სამი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსის პანდემიის შესახებ განაცხადა. გამოცხადდა განგაშის უმაღლესი დონე. ვირუსმა თითქმის 7 მილიონი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. მხოლოდ ევროპაში 2 მილიონი ადამიანი დაიღუპა. თუმცა ზოგიერთი ექსპერტის აზრით, ეს არასრული მონაცემებია.
2020 წელს მძიმე ვითარება იყო, თუმცა უპრეცედენტოდ მოკლე დროში შეიქმნა ვაქცინები და სიტუაცია ნელ-ნელა გაუმჯობესდა.
საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი ჯეფრი ლაზარუსი აღნიშნავს, რომ ომიკრონის რამდენიმე ქვევარიანტი ახლაც ცირკულირებს და ამ ვირუსით ათასობით ევროპელია ინფიცირებული. თუმცა სამეცნიერო საზოგადოება ახლა ყველაზე მეტად პოსტკოვიდის სინდრომის საკითხზე ღელავს.
პროფესორი ჯეფრი ლაზარუსი აღნიშნავს, რომ მილიონობით ევროპელს ხანგრძლივი კოვიდის პრობლემა აწუხებდა და ახლაც აწუხებს. ზუსტი რაოდენობა მათთვის უცნობია. ჯეფრი ლაზარუსს მიაჩნია, რომ ეს ევროპული ჯანდაცვის სამსახურებისთვის ერთ-ერთი მთავარი საკითხია და თვლის, რომ აუცილებელია ხანგრძლივი კოვიდის შემთხვევების მონიტორინგი, რადგან საქმე საკმაოდ სერიოზულია.
ჯერჯერობით არ არის დადასტურებული, რამდენად რეკომენდებულია ხანგრძლივ კოვიდთან საბრძოლველად ვაქცინები. საბერძნეთმა, გერმანიამ და ესპანეთმა გარკვეულ ადგილებში ხელახლა შემოიღეს ნიღბის ტარების ვალდებულება, თუმცა ეს წესიც მალე გაუქმდება.
პროფესორი ლაზარუსი საზოგადოებას სიფხიზლისკენ მოუწოდებს და აფრთხილებს, რომ პანდემია ჯერ არ დასრულებულა.
ლაზარუსი აღნიშნავს, რომ მიუხედავად ყველანაირი მცდელობისა, ისინი არ იყვნენ მზად ამ პანდემიისთვის. ეს მოსახლეობისთვის და ზოგიერთი მთავრობისთვისაც მოულოდნელი იყო. ისინი მხოლოდ ახლა ხვდებიან, თუ რამდენად მნიშვნელოვანია მზადყოფნა.
მეცნიერები საზოგადოებას აფრთხილებენ, რომ კოვიდ-19, სავარაუდოდ, შეემატება არსებულ დაავადებებს.
ამავე დროს, მოსალოდნელია სხვა პანდემიებიც, რომლებიც ადამიანებთან და ცხოველებთან სიახლოვით, კლიმატის ცვლილებითა და ინტენსიური მეურნეობით არის განპირობებული.