მთავარიკუბი„ფეისბუკი მხოლოდ 25 მეგობრის პოსტებს გვაჩვენებს“ - შეცვალა თუ არა სოციალურმა ქსელმა...

„ფეისბუკი მხოლოდ 25 მეგობრის პოსტებს გვაჩვენებს“ – შეცვალა თუ არა სოციალურმა ქსელმა ალგორითმი

სოციალურ ქსელში მომხმარებლების ნაწილმა გაავრცელა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ფეისბუკი მომხმარებელს დაახლოებით 25 ადამიანის გამოქვეყნებულ პოსტებს აჩვენებს.

მომხმარებლების ნაწილმა ერთი და იგივე სტატუსი გამოაქვეყნეს, სადაც აღნიშნავდნენ, რომ თითქოს ფეისბუკმა ალგორითმი შეცვალა და მომხმარებელი მხოლოდ 25 მეგობრის პოსტს ხედავს. ამის გამოსასწორებლად მომხმარებლები ერთმანეთს მოუწოდებდნენ, რომ კომენტარებში სმაილი ან სიტყვა დაეწერათ, რათა მომხდარიყო სისტემის განახლება.

საქმე ისაა, რომ ფეისბუკის ალგორითმის შესახებ ეს ინფორმაცია არ არის ახალი. პერიოდულად ვრცელდება მსგავსი ინფორმაცია, რომ დაახლოებით 25-26 მეგობრის პოსტებს ვხედავთ მხოლოდ. ეს ინფორმაცია თავად ფეისბუკის ადმინისტრაციამ ჯერ კიდევ 2019 წელს უარყო.

ფეისბუკი 2019 წელს წერდა, რომ ეს ყალბი ამბავი უკვე ხუმრობად იქცა (თუმცა მაშინ იყო საუბარი არა 25, არამედ 26 მეგობარზე), თუმცა სოციალური ქსელის ადმინისტრაციამ ჩათვალა საჭიროდ, რომ მაინც გაეკეთებინა ამასთან დაკავშირებით კომენტარი.

 

„არა, ფეისბუკი არ აწესებს შეზღუდვებს მომხმარებლების რაოდენობაზე, რომლებიც ჩნდებიან თქვენს საინფორმაციო კედელზე“, – განაცხადეს ფეისბუკში.

ფეისბუკში აღნიშნავენ, რომ ხვდებიან საიდან გაჩნდა „მითი 25-26 მეგობრის“ შესახებ. საქმე ისაა, რომ კედელზე ინფორმაცია ეწყობა მომხმარებლების ინტერესებიდან გამომდინარე და იმის მიხედვით, რისი ნახვა დაგაინტერესებთ უფრო მეტად. კედლის ალგორითმი ითვლის პოსტების პრიორიტეტებს – ისეთ კონტენტს, რომელიც გამოიწვევს საუბარს. მაგალითად, ლაივ-ვიდეოები ძირითადად იწვევს აქტიურ კომენტარებს და როგორც წესი, კომენტარები დიდ დისკუსიაში გადაიზრდება ხოლმე, ვიდრე ჩვეულებრივი ვიდეო ან პოსტები, რომლებიც ზიარდება მეგობრების, ჯგუფების ან გვერდების მიერ. ამის გამო, ფეისბუკის თქმით, შეიძლება შეიქმნას შთაბეჭდილება, რომ ერთი და იმავე მომხმარებელს ვხედავთ, თუმცა თუ უფრო ქვემოთ „ჩამოვსქროლავთ“ დავინახავთ, რომ სხვებიც გამოჩნდებიან.

რაც შეეხება კომენტარს, მართლაც, თუ ხშირად უწერთ კომენტარს თქვენს მეგობარს, ალგორითმი უფრო ხშირად გაჩვენებთ ამ მეგობარს, რადგან მიაჩნია, რომ ამა და ამ მეგობრის მიერ გამოქვეყნებული პოსტი თქვენთვის საინტერესოა, რადგან ინტერაქციაში შეხვედით მასთან.

ფეისბუკს, ისევე როგორც ნებისმიერ სოციალური ქსელს, არ აქვს ერთი კონკრეტული ალგორითმი, რომლის საშუალებითაც მუშაობს.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend