მთავარიევროპასაბერძნეთიბერძნულ კუნძულ კასტელორიზოს მთლიანი მოსახლეობა უკვე აცრილია

ბერძნულ კუნძულ კასტელორიზოს მთლიანი მოსახლეობა უკვე აცრილია

ბერძნულ კუნძულ კასტელორიზოზე მცხოვრებ ყველა ადამიანს ვაქცინა უკვე გაუკეთდა. პანდემიის დროს კუნძულზე კორონავირუსის მხოლოდ ერთი შემთხვევა გამოვლინდა. კასტელორიზოს მოსახლეობა ახლა თავს მშვიდად გრძნობს და იმედს იტოვებს, რომ მალე ტურისტებსაც მიიღებენ. კუნძულის თვითმართველობის განცხადებით, ისინი ვაქცინის სერტიფიკატების სისტემას მხარს უჭერენ.

ვაქცინაციის მიუხედავად, კუნძულის მოსახლეობა მაინც იჩენს სიფრთხილეს. მარია ლაზარაკი ერთ-ერთი პირველი აიცრა. მისი საოჯახო რესტორანი კვლავ დახურულია. ახლა 90 წლის ქალი საკვებს თავის შვილიშვილებს უმზადებს.

 
„ჩვენ ჩაგვიტარდა ვაქცინაცია. ჯერ პირველი დოზა გავიკეთეთ, თხუტმეტი დღის შემდეგ კი – მეორე. მთელი მოსახლეობა აიცრა. საბედნიეროდ, ვირუსს არ მოუღწევია ჩვენს კუნძულამდე. პანდემიამდე ბევრი ტურისტი გვსტუმრობდა, იმედი მაქვს, ისინი მალე დაბრუნდებიან.“ – აცხადებს პენსიონერი მარია ლაზარაკი.

2020 წლის მარტიდან დღემდე კუნძულზე კორონავირუსის მხოლოდ ერთი შემთხვევა გამოვლინდა. დაინფიცირებული სწრაფად მოარიდეს საზოგადოებას, შესაბამისად, ვირუსი თემში არ გავრცელებულა. პანდემიის გამო მეთევზე მიკალის მაცოსი ფინანსურად ძლიერ დაზარალდა. იგი თავის უკმაყოფილებას არ მალავს, თუმცა იმედოვნებს, რომ მომავალში მდგომარეობა გაუმჯობესდება.

„ტურისტები აღარ ჩამოდიან. ჩვენ მარტონი ვართ და თევზიც აღარ იყიდება. იმედი მაქვს, ზაფხულში მაინც გვესტუმრებიან და ფულის შოვნასაც შევძლებ.“ – აცხადებს მეთევზე მიკალის მაცოსი.

ადგილობრივების ნაწილს პირბადეები აღარ უკეთია. მუნიციპალიტეტი სთხოვს მოსახლეობას, მაინც დაიცვას უსაფრთხოების წესები. თვითმართველობის წარმომადგენელთა განცხადებით, ისინი მხარს უჭერენ ვაქცინების სერტიფიკატების სისტემას.

„ვაქცინაციამ ფსიქოლოგიური ფონი ბევრად გააუმჯობესა. ადრე ყველანი ვშფოთავდით და თავს დაუცველად ვგრძნობდით. ვიცოდით, რომ კორონავირუსის ბევრ შემთხვევას ვერ გავუმკლავდებოდით. მგონია, რომ ახლა მდგომარეობა გაუმჯობესდება. ჩვენ მხარს ვუჭერთ ვაქცინების სერტიფიკატებს. ბევრი ადგილობრივი ასეთ საბუთს უკვე ფლობს. აუცილებელია, რომ ეს სერტიფიკატები ტურისტებსაც ჰქონდეთ.“ – აცხადებს კასტელორიზოს მერი სტრატოს ამიგდალოსი.

 

 

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend