პანდემიამ მსოფლიოს მასშტაბით მრავალი წარმატებული ბიზნესი დააზარალა და აიძულა, გამოსავალი მოეძებნა.
კომპანია ,,უბერის’’ საკვების მიტანის სერვისმა ბოლო სამი თვის განმავლობაში უფრო მეტი მოგება მისცა კომპანიას, ვიდრე კომპანიის ბიზნესის მთავრმა მიმართულებამ- სატრანსპორტო მომსახურებამ. ეს ფაქტი კარგად აჩვენებს, თუ როგორ შეიცვალა მომხმარებლების დამოკიდებულება პანდემიის დაწყებიდან დღემდე და როგორ შეძლო კომპანიამ ახალ რეალობასთან ადაპტაცია.
სან ფრანცისკოში დაფუძნებულმა კომპანიამ მიმდინარე წლის პირველ 3 თვეში 1 მილიარდ აშშ დოლარზე მეტი ზარალი ნახა. წაგება 30 სექტემბრამდე გაგრძელდა, რადგან მომხმარებელი ჯერ კიდევ თავს იკავებდა საერთო მოხმარების ტრანსპორტით სარგებლობისაგან.
,,ეჭვგარეშეა, რომ პანდემიამ მსოფლიოზე ძალიან დიდი გავლენა მოახდინა და ჩვენმა კომპანიამაც სწრაფად მოახერხა გამოსავლის პოვნა,’’ – განაცხადა კომპანია „უბერის“ გენერალურმა დირექტორმა დარა ხოსროვშაჰმა ხუთშაბათს ინვესტორებთან გამართული საკონფერენციო შეხვედრის დროს.
„უბერმა“ მიმდინარე წელს 3.13 მილიარდი აშშ დოლარის შემოსავალი მიიღო, რაც გასული წლის მაჩვენებლზე 18 პროცენტით ნაკლებია. ამ შემოსავლიდან 1.37 მილიარდი აშშ დოლარი კომპანიის ისეთ ბიზნესსაქმიანობებზე მოდის, როგორებიცაა მგზავრების გადაყვანა სკუტერებითა და ველოსიპედებით, რაც, წინა წლის მაჩვენებელთან შედარებით, 53%-ით ნაკლებია. მიუხედავად მკვეთრი შემცირებისა, სატრანსპორტო მომსახურების ბიზნესი ზაფხულიდან შედარებით გაუმჯობესდა და კომპანიამ 790 მილიონი აშშ დოლარის შემოსავალი მიიღო.
,,მგზავრების გადაყვანის ბიზნესის მუშაობა დაკავშირებულია ამა თუ იმ ქალაქში დადგენილი საკარანტინო შეზღუდვების დონესთან.
,,როდესაც ქალაქები იხსნება, „უბერის“ საქმიანობაც იზრდება. ქალაქ ნიუ-იორკში, სადაც ბოლო თვეებში კოვიდ-19-ის გავრცელებას უფრო ეფექტურად აკონტროლებენ, ვიდრე სხვა ქალაქებში, ჯავშნების რაოდენობა წინა წლის ოქტომბრის მაჩვენებელთან შედარებით 63%-მდე გაიზარდა” – განაცხადა ,,უბერის“ გენერალურმა დირექტორმა. მისი მოლოდინით, „უბერის“ სატრანსპორტო მომსახურება გაცილებით სწრაფად აღდგება, ვიდრე საზოგადოებრივი ტრანსპორტის ან ტაქსის კომპანიები.