მთავარიგადაცემებიSmart Regionsგარდანის სატრანსპორტო ჰაბი

გარდანის სატრანსპორტო ჰაბი

სოფელი გარდანი  საფრანგეთში ორი დიდი ქალაქის ექს-ან-პროვანსისა და მარსელის დამაკავშირებელი სატრანსპორტო კვანძია. ეს ქალაქები საფრანგეთის ყველაზე დიდ მეტროპოლიას ქმნიან.

გარდანის  რკინიგზის სადგურზე ორწლიანი სარემონტო სამუშაოები წლის დასაწყისში დასრულდა  და ძველი სადგური თანამედროვე სატრანსპორტო ცენტრად გადაიქცა. ახალ სადგურზე ადგილი ყველა სატრანსპორტო საშუალებას ეთმობა, იქნება ეს ავტობუსი, ველოსიპედი, მატარებელი თუ ტაქსი. აქვეა ავტოსადგომიც.

დანიელ დომენიკალი ამ ჰაბით ყოველდღე სარგებლობს და ძალიან კმაყოფილია.


დანიელ დომენიკალი, მგზავრი:

“ჩემი აზრით, ეს სატრანსპორტო ჰაბი ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან საზოგადოებრივი ტრანსპორტის გამოყენებას ახალისებს.  მარსელში ავტომობილით თუ მიდიხარ, დილის 7-დან ათის ნახევრამდე გზაში 45 წუთი გჭირდება, რაც ჰაერის დაბინძურებას იწვევს. ეს სირცხვილია.“

ავტოსადგურში პლატფორმების რაოდენობა 6-დან 9-მდე გაიზარდა. ველოსიპედების სადგომზე 56 ადგილია, ავტოსადგომის ფართობი კი გასამმაგდა. სარემონტო სამუშაოები  11 მილიონ 56 ათასი ევრო დაჯდა, რომლის 27 პროცენტი ევროპის რეგიონული განვითარების პოლიტიკის ფარგლებში დაფინანსდა, 73 პროცენტი კი საფრანგეთის ბიუჯეტმა გაიღო.

ადგილობრივებს იმედი აქვთ, რომ სატრანსპორტო კვანძის განახლების შედეგად გარდანში მეტი სტუმარი ჩავა. ეს პროექტი ეკოლოგიური თვალსაზრისითაც მომგებიანია.

მუნიციპალიტეტების საოპერაციო პროექტების მენეჯერი კატერინ ფაბრი განმარტავს, რომ ახალ ავტოსადგომზე თანამედროვე ეკოლოგიური სტანდარტებიც გათვალსიწინებულია.

კატერინ ფაბრი:

„ ავტოსადგომის 6 პროცენტი, ანუ 20 ადგილი, ელექტრომობილების დამუხტვისთვის არის გამოყოფილი. ავტოსადგომის სახურავზე მზის პანელებია დამონტაჟებული. აქ წარმოებული ელექტროენერგიის 80 პროცენტი იყიდება, 20 პროცენტი კი ავტოსადგომს ამარაგებს.“

ძველი ავტოსადგომის განახლების შემდეგ, ტერიტორია გასუფთავდა და მგზავრები ტაქსის მძღოლებს უფრო კარგად ხედავენ.

დიდიე კუსიმანო, ტაქსის მძღოლი:

„სადგურის განახლების შემდეგ, მგზავრები უკეთ გვხედავენ და მეტი სამუშაო გვაქვს.   ავტობუსების საქმეც კარგად მიდის. ადრე ავტობუსების სადგური ცალკე იყო, ახლა კი საკუთარი პლატფორმა აქვთ.“

რაც შეეხება რკინიგზას, აქ მატარებლების რაოდენობა გაიზარდა და მატარებელი უფრო ხშირად, ყოველ 15 წუთში მოდის. სამირა მარსელში ყოველდღე დადის და ეს ძალიან აწყობს.

სამირა ბერეკამა, მგზავრი:

„ახლა მატარებელი ხშირად დადის და დაგვიანების გამო აღარ ვღელავ.“

ევროპამ მიმდინარე წელი რკინიგზის წლად გამოაცხადა და ევროპის სამხრეთით რკინიგზის განახლება ეკოლოგიასა და უსაფრთხოებას ერთნაირად ემსახურება.

ავტორი: ავრორა ველესი

 

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend