ანა ტრაპაიძე დიღმის ჭალების მახლობლად ორი წლის წინ გადავიდა საცხოვრებლად. როგორც თავად ჰყვება, მისი სახლის წინ რაღაც სამუშაოები მიმდინარეობდა, მას ეგონა, რომ აქ პარკი უნდა გაშენებულიყო, თუმცა მოგვიანებით აღმოჩნდა, რომ ეს ადგილი უკანონო კარიერი და ნაგავსაყრელია. როცა ვითარება გააცნობიერა, ანამ ეკოაქტივიზმი დაიწყო.
„ამ ტერიტორიაზე უკანონო ნაგავსაყრელი იყო, ამას უკანონო კარიერული სამუშაოებიც დაემატა. დაახლოებით 15 ჰექტარზე მიმდინარეობდა ეს სამუშაოები. დარჩენილი კრატერები სამშენებლო ნარჩენებით ივსებოდა. ეს სამუშაო ნარჩენები ჭალის მიმდებარე მდელოებსა და ტყეშიც დაყარეს, რის შედეგადაც ტყის 75% გაჩანაგდა“, – ამბობს ეკოაქტივისტი.ეკოაქტივისტმა „ღია საზოგადოება – საქართველოს“ კვლევაში მიიღო მონაწილეობა. გაირკვა, რომ უკანონო სამუშაოებმა ზარალი მიაყენა გარემოს, ამ რეგიონის ბიომრავალფეროვნებას, ცხოველებსა და მოსახლეობის ჯანმრთელობას.
კვლევაში აღწერილია დიღმის ჭალებში არსებული მდგომარეობა. ფონდის მიზანია, საზოგადოებამდე მიიტანოს ინფორმაცია სავალალო ეკოლოგიური მდგომარეობის შესახებ, რასაც შესაბამისი რეაქცია უნდა მოჰყვეს სახელმწიფოს მხრიდან.
ფონდი „ღია საზოგადოება – საქართველოს“ წარმომადგენლის ანანო ცინცაბაძის თქმით, ფონდი მხარს უჭერს დიღმის ჭალების გასუფთავებასა და საჯარო სივრცედ ქცევას.
„ამ ადგილას წარმოდგენილია ძლიერი სამეზობლო თემი. მათ აქვთ სურვილი, უნარი და ძალა, რომ ამ საჯარო სივრცის გადასარჩენად იბრძოლონ. ამიტომ ჩვენ ვცდილობთ, ფართო საზოგადოებას გავაგებინოთ ამ საჯარო სივრცის მნიშვნელობა. ამასთან, სახელმწიფოს, კონკრეტულად კი მუნიციპალიტეტს, მოვუწოდოთ, რომ ეს სივრცე უნდა გადარჩეს, შენარჩუნდეს და დაუბრუნდეს საზოგადოებას“, – აღნიშნა ანანო ცინცაბაძემ „ევრონიუს ჯორჯიასთან“ საუბრისას.
დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის მიხედვით, დიღმის ჭალების მახლობლად პარკი უნდა გაშენდეს. მაგრამ გეგმის მიხედვით, პარკი 15 ჰექტარს მოიცავს, მაშინ, როდესაც დიღმის ჭალების ტერიტორიაზე დაახლოებით 64 ჰექტარი ტყით იყო დაფარული.
მერიაში აცხადებენ, რომ ნაგავსაყრელების პრობლემა მხოლოდ მუნიციპალიტეტის პრობლემა არ არის და ამაზე სხვა სახელმწიფო სტრუქტურებმაც უნდა იზრუნონ.
თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის უფროსის გიგა გიგაშვილის განცხადებით, დედაქალაქში ძალიან ბევრი ტერიტორიაა, სადაც სტიქიურად აწყობენ ნაგავსაყრელებს, რაც დედაქალაქის ერთ-ერთი პრობლემაა.
„ეს იმ სოციალური ფონის გათვალისწინებით ხდება, რომელიც დღეს ქვეყანაში არსებობს. შესაბამისად, ჩვენ ნარჩენების მართვის კუთხით გვაქვს სტრატეგია, რომელიც მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში ყველა სტიქიური ნაგავსაყრელის იდენტიფიცირებას ითვალისწინებს, შემდგომ კი მათი დახურვის პროექტის მომზადებასა და მის განხორციელებას. შესაბამისად, თუ სადმე, მათ შორის დიღმის ჭალებში, არსებობს სტიქიური ნაგავსაყრელი, რა თქმა უნდა, მასზე შესაბამისი პროექტი და შესაბამისი სამსახურები იმუშავებენ“, – განაცხადა გიგა გიგაშვილმა.
გენგეგმის მიხედვით, დიღმის ჭალების ტერიტორიას სარეკრეაციო ზონის სტატუსი აქვს, რაც მის დასაცავად საკმარისია. კვლევის მიხედვით, დიღმის ჭალის ტყის უნიკალური ჰაბიტატის 18 ჰექტარი დღემდე შემორჩენილია და მის გადასარჩენად მუნიციპალიტეტის მხრიდან სასწრაფო რეაგირებაა აუცილებელი.
თორნიკე კოპლატაძე