო პროდუქტის მწარმოებელსა და ნედლეულის მიმწოდებლებს შორის ურთიერთობა გამარტივდეს. გარდა ამისა, წარმოებაში გამოცდილი მუშახელი გვჭირდება, წარმოების მასშტაბიც უნდა გაიზარდოს. ვაქცინის წარმოების 80 პროცენტი ჩრდილოეთი ამერიკის, სამხრეთი აზიისა და ევროპის 10 ქვეყანაზე მოდის და უკვე ვნახეთ ასეთი კონცენტრაციის შედეგი. ამიტომ განვითარებადი ქვეყნების შესაძლებლობები უნდა გამოვიყენოთ, ისიც, რაც გვაქვს და ისიც, რაც 6-9 თვეში გვექნება. მაგალითად, აფრიკის კონტინენტზე, სადაც მილიარდ 300 მილიონი კაცი ცხოვრობს, ვაქცინის 99 პროცენტი იმპორტირებულია. ამიტომ, ჩემი აზრით, რაღაც უნდა გაკეთდეს, რომ აქ წარმოება გაუმჯობესდეს.

აქ უკვე ინტელექტუალური საკუთრების საკითხი დეგბა. ამ საკითხის გადაჭრასთან ერთად უნდა შემოვიდეს შესაბამისი ტექნოლოგიები და ცოდნა. სხვანაირად ვაქცინას ვერ აწარმოებ. ასე რომ, ეს კომპლექსური საკითხია, რომელიც სამი კომპონენტისაგან შედგება, როგორც უკვე ავხსენი. და მე იმედი მაქვს, რომ ჩვენი წევრები სამივე საკითხს მოაგვარებენ, რომ ვაქცინის წარმოება გაიზარდოს.“

პანდემიის დაწყებიდან წელიწადზე მეტი გავიდა. რა ასწავლა ამ კრიზისმა მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციას?

ნგოზი ოკონჯო-ივეალა, მსო-ს გენერალურ დირექტორი:

„ძალიან ბევრი რამ გვასწავლა კრიზისმა. ჩემი აზრით, ყველაზე მნიშვნელოვანი ამ საკითხებს შორის არის ის, რომ ყველამ დაინახა, რამდენად გადაჯაჭვულია მსოფლიოში ყველაფერი, რომ ამ კრიზისს სრულიად მოუმზადებელი დახვდა მსოფლიო, როგორც მდიდარი, ისე ღარიბი ქვეყნები და რომ აუცილებელია, ჯანდაცვის სისტემები მსოფლიოს ყველა ქვეყანაში გაუმჯობესდეს, რათა შემდეგ კრიზისთან გამკლავება შეძლონ.

კიდევ ერთი გაკვეთილი ის არის, რომ ვაჭრობის როლი დაფასდა.  მიუხედავად იმისა, რომ გასულ წელს ვაჭრობის მოცულობა 5.3 პროცენტით, ხოლო ნავაჭრი თანხა 7 პროცენტით შემცირდა, სწორედ ვაჭრობის დამსახურებაა, რომ სამედიცინო პრეპარატებსა და მოწყობილობებეზე წვდომა გაიზარდა.

ზოგადად ვაჭრობის შემცირების ფონზე, სამედიცინო აპარატურასა და პრეპარატებზე ვაჭრობა 16 პროცენტით გაიზარდა, ხოლო პირადი ჰიგიენური დაცვის საშუალებებზე – 50 პროცენტით. ეს აჩვენებს, რომ საერთაშორისო ვაჭრობამ დიდი წვლილი შეიტანა, სამედიცინო საშუალებები ყველგან ყოფილიყო. ეს კიდევ ერთი ფაქტორია, თუ რატომ უნდა გავაძლიეროთ და შევინარჩუნოთ მრავალმხრივი სავაჭრო სისტემა.

კიდევ ერთი გაკვეთილი ის იყო, რომ, როგორც გაირკვა, მიწოდების ჯაჭვი იმაზე გამძლე აღმოჩნდა, ვიდრე ბევრს ეგონა. ვნახეთ, რომ აგრარული პროდუქციისა და საკვების მიწოდება მყარია, ისევე, როგორც სამედიცინო ნივთებისა. მიწოდების ჯაჭვებმა იმუშავა, შეიძლება სრულყოფილად არა, მაგრამ იმუშავა და ეს კიდევ ერთი გაკვეთილი გამოდგა ჩვენთვის. და ბოლოს, ვაჭრობა ძალიან მნიშვნელოვანია ვაქცინაზე თანაბარი წვდომის პრობლემის მოსაგვარებლად. ამიტომ არის მნიშვნელოვანი მიწოდების ჯაჭვის, ტექნოლოგიების გაცვლისა და საკუთრების უფლების საკითხები.“

გასული წლის განმავლობაში ისმოდა მოწოდება საკუთარი წარმოების გაზრდის, მეტი ავტონომიისა და ე.წ. თვითკმარი ვაჭრობისკენ. მართლაც, ხომ არ უნდა გადავხედოთ გლობალური მრავალმხრივი ვაჭრობის მექანიზმს და თუ ასეა, როგორი უნდა იყოს ახალი მექანიზმი?

ნგოზი ოკონჯო-ივეალა, მსო-ს გენერალურ დირექტორი:

„ჩემი აზრით,  მულტილატერალიზმს უკვე მრავალი დარტყმა მიადგა. ჩვენ ვიხილეთ პროტექციონიზმის ზრდა, რაც გლობალიზაციის გარკვეულმა ნაკლოვანებამ გამოიწვია. როგორც ვიცით, გლობალიზაციის დამსახურებით მილიონობით ადამიანი სიღარიბიდან ამოვიდა, მაგრამ მოსახლეობის ნაწილი ვერ სარგებლობს მისი სიკეთით.  ესაა ღარიბი ქვეყნების ღარიბი მოსახლეობა, რომელთა ქვეყნებმაც გლობალიზაციიდან ვერაფერი ისარგებლა. მაგრამ ახალი მულტილატერალიზმი, როგორც თქვენ უწოდებთ, ისე უნდა განვითარდეს, რომ გადაჭრას ყველა ის პრობლემა, რომლებიც გლობალიზაციამ ვერ მოაგვარა, უნდა გააძლიეროს სოლიდარობა და თანამშრომლობა, რაც აუცილებელია იმ საერთო გლობალური პრობლემების მოსაგვარებლად, რომელთა წინაშეც ახლა ვდგავართ.

კიდევ ერთ საკითხს შევეხები. ხალხი პროტექციონიზმზე საუბრობს, ისინი ამბობენ, რომ საჭიროა დეგლობალიზაცია, რომ გლობალიზაცია არ მუშაობს. მე მირჩევნია, ამას შევხედო, როგორც ხელახალ გლობალიზაციას, რომ გლობალიზაციის არსებული გზა შეიცვალოს. ჩვენ უკვე ვნახეთ პირველი ტალღა, როდესაც ჩინეთი და აღმოსავლეთი ევროპა ერთ სისტემაში გაერთიანდნენ, რის შედეგადაც ამ ქვეყნებმაც ნახეს სარგებელი და მსოფლიოს სხვა ქვეყნებმაც. ახლა მეორე ტალღა გვჭირდება, რომელიც აფრიკის, აზიისა და ლათინური ამერიკის საშუალო და დაბალი შემოსავლის მქონე ქვეყნებს გააერთიანებს და გლობალურ სისტემაში ჩართავს. ჩემი აზრით, ეს გლობალიზაციას მეორე სუნთქვას გაუხსნის, რომელიც აღმოფხვრის იმ უთანასწორობას, რომელიც ტექნოლოგიის განვითარებამ და გლობალიზაციის პირველმა ტალღამ მოიტანა. მოდი, ამას შევხედოთ, როგორც გლობალიზაციის განახლებას და მრავალმხრივობის განმტკიცებას. აი, ასე ვხედავ ახალ მულტილატერალიზმს.“

რა ნაბიჯები უნდა გადაიდგას, რომ დეგლობალიზაციის ნაცვლად მივიღოთ ახალი გლობალიზაცია, როგორც თქვენ უწოდებთ.

„უპირველეს ყოვლისა, უნდა დავრწმუნდეთ, რომ მრავალმხრივი სავაჭრო სისტემის ყველა სიკეთეს შევინარჩუნებთ და გავაძლიერებთ, მათ შორის: თამაშის ერთიან წესებს, სამართლიანობას, თანასწორობას და ყველა იმ კომპონენტს, რომლებიც სისტემის სტაბილურობას უზრუნველყოფს.

გარდა ამისა, უნდა მოვიფიქროთ, როგორ შეიძლება, რომ მიკრო, მცირე და საშუალო ზომის საწარმოები მსოფლიოს უმეტეს ქვეყანაში ეკონომიკის ზრდის ძრავად გადაიქცეს. სწორედ ისინი ქმნიან სამუშაო ადგილებს და ცვლიან საქონელს. არადა, ჯერ კიდევ მრავალ ქვეყანაში ეს სექტორი არ მონაწილეობს მრვალმხრივ სავაჭრო სისტემაში. ამიტომ, ჩემი აზრით, განახლებული გლობალიზაციის ერთ-ერთი საკვანძო საკითხი მცირე და საშუალო ზომის ბიზნესის ღირებულებათა ჯაჭვში და მიწოდების ჯაჭვში ჩართვა უნდა იყოს, ისინი მთელ მსოფლიოს აწვდიან საქონელს.

მეორე საკითხია ქალები და ქალთა ვაჭრობა. ქვეყნების უმეტესობაში მცირე და საშუალო საწარმოების ნახევარს ქალები ფლობენ. როგორ უნდა ჩავრთოთ ისინი სრულ ჯაჭვში? როგორი უნდა იყოს ახალი სავაჭრო წესები, რომ მათ გლობალური ეკონომიკის ამ ნაწილს შეუწყონ ხელი? ჩემი აზრით, მსოფლიოს სავაჭრო ორგანიზაციამ სწორედ ამ საკითხებს უნდა მიაქციოს ყურადღება, რომ განახლებული გლობალიზაციის დროს იმათი ინტეგრაცია მოხდეს, ვინც წარსულში გარიყული იყო.“

26 აპრილს, ვაჭრობის დღეს,  თქვენ  ევროკომისარს ვაჭრობის საკითხებში ვალდის დომბროვსკისს Valdis Dombrovskis  მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის რეფორმაზე ესაუბრეთ. თუ შეიძლება, ორიოდე სიტყვით მოგვიყევით, რაზე ისაუბრეთ და რა წვლილი შეიძლება ევროკავშირმა შეიტანოს ამ რეფორმაში?

ნგოზი ოკონჯო-ივეალა, მსო-ს გენერალურ დირექტორი:

„რასაც ევროკავშირი აკეთებს, ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ორგანიზაციისა და მსოფლიო სავაჭრო სისტემისთვის. ამიტომ ჩვენ ერთმანეთს გავუზიარეთ რამდენიმე იდეა, როგორ შეიძლება ევროკავშირი რეფორმაში ჩაერიოს. ჩემი აზრით, ძალიან საინტერესო იდეებია. უნდა დავასრულოთ მიმდინარე მოლაპარაკებები ისეთ საკითხებთან დაკავშირებით, რომლებშიც ჩვენი ორგანიზაციაც ჩაერია, მაგალითად, თევზის რეწვის სუბსიდირების საკითხი და ოკეანის დაცვის საკითხი. ეს ამბავი 20 წელია გრძელდება და მე ვიცი, რომ ევროკავშირსაც და ჩვენი ორგანიზაციის სხვა წევრებსაც ძალიან უნდათ ამ მრავალმხრივი მოლაპარაკებების დასრულება. ამაზე ვისაუბრეთ.  ასევე შევეხეთ მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის დავების მოგვარების სისტემას, რომელიც პარალიზებულია და ვისაუბრეთ, როგორ მოვახდინოთ ორგანიზაციის რეფორმა ისე, რომ მისი წესები 21-ე საუკუნის მოთხოვნებს მოერგოს. როგორ უნდა ვაწარმოოთ ციფრული ვაჭრობა? ევროკავშირი მხარს უჭერს ამ სექტორს. შევეხეთ ვაჭრობისა და კლიმატის ურთიერთკავშირს –  როგორი უნდა იყოს ჩვენი ორგანიზაციის წესები, რომ ეკონომიკამ კლიმატის დაცვასა და გამონაბოლქვის შემცირებას შეუწყოს ხელი და როგორ გამოვიდეთ ამ პანდემიიდან გაძლიერებულები.“

 მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის ყველა წევრი აღიარებს გაეროს მდგრადი განვითარების მიზნებს, რომელთა დიდი ნაწილი სწორედ გარემოს დაცვას ეხება.  როგორ უნდა მოვახერხოთ, რომ ხელახალი გლობალიზაციის გრძელვადიან პროცესში, როგორც თქვენ უწოდებთ, სავაჭრო პოლიტიკა გარემოს დაცვის გამოწვევებს პასუხობდეს?

ნგოზი ოკონჯო-ივეალა, მსო-ს გენერალურ დირექტორი:

„ჩემი აზრით, ვაჭრობას ნამდვილად შეუძლია გამონაბოლქვის შემცირებასა და უფრო მწვანე სამყაროს ჩამოყალიბებას შეუწყოს ხელი. ამის მრავალი გზა არსებობს. უპირველეს ყოვლისა,  ორგანიზაციის წევრები მსჯელობდნენ, როგორ შეიძლება პროდუქციისა და მომსახურების უფრო ეკოლოგიური წარმოების წახალისება. მაგრამ ეს მოლაპარაკებები ჩიხში შევიდა. ამიტომ ახლა ვცდილობთ ამ მოლაპარაკებების გაცოცხლებას და დასრულებას ისე, რომ  ორგანიზაციის წევრებისთვისაც მისაღები იყოს და გარემოსთვისაც. აქ შემოდის ნახშირორჟანგის გამონაბოლქვის პრობლემის მოგვარება სხვადასხვა სავაჭრო მექანიზმის საშუალებით, ასევე იმ მექანიზმებით, რომლებსაც ევროკავშირი განიხილავს. ვცდილობთ, საკითხი ისე მოვაგვაროთ, რომ ყველაფერი ორგანიზაციის წესებთან თანხვედრაში იყოს. თუმცა განვიხილავთ ახალ მექანიზმებსაც, რათა ვაჭრობამ კლიმატურ გამოწვევებს უპასუხოს. ეს ძალიან რთული თემაა და  ევროკავშირთან და სხვებთან თანამშრომლობის იმედი გვაქვს.“

მოკლევადიან პერსპექტივაში, ვთქვათ, ერთიდან სამ წლამდე, რა იქნება თქვენი პრიორიტეტები?

ნგოზი ოკონჯო-ივეალა, მსო-ს გენერალურ დირექტორი:

„ჩემი აზრით, პირველ რიგში,  მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაცია ისეთ ორგანიზაციად უნდა გადავაქციოთ, რომელიც შედეგს დებს. ის მიდგომა, რომ ორგანიზაცია ვერ აღწევს შედეგს, უნდა შეიცვალოს. ამის მიღწევა წელს დეკემბერში ჩანიშნულ მეთორმეტე მინისტერიალამდე  შეიძლება. პირველ რიგში, თევზის რეწვის სუბსიდირების ირგვლივ მიმდინარე მოლაპარაკებების მოგვარება შეგვიძლია, რომელიც 20 წელია გრძელდება.

მე ვთქვი, რომ,  როცა საქმე ჩვენი ოკეანეებისა და მოსახლეობის ლუკმაპურის შენარჩუნებას ეხება, ეს დისკუსია უნდა დავასრულოთ. ეს არის ჩემთვის მთავარი პრიორიტეტი.

შემდეგია ვაჭრობისა და ჯანდაცვის საკითხები, რომლებიც მინდა, შედეგით დასრულდეს. ჩვენ უნიკალური შესაძლებლობა გვაქვს, რომ პანდემიით გამოწვეული პრობლემების გადაჭრას შევუწყოთ ხელი. უკვე გამოჩნდა, რომ მრავალმხრივმა სავაჭრო სისტემამ პრობლემის მოხსნაში წვლილი შეიტანა.

მინდა, გაცილებით მეტი გავაკეთოთ მას შემდეგ, რაც ინტელექტუალური საკუთრების, ტექნოლოგიებისა და ცოდნის გაზიარების ირგვლივ მიმდინარე მოლაპარკებები დასრულდება და გვექნება მექანიზმი, რომელიც სამედიცინო პრეპარატების, აპარატურისა და ვაქცინების მიწოდების პრობლემას მოაგვარებს. ეს ნამდვილად შეიძლება მინისტერიალამდე გადაწყდეს.

და მესამე საკითხია სოფლის მეურნეობა. ეს ჩვენი წევრი ქვეყნებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი სექტორია, იქნება ეს განვითარებადი თუ განვითარებული ქვეყანა. აქ სურსათის უსაფრთხოების საკითხი იკვეთება. როგორც იცით, მრავალმხრივი სავაჭრო სისტემა საკვების მიწოდებას მსოფლიო მასშტაბით უზრუნველყოფს. როგორ უნდა მივიდეთ ისეთ შეთანხმებამდე, რომელიც ჩვენი წვერი ქვეყნებისთვის სოფლის მეურნეობის კუთხით მისაღები იქნება? მოქმედებს სოფლის მეურნეობის შიდა სუბსიდირების მექანიზმი, უხვი სუბსიდირება ხდება, რის გამოც ჩვენი წევრი ქვეყნები შიშობენ, რომ ქვეყნებს შორის თანაბარი ვაჭრობის პირობები დაირღვა. მინდა, ამ საკითხშიც გვქონდეს პროგრესი. და ასევე მინდა, რომ ჩვენი ორგანიზაციის დავების გადაჭრის მექანიზმის საკითხიც გაირკვეს. ასე რომ, მომავალი ერთიდან სამ წელიწადში ორგანიზაციის განახლების უამრავი შესაძლებლობაა.“

ავტორი:  საშა ვაკულინა

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend