საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ცხოვრება სულ უფრო მეტად რთულდება. იქ მცხოვრებ მოქალაქეებს სრულად არ მიუწვდებათ ხელი ჯანდაცვის სერვისებზე, საგანმანათლებლო პროგრამებზე.
მათთვის ხშირად პირველადი საჭიროების ნივთები და მედიკამენტებიც კი პრობლემურია. ისინი საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე მოსახვედრად ხშირად გადიან სახიფათო გზას.
გზა საქართველოდან საქართველოსკენ ძალიან სარისკოა. ჩვენი რეპორტაჟის გმირები გალელი ახალგაზრდები არიან, რომლებიც თბილისში ცხოვრობენ, მათი ოჯახები კი ოკუპირებულ აფხაზეთში.
მათმა ნაწილმა ინტერვიუს დროს ვინაობის გამხელა არ ისურვა. როგორც ამბობენ, გამყოფ ზოლს მიღმა დარჩენილ ოჯახებს უფრთხილდებიან.
წიგნს, რომელიც ირაკლი შამათავამ ცოტა ხნის წინ გამოსცა 271-ე გვერდზე ყველაზე ხშირად ფურცლავს.
აქ მისი დამწვარი სახლის სურათია. 2 წელია აფხაზეთი არ უნახავს. ახლა მხოლოდ წერაა შესაძლებელი მშობლიურ მხარეზე.
“ზაფხულში მამიდა გარდამეცვალა და ვერანაირი მეთოდით ვერ შევძელი იქ ჩასვლა. ზოგჯერ დამხვედრსაც ეშინია, ვინც გზას გასწავლის და ამ ბილიკებზე გატარებს. ვერ გავრისკეთ ვერცერთმა, რომ ჩავსულიყავით. ენგურთან ვიდექით ნათესავები – მამიდები, მამიდაშვილები, ბიძები და მდინარიდან 7 კილომეტრში, ექოებით ვტიროდით მიცვალებულს. აი აქ ხვდები, როგორი მრისხანეა ოკუპაცია” ,- ამბობს მწერალი ირაკლი შამათავა.
ოკუპაცია პანდემიისას განსაკუთრებით მძიმე აღმოჩნდა. მდინარე ენგურს იქით დარჩენილ პრობლემებზე, ახალგაზრდები საუბრობენ. გალელი ახალგაზრდები, რომლებიც ვინაობას ვერ ამხელენ. ამას თავის მიზეზი აქვს. აფხაზეთში მცხოვრებ მათ ოჯახებს კიდევ უფრო მეტი პრობლემა არ უნდა შეექმნათ.
“ამ უიმედოდ დარჩენილ ადამიანებს, კიდევ უფრო უიმედოდ ვტოვებთ, როცა აქედან ჩვენს ხმას ვერ ვაგონებთ. ყველაზე მეტად თანადგომის ნაკლებობა ახლა, კარანტინის დროს გამოჩნდა. წელიწად-ნახევარია მიმოსვლა არ არის. ბოლოს ერთ-ერთმა აფხაზურმა გამოცემამაც გამოაქვეყნა ინფორმაცია, რომ 3 ათასამდე ადამიანი ცდილობდა 4-5 თვის განმავლობაში ენგურის გადმოლახვას. ისინი ცდილობდნენ მათი ხმა ჩვენამდე მოსულიყო. იქ უბრალოდ თავის მოვლის საშუალებებიც კი სანატრელია. იქ სრული 90-იანებია. ბაზრობაც კი კვირაში ორჯერ არის. არც ტანისამოსის არჩევის ფუფუნებაა. იქ უბრალოდ არჩევანი არ არის, რომ ერთი არ მოგეწონოს და მეორე ნახო. ან ერთი მაღაზია არ მოგეწონოს და სხვაგან წახვიდე”, – ამბობს გოგო გალიდან, რომელიც თბილისში ცხოვრობს და ოკუპირებულ აფხაზეთს პერიოდულად სტუმრობს.
ხმა აფხაზეთიდან რთულად ისმის. ქართულად კიდევ უფრო რთულად. იქ სკოლებში ქართული ენის სწავლება დიდი ხანია აკრძალეს. ეს დღე კარგად ახსოვს საქართველოს მოქალაქეს აფხაზეთიდან, რომელმაც სკოლა გალში დაამთავრა.
“კარგად მახსოვს ზუსტად ამ დღეს გადავედით “ვეფხისტყაოსანზე”. მასწავლებელმა შესავალი აგვიხსნა და წავედით სახლში. ვამზადებთ გაკვეთილს, მეორე დღეს უნდა ჩავაბაროთ და უცებ გვაფრთხილებენ, რომ ქართული წიგნები სკოლაში აღარ უნდა წავიღოთ. გვითხრეს, რომ მორჩა, ქართულის გაკვეთილი აღარ ჩაგვიტარდებოდა. ეს იყო ისეთი გრძნობა, რომ ვიხსენებ, ახლაც კი მბურძგლავს. წარმოიდგინეთ, იმ დღეს ქართულის მასწავლებლის ნაცვლად შემოვიდა რუსულის მასწავლებელი. ჩვენ, რა თქმა უნდა, არაფერს ვერჩოდით არც რუსულს და არც მასწავლებელს, მაგრამ ეს საშინელი გრძნობა იყო” – ამბობს თბილისში მცხოვრები ახალგაზრდა, ოკუპირებული გალიდან.
სკოლის შემდეგ უფრო რთული გზა იწყება. სტუდენტობა თბილისში. ოკუპირებულ მიწაზე დარჩენილი ოჯახის წევრების მონატრება. გაპარვა სახლში. მდინარე ენგური, ფეხით გავლილი უამრავი სახიფათო ბილიკი. ბილიკები, რომლებსაც ისინი სამშობლოდან სამშობლოში მიჰყავს. ხშირად ღამით. ღამით, იმიტომ რომ ოკუპანტებმა რთულად შეამჩნიონ.
“ე.წ. საზღვარზე გადაპარვის შემდეგ ერთადერთი, რაც სახლში მისულმა გავაკეთე, ვიტირე. ეს იყო დაგუბებული ცრემლი, ბრაზი… ბრაზი იმის, რომ ამის გაკეთება ჩემს მიწაზე მიწევს. ამოვხეთქე არაადამიანური, ცხოველური ხმით. ვბღაოდი… მაშინ მშობლებს დავემუქრე ძალიან ცუდად, რომ აღარასოდეს მივიდოდი და არასდროს ეთხოვათ, კიდევ ჩავსულიყავი. ამ სტრესის მერე ვეღარ წარმომედგინა, რომ ასეთ გზას კიდევ გავივლიდი. თუმცა იქ გატარებული 5-10 დღეც კი იმდენად ძვირფასია, რომ რამდენიმე თვეში ეს ყველაფერი გავიწყდება. მე მას შემდეგ კიდევ უამრავჯერ გადავცურე ენგური…” – ამბობს გოგო ოკუპირებული გალიდან, რომელიც აფხაზეთში იშვიათად ახერხებს ჩასვლას.
ნანუკა მეშველაშვილი
რეპორტაჟში გამოყენებულია კადრები ანუნა ბუკიას ფილმიდან “მე გადავცურე ენგური”.